კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ჯარისკაცებმა ხმა გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატს მისცეს

4 ოქტომბერი, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, როგორც მაჟორიტარული ასევე პროპორციული სიით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. კოალიცია „ქართული ოცნების“ გარდაბნის შტაბში ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებზე  კერძოდ კი მაჟორიტარის არჩევაზე, დიდი  გავლენა მოახდინა ვაზიანის სამხედრო ბაზის შედეგებმა.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ვაზიანის სამხედრო ბაზის ჯარისკაცებმა ხმა გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატს მისცეს, რაც კანონის დარღვევაა.

Humanrights.ge საკითხის გასარკვევად გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიას ესტუმრა. ადგილზე ოლქის მდივანმა აგვიხსნა, რომ სამხედროებმა მართლაც არჩევნებზე ორი ბიულეტენი მიიღეს და შესაბამისად, ხმა გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატსაც  მისცეს. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში მიაჩნიათ, რომ სამხედროებს ამის უფლებას საარჩევნო კოდექსი აძლევთ.

საარჩევნო კოდექსისი მე-5 პუნქში კი ვკითხულობთ: „ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს: ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას – ერთი და იმავე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე“.

შესაბამისად, ლოგიკურია, თუ ამ კანონის მიხედვით ვიტყვით, რომ ქვეყნის სხვა რეგიონების საარჩევნო ოლქში მცხოვრებ სპეციალურ სიაში შეყვანილ ამომრჩევლებს, ხმა მათი დროებითი საცხოვრებლის, ანუ სამხედრო ბაზის ადგილსამყოფელის  მიხედვით არ უნდა მიეცათ.

„დემოკრატიისა და ბიზნესის განვითარების ინსტიტუტის“ დამკვირვებლის დ. კუპრეიშვილის საჩივარში ვკითხულობთ: „დამკვირვებლის სტატუსით ვიმყოფებოდი ვაზიანის №65 სპეციალურ საარჩევნო უბანზე. დავაფიქსირე შემდეგი დარღვევა: სამხედროები მონაწილეობდნენ, როგორც პროპორციულ ასევე მაჟორიტარულ არჩევნებზე. უბანზე ხელმძღვანელობდნენ საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. საუბნო საარჩევნო კომისიებს უნდა ეხელმძღვანელათ 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით. მე ავუხსენი უბნის ხელმძღვანელს, რომ მე-7 პუნქტი, რითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ, ეხებოდა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სურდათ ხმის მიცემა თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ამ შემთხვევაში  კანონი კონკრეტულად განსაზღვრავს ამისთვის საჭირო პროცედურებს. მან კი საპასუხოდ განაცხადა, რომ საოლქოსგან  ჰქონდა ზეპირი დავალება მიღებული,  რომ სამხედროებისთვის ორივე ბიულეტენი უნდა  გადაეცა“.

კუპრეიშვილს სამხედრო უბნებთან დაკავშირებით სამი საჩივარი აქვს დაწერილი. ის საჩივრებში უთითებს, რომ უბნის კომისიების ხელმძღვანელებმა მიიღეს მისი შენიშნვა, მაგრამ ამის მიუხედავად, ხმების დათვლისას შენიშვნა არ გაითვალისწინეს.

გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში დავინტერესდით დ. კუპრეიშვილის   საჩივრის ბედით. აგვიხსნეს, რომ საოლქო საარცევნო კომისიამ არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამი საარჩევნო უბანი მოქმედებდა №64, 65, 66. აღნიშნულ უბნებზე სამხედროებმა ხმები ორივე ბიულეტენების გამოყენებით მისცეს. ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ კი ბიულეტენები დასათვლელად №33, 34 და 38 უბნებზე გადაიტანეს. 

„დემოკრატიისა და ბიზნესის განვითარების ინსტიტუტის“ დამკვირვებელი თავის საჩივრებში უთითებდა, რომ წინააღმდეგი იყო, სამხედროების ხმები შეერიათ სხვა უბნის ამომრჩევლების ხმებში. საჩივრებში ჩანს, რომ დამკვირვებლის მხრიდან მოხდა ამის შესახებ საუბნო კომისიების წინასწარ გაფრთხილება და რადგან გაფრთხილების მიღების დროს სამხედრო უბნების ბიულეტენები სხვა უბნის ხმებთან შერეული არ იყო - საკითხის მოგვარება კიდევ, შესაძლებელი იყო.

დამკვირვებლის  პროტესტი  არავინ გაითვალისწინა და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებმა  და რეგისტრირებულმა სამხედროებმა  ხმა, მაინც გარდაბნის მაჟორიტარს მისცეს. ცესკოს უკანასკნელი მონაცემებიდან ჩანს, რომ გარდაბანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ფეიქრიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 57,04 % მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მამუკა არეშიძემ კი – 40,61 %.

ახალი ამბები