კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით უსუფაშვილი: „მუშები ჯადოქრები არ არიან, რომ პარლამენტის ახალი შენობა რამდენიმე დღეში დაასრულონ“

17 ოქტომბერი, 2012

შორენა კაკაბაძე ქუთაისი

მე–8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2012 წლის 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობაში გაიმართება. იმის გასაცნობად, თუ რამდენადაა სრულყოფილი გარემო კანონმდებელთა პირველი შეკრებისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 16 ოქტომბერს, ქუთაისში ჩავიდნენ. ისინი პარლამენტის ახალ შენობას, იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

„პარლამენტის შენობა დღეს არის დიდი სამშენებლო მოედანი.  მშენებლები კი  ჯადოქრები ნამდვილად არ არიან, რომ ის სამუშაოები, რასაც თვეები სჭირდება, რამდენიმე დღეში  დაასრულონ. მართალია, მათ ეს დავალება წინა ხელისუფლებისგან ჰქონდათ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს პრაქტიკლად შეუძლებელია“, - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კოალიცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მუშებისგან დაპირება მიიღეს, რომ პარლამენტის პირველ სესიამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში გარკვეულ  სამუშაოებს დაასრულებენ.

„ჩვენ არც გვქონია ილუზია, რომ პარლამენტში მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია. პირიქით, ვიცოდით, რომ ასეთ მოკლე ვადაში მხოლოდ მინიმალური თუ მოესწრებოდა. თუმცა, უკვე ადგილზე შევამოწმეთ არსებული ვითარება და ის, თუ რამდენადაა მზად პარლამენტის შენობა პირველი სხდომის ჩასატარებლად. გავესაუბრეთ პარლამენტის აპარატში დასაქმებულ პირებს, მუშებს, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს გასაოცარ რეჟიში ასრულებენ. მათი განმარტებით, შენობის გარე პერიმეტრის მოწყობა, პარლამენტის პირველი სესიისთვის ვერ მოესწრება. თუმცა, სხდომა შედგება“, - განაცხადეს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა.

მათი განმარტებით, პარლამენტის ახალ შენობაში არსებული ვითარება შორსაა სამუშაო პირობებისგან. თუმცა, არ იქნება არანაირი პრობლემა - სხდომა შედგება და პარლამენტი თავის ფუნქციას პარალელურ რეჟიმში, სარემონტო სამუშაოების ფონზე, შეძლებისდაგვარად შეასრულებს. 

„აპარატში დასაქმებული პირები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პარლამენტის პირველმა სესიამ ნორმალურად ჩაიაროს. მართალია, ჩვენ საველე პირობებში მოგვიწევს მუშაობა, თუმცა, მე ვისურვებდი, მხოლოდ ეს პრობლემა დაგვრჩენოდა წინა  ხელისუფლებისგან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომელთა შორის იყვნენ: ეკა ბესელია, მანანა კობახიძე, ზვიად ძიძიგური და სხვები, განმარტეს, რომ პარლამენტი იფუნქციონირებს - პირველი სხდომა ქუთაისში ჩატარდება, თუმცა საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანო იქნება იქ, სადაც მთავრობაა“.

ახალი ამბები