კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ცესკოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

9 ოქტომბერი, 2012

1 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, ჩვენი დამკვირვებელი კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდა გარდაბნის 21-ე საარჩევნო ოლქის 49-ე საარჩევნო უბანზე (სოფ. მუღანლო).

საარჩევნო უბანზე კენჭისყრა მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი დარღვევებით. კერძოდ - ამომრჩეველთა უმრავლესობა არჩევანს აკეთებდა ღიად, ფარულობის დარღვევით. გარდა ამისა, კენჭისყრის ოთახში მიმდინარეობდა აშკარა აგიტაცია, რაშიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიც მონაწილეობდნენ. ამომრჩეველი და კომისიის წევრები ერთმანეთს ეუბნებოდნენ სიტყვას „ბეშ“, რაც აზერბაიჯანულად ნიშნავს „ხუთს“ - ანუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის ნომერს. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლმა დაწერა რამდენიმე საჩივარი, თუმცა მათზე რეაგირება კომისიის თავმჯდომარემ არ მოახდინა, ხოლო უბანზე დარღვევები კვლავ გრძელდებოდა.

საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა კენჭისყრის დროს არსებული დარღვევები გაასაჩივრა გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო კომისიაში შეტანილ საჩივარში დამკვირვებელმა მიუთითა საკუთარი და შესაბამისი მოწმეების საკონტაქტო რეკვიზიტები, კერძოდ - მობილური ტელეფონის ნომრები და ელექტრონული საფოსტო მისამართები. ამასთან, საჩივრის ავტორმა საოლქო კომისიის მდივანს და იურისტს დამატებით ჰკითხა, რაიმე ხარვეზი ხომ არ გააჩნდა მის საჩივარს, თუნდაც - იმ თვალსაზრისით, რომ მასში მითითებული იყო შესაბამისი პირების მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონის ნომრების სახით და არა ამ პირების რეგისტრაციის ადგილის მისამართი. კომისიის მდივანმა და იურისტმა ჩვენს დამკვირვებელს განუცხადეს, რომ საკმარისი იყო საჩივარში არსებული საკონტაქტო ინფორმაცია.

საჩივრის ჩაბარების მეორე დღეს, 2 ოქტომბერს, დილის 08.30 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს მოსთხოვეს 1 საათის განმავლობაში ხარვეზის გამოსწორება. კომისიის განცხადებით, საჩივარში არ იყო მითითებული საჩივრის ავტორის და შესაბამისი მოწმეების რეგისტრაციის ადგილის მისამართები, რაც წარმოადგენდა ხარვეზს. საჩივრის ავტორმა კომისიის მდივანს განუცხადა, რომ იგი 1 საათის განმავლობაში ვერ შესძლებდა ხარვეზის გამოსწორებას, ვინაიდან თბილისიდან გარდაბანში საჩივრის შესწორებულ ვარიანტს ამ დროში ვერ ჩაიტანდა და მოითხოვა 2 საათი, რაზეც კომისიის მდივანი და იურისტი დათანხმდნენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს გარდაბნის გზაზე შეექმნა პრობლემა, რაც უკავშირდებოდა მის სატრანსპორტო საშუალებას, რის გამოც, მან დარეკა საოლქო კომისიაში და გააფრთხილა, რომ აგვიანდებოდა, გზაში იყო და  მოითხოვა, რათა მისთვის დამატებით მიეცათ, მხოლოდ იმდენი დრო, რამდენიც ადგილამდე მისვლისთვის იყო საჭირო. საბოლოოდ მან დააგვიანა 20 წუთი და ადგილზე, ხარვეზის გამოსასწორებლად გამოცხადდა  2 საათსა და 20 წუთში.

მიუხედვად ზემოაღნიშნულისა, გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის 2 ოქტომბრის №42/2012 განკარგულებით, საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მიზეზით, რომ იგი შეტანილი იქნა გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. საოლქო საარჩევნო კომისიის ეს განკარგულება 1 დღის ვადაში გავასაჩივრეთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც საჩივარი იგივე მიზეზით დატოვა განუხილველი.
 
მიგვაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, საჩივრების განხილვაზე უარის თქმა მხოლოდ ფორმალური და უმნიშვნელო ხარვეზის დადგენისა და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად აშკარად არაგონივრული ვადის მიცემის მიზეზებით, ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობის იმ სულისკვეთებას, რომლის შესაბამისად, საჩივრები უნდა იქნეს განხილული სამართლიანად და ეფექტურად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან საჩივრების განხილივისადმი ამგვარ მიდგომას. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ჩვენს მიერ განხილული შემთხვევა არ არის ერთადერთი და არსებობს საარჩევნო დავების განხილვისადმი ამგვარი არასერიოზული მიდგომის მრავალი ფაქტი, რომლებიც აუცილებლად მოხვდება ადამიანის უფლებათა ცენტრის შესაბამის შემაჯამებელ ანგარიშში. 

ახალი ამბები