კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნების გაყალბების ფაქტზე პროკურატურას საჩივრით მიმართავს

4 ოქტომბერი, 2012

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებდა, პროკურატურაში სიღნაღის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრების და თანამშრომლების მიმართ არჩევნების გაყალბების ფაქტზე საჩივრის შეტანას გეგმავს.

4 ოქტომბერს სოფელ ვაქირის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბიჭიკო ჯებირაშვილმა და კომისიის წევრებმა, საოლქო–საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაადასტურეს, რომ მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც სიღნაღში არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი იგებს, გაყალბებულია. კომისიის წევრებმა გამყალბებლებიც დაასახელეს.

ცესკო–ს მონაცემებით, საპარლამენტო მაჟორიტარულ არჩევნებში, სიღნაღის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა“ ლევან ბეჟაშვილმა გაიმარჯვა 48,7%–ით (10 124 ხმა). „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს გელა გელაშვილს 47,19% (9 811 ხმა) აქვს. ცესკოს–ს მონაცემებით, ბეჟაშვილი გელაშვილს 313 ხმით უსწრებს.

„ქართული ოცნება“ სადავოდ ხდის N5 ვაქირის საარჩევნო უბნის მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ცესკო–ს ვებგვერდზე ატვირთული აღნიშნული უბნის ოქმის მიხედვით, ლევან ბეჟაშვილს 436 ხმა აქვს მიღებული, გელა გელაშვილს კი 146. ოქმი 2 ოქტომბრით, 01:25 საათით არის დათაღირებული, თუმცა მას კომისიის 5 წევრის ხელმოწერა არ აქვს.

არსებობს ვაქირის მე–5 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი მეორე ოქმიც, რომელსაც კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა აქვს, ბეჭდითაც დამოწმებულია და რომლის მიხედვითაც ლევან ბეჟაშვილს 207 ხმა აქვს მიღებული, ხოლო გელა გელაშვილს 377 ხმა. არჩევნების შედეგების ამ ოქმით შეჯამების შემთხვევაში, საერთო ჯამში ლევან ბეჟაშვილი 9 895 ხმას იღებს, ხოლო გელა გელაშვილი 10 042 ხმას.

კოალიციის წარმომადგენელი ზვიად გოგალაძე სიღნაღის საოლქო – საარჩევნო კომისიაში შეტანილ საჩივარში აღნიშნავს: „№5 ვაქირის საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი „ყალბი“ შემაჯამებელი ოქმი, შედგენილია არარეალური მონაცემების დაფიქსირებისათვის, კერძოდ - ამ ოქმის მიხედვით, მაჟორიტარ კანდიდატს გელა გელაშვილს დაკლებული აქვს 231 ხმა დეპუდატობის კანდიდატის, ლევან ბეჟაშვილის სასარგებლოდ. აქტის დამოწმება შეუძლიათ არჩევნების დღეს ხმების დათვლისას №5 საარჩევნო უბანში მყოფ პირებს: საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან მყოფ დამკვირვებლებს. უფრო მეტიც თვით კომისიის წევრებს“. საჩივრის ავტორი ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმის არარად აღიარებას და არჩევნების შეჯამებას მათ მიერ წარდგენილი ოქმის მიხედვით ითხოვდა.

სიღნაღის საოლქო – საარჩევნო კომისიამ საჩივარი 3 ოქტომბერს განიხილა. სხდომა ხმაურით წარიმართა. კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებში ცესკოს– წარმომადგენელი ერეოდა და პრაქტიკულად სხდომას ის წარმართავდა. სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, შენობის წინ, სადაც კომისიის ოფისია, ასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი სკანდირებდნენ, რომ კომისიას ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ზვიად გოგალაძის წარდგენილ ოქმს გაურკვეველი წარმოშობის ოქმი უწოდა. ამის შემდეგ კომისიის წევრებს ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირინა იმერლიშვილმა იგივე ოქმი წარუდგინა, ოღონდ კომისიის ბეჭდის ორიგინალით დამოწმებული.

http://www.youtube.com/watchfeature=player_embedded&v=E2cNaV8TUvI

სხდომაზე ახსნა–განმარტება მისცა ვაქირის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბიჭიკო ჯებირაშვილმა. მისი თქმით, კენჭისყრის შედეგად ვაქირში 377 ხმა მიიღო გელა გელაშვილმა და 207 ლევან ბეჟაშვილმა. მისივე განცხადებით, ოქმი, რომელიც საოლქო კომისიაში წარადგინეს, გაყალბებულია თვით საოლქო კომისიის მიერ. „არჩევნები ჩვეულებრივად ჩავატარეთ. საღამოს ჩვეულებრივ გავხსენით ყუთები, დაითვალა ხმები. მთვლელები დავაყენეთ ცალკე, 2 მეტრის მოცილებით დავაყენე დამკვირვებლები, როგორც წესია. დაითვალა ხმები 1, მე– 2, მე–3 გადანაწილდა, მათ შორის ამოვიდა ხმათა რაოდენობა ასეთი. 207 იყო ნაციონალებისა, ორივე მაჟორიტარულიც და პროპორციული. 377 იყო ოცნებისა. არჩევნების დასრულების შემდეგ დავურიგე კომისიის ყველა წევრს ოქმი, ყველაფერი ეწერა რა როგორ იყო“, – განაცხადა ბიჭიკო ჯებირაშვილმა.

http://www.youtube.com/watchfeature=player_embedded&v=I5NhjQMKLqo

კახეთის საინფორმაციო ცენტრის სტატიის სრული ვერსია, ასევე ფოტო და ვიდეომასალები იხ. ლინკზე: http://ick.ge/ka/articles/12620--photos-videos.html 

ახალი ამბები