კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ყავლაშვილი: შპს „გამას“ მიერ „ბურჯის“ შეძენაში მურთაზ ზოდელავა მონაწილეობდა

15 ოქტომბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

შპს „გამას“ დირექტორი გიორგი ყავლაშვილი კომპანია „ბურჯის“ შეძენის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული უშუალოდ მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მითითებით განხორციელდა.

ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბურჯის“ ყიდვის დეტალებზე ყავლაშვილმა რადიო „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

„მქონდა შეხვედრა მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავასთან, რომელმაც მითხრა, რომ არის გარკვეული კომპანია, რომელსაც სურს, შენ წარმოადგინო მათი ინტერესები, როგორც კომპანიის დირექტორმაო. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ტიპის იძულება განხორციელდა ან ვინმე რამით დამემუქრა. უბრალოდ, არც გამირისკავს, გამომეხატა ჩემი პოზიცია და მეთქვა, რომ ამ ტიპის პროცესში მონაწილეობის სურვილი არ მქონდა“, - განაცხადა ყავლაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია „გამას“ შპს „ბურჯის“ შესაძენად აუქციონის ფარგლებში გათვალისწინებული 8 761 513 ლარი რეალურად არ გადაუხდია.

„განკარგულებაში მითითებული იყო, რომ „ბურჯში“ 8 761 513 ლარი იყო გადახდილი. თუმცა, უშუალოდ „გამას“ მხრიდან ეს თანხა არ გადახდილა“, - აღნიშნა ყავლაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ „გამას“ დამფუძნებლებს, კომპანიის დირექტორის თქმით, მათ შესახებ არ იცის. „გამა“ ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული.

კომპანია „გამამ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნით დაყადაღებული „ბურჯის“ ქონება აუქციონზე 8.761 513 ლარად აგვისტოში იყიდა. გიორგი ყავლაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლევან ბეჟაშვილის მეჯვარეა.

გარდა ამისა, გიორგი ყავლაშვილი „ერთიანი ნაციონალური მძრაობის“ ერთ–ერთი მსხვილი შემომწირველია. მან 2012 წლის 1 აგვისტოს პარტიას 50 000 ლარი შესწირა.

ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბურჯი“, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიებისთვის სატრანსპორტო საშუალებების მიქირავებისა და ოფისების გარემონტების გამო, სასამართლომ ზაფხულში უკანონო შემომწირველად სცნო და 10 მილიონზე მეტი ლარით დააჯარიმა. „ბურჯის“ ქონება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე გასაყიდად 2012 წლის 26 ივლისს გაიტანა. იმავე დღეს, 26 ივლისს, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ახალი კომპანია - შპს „გამა“. სწორედ აღნიშნულმა ფირმამ შეიძინა 8 761 513.55 ლარად შპს „ბურჯის“ ქონება 2 აგვისტოს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ყავლაშვილის გვარი ტელეკომპანია „პირველ სტერეოსთან“ დაკავშირებულ დავაშიც ფიგურირებდა. მაშინ, როცა არხის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი ტელეკომპანიის დირექტორობიდან გაათავისუფლეს და ახალი ხელმძღვანელი, ვასილ კობაიძე დაინიშნა, ყავლაშვილი „პირველ სტერეოში“ სწორედ კობაიძის წარმომადგენლებთან მიავლინეს.

გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, მან მემკვიდრეობად მიიღო კომპანია, რომლის ამონაწერშიც დაფიქსირებული იყო როგორც ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის მიერ დანიშნული დირექტორი.

„რომ გითხრათ, რაიმე წარმოდგენა მაქვს შექმნილი ამ ოფშორული კომპანიის წარმოშობაზე, ან რომელიმე დამფუძნებელზე, ან მინახავს რომელიმე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. აუქციონი დასრულებული იყო, როცა ამ ვითარებაში დამნიშნეს კომპანიის დირექტორად და მემკვიდრეობად მივიღე სააღსრულებო განკარგულება, რომელიც ამბობდა, რომ შპს "გამას" ჰქონდა მონაწილეობა მიღებული აუქციონში, აუქციონზე გაყიდვის საგანი იყო "ბურჯის" ქონება, რომლის რეალიზაცია ემსახურებოდა იმ გარკვეული ჯარიმების დაფარვას, რომელიც "ბურჯს" წარმოეშვა სახელმწიფოსთან სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სამართალდარღვევის შედეგად. იმ განკარგულებაში იყო მითითებული, რომ ეს იყო რამდენიმე უძრავი ქონება, მოძრავი ქონებაც ავტომანქანების და ტრანსპორტის სახით. ამასთან, განკარგულებაში იყო მითითებული, რომ ამაში გადახდილი იყო 8 მილიონ 761 ათასი ლარი“, - განაცხადა ყავლაშვილმა.

მისი თქმით, როგორც „გამას“ დირექტორს და წარმომადგენელს, ეს თანხა არ გადაუხდია. ყავლაშვილის განცხადებით, როდესაც აღნიშნულის თაობაზე იკითხა, უთხრეს, რომ თანხა დამფუძნებლებმა გადაიხადეს, თუმცა ამის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ უნახავს.

ყავლაშვილის განცხადებით, განმეორებით მიიღო მითითება, რომ "მათი საგანი იყო აუქციონების შედეგად მიღებული ქონების რეალიზაცია", ხოლო მიღებული თანხების განკარგვაზე მითითება არ ჰქონდა და ვერც დამოუკიდებლად გადაწყვეტდა თანხის ბედს.

ყავლაშვილი აცხადებს, რომ შემდგომ მითითებებს ისევ მთავარი პროკურორისგან, მურთაზ ზოდელავასგან ელოდებოდა, რადგან სხვას ვერც დაუკავშირდებოდა, რადგან სხვა პირთან კონტაქტი არ ჰქონია.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ მთავარი პროკურორისგან მივიღებდი მითითებებს ამ თანხებისა და კომპანიის შემდგომ ბედთან დაკავშირებით“, - განაცხადა ყავლაშვილმა.

ამასთან, გაზეთ „რეზონანსის" ინფორმაციით, მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ საქართველო დატოვა.

„გიორგი ყავლაშვილი არცხვენს ადვოკატის პროფესიას“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა 12 ოქტომბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

„მე არ მინახავს „ობიექტივის“ გადაცემა, თუმცა ყავლაშვილი არის ის ადვოკატი, რომელიც ყოველთვის არცხვენდა პროფესიას - ეს შემიძლია ვთქვა ხმამაღლა. ეს არის ადამიანი, რომელიც არის საპროცესო შეთანხმებების, გარიგებების და საქმეების მოკვარახჭინების სპეციალისტი. ამიტომ არავის გაჰკვირვებია თავის დროზე, რომ ის იყო გარეული „ბურჯის“ ამბავში და ბევრ სხვა ამბებში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საზოგადოებაში უსამართლობის თემას. ამიტომ დასანანია, რბილად რომ ვთქვათ, როდესაც ადვოკატი დაკავშირებულია საზოგადოებრივ უსამართლობასთან, მაშინ როდესაც უნდა იყოს პირიქით. აქედან გამომდინარე, მე არ მიკვირს, რომ ბატონმა ეს განცხადებები გააკეთა. ეს ჰგავს თვითგადარჩენის მცდელობას. მაგრამ ასეა თუ ისეა, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრჯერ თქვა - სამართალი და კანონი იქნება ყველასთვის ერთი და არ იქნება შერჩევითი. ამიტომ ვინ, როდის, რა ჩაიდინა და დაარღვია კანონი, რომ გაემეფებინა საზოგადოებაში უსამართლობა, ამას დაადგენს სამართლიანი სასამართლო, რომელიც ჯერჯერობით არ გვყავს, მაგრამ აუცილებლად გვეყოლება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი ყავლაშვილმა „ობიექტივში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ „ბურჯის“ გარშემო განვითარებული მოვლენებისას, მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას მითითებებით მოქმედებდა.

ახალი ამბები