კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნება“ გიორგი ღვინიაშვილისთვის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს

11 ოქტომბერი, 2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კოალიცია „ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილს, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სასამართლოში უჩივის და მისთვის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს.

„2012 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 14 საათზე, გურჯაანის საარჩევნო შტაბში მოვიდნენ სოფელ კარდენახში მცხოვრები ამომრჩევლები გელა მაისურაძე, ნუგზარ შაკიაშვილი და გიორგი ბერიკელაშვილი, რომლებმაც შტაბის უფროსს გრიგოლ ბერაძეს მიმართეს, რომ აღმოეჩინა დახმარება კახეთის ხელმძღვანელობის მიერ შეცდომაში შეყვანილი მოსახლეობისთვის. კერძოდ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ანუ დაახლოებით აგვისტოს ბოლოს, სოფელში მცხოვრებმა საარჩევნო ხმის უფლების მქონე 93–მა ადამიანმა, რომელთაც სხვადასხვა ბანკებიდან აღებული ჰქონდათ მიზნობრივი სესხები, მიმართეს ქალაქ თელავში, კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი სიბაშვილს, რომ მომხდარიყო მათ მიერ აღებული სესხების გადახდის გადავადება. გიორგი სიბაშვილი დაპირდა მათ, რომ ყველას გადაუვადებდნენ ბანკის ვალის გადახდის დროს და აღნიშნულს გააკეთებდნენ იმის მსგავსად, რაც სახელმწიფომ ოფიციალურად გაუკეთა გურჯაანის რაიონში 2012 წლის 19 ივლისს სტიქიისგან დაზარალებულებს. როგორც ცნობილია, კარდენახი სტიქიური უბედურების ზონაში არ შედიოდა. სესხების გადავადების სანაცვლოდ, სიბაშვილმა მათგან მოითხოვა, რომ პირადად და თავისი ოჯახის წევრებით ხმას მისცემდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილს. ამასთან, აქტიურად ამოუდგებოდნენ მხარში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხმას მიაცემინებდნენ სხვა ამომრჩეველსაც. აღნიშნული დაპირება უნდა შესრულებულიყო ბანკების მიერ მათთვის პირველივე სესხის დაფარვის მომენტისთვის, რაც ზოგიერთი კარდენახელისათვის აღმოჩნდა არჩევნების წინა დღეები. 1 ოქტომბრამდე ბანკებს მართლაც აღარ შეუწუხებია კრედიტორები და არ მოუთხოვიათ სესხების დაფარვა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, თითქმის ყველა ბანკმა ამ მოვალეებს შეატყობინა, რომ მათ პროცენტებს გადაცილებული ჰქონდა ვადა და ამისათვის ერიცხებოდათ პირგასამტეხლო. ამაზე აღშფოთებული ხალხი მივიდა გიორგი ღვინიაშვილთან, რომელმაც საქმის მოგვარება დაავალა ზაქრო იაგანაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მისი საარჩევნო შტაბის უფროსს. როცა გიორგი ღვინიაშვილმაც ვერ მოუგვარა აღნიშნული საკითხი, განაწყენებული კარდენახელები, რომელთაც მოსყიდვის გამო ხმა მიცემული ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და გიორგი ღვინიაშვილისთვის, მოვიდნენ ჩვენთან, ანუ „ქართული ოცნების“ ოფისში და ითხოვეს დახმარება, რაზედაც ვუპასუხეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება იყო უკანონო და ამ საკითხს გავარკვევდით კანონის შესაბამისად“, – აღნიშნავს მანანა ბერიკაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, აკრძალულია საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);

„ჩვენს შემთხვევაში, მოქალაქეებს 1 წლის ვადით სესხის გადავადების შემთხვევაში პირად საკუთრებაში დარჩებოდათ პროცენტების სახით გადასახდელი. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად, სასამართლოში დაბარებულია 6 პირი. სარჩელით ვითხოვთ, რომ დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილს რეგისტრაცია გაუუქმდეს“, – აცხადებს მანანა ბერიკაშვილი.

კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი სიბაშვილი მანანა ბერიკაშვილის ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, გუბერნატორის ადმინისტრაციაში ათასობით მოქალაქის განცხადებაა რეგისტრირებული სტიქიით გამოწვეული ზარალის გამო სესხების გადავადების თაობაზე. „როგორც ჩანს ეგ ადამიანები იტყუებიან, თუ სტიქიით არ დაზარალებულან, მაშინ რატომ მოგვმართეს? ჩემი მხრიდან დახმარების გაწევის სანაცვლოდ არავითარ მოთხოვნას, რომ არჩევნებში რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის დაეჭირათ  მხარი, ადგილი არ ჰქონია“, – განუცხადა გიორგი სიბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

გურჯაანის რაიონული სასამართლო სარჩელის განხილვას, დღეს, 13:00 საათზე დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობა 37 338-მა ამომრჩეველმა მიიღო. მაჟორიტარულ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი 51,29%-ით (18 596 ხმა) ლიდერობს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს მანანა ბერიკაშვილს 15 810 ხმა (43,6%) აქვს. პროპორციულ არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმების 49,33% (17 944 ხმა) მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ კი 45,0% (16 378 ხმა).

ახალი ამბები