კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ პროკურატურას საჯარო მოხელეთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართავს

12 ოქტომბერი, 2012

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრებმა მოვიპოვეთ მასალები ქედის N80, სიღნაღის N13, გორის N32,  დედოფლისწყაროს N14 საარჩევნო ოლქებში არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე.  კერძოდ:

1. ქედის N80 საარჩევნო ოლქში ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვას, რასაც ადასტურებენ:

დავით ნაკაშიძე - ის აცხადებს, რომ ხმების სანაცვლოდ მას შესთავაზეს და შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშზე გადაურიცხეს ერთ ხმაზე 120 ლარის ოდენობით. დავით ნაკაშიძემ გადმოგვცა ბანკიდან 240 ლარის გამოტანის დამადასტურებელი დოკუმენტი და გვირჩია, გაგვერკვია, თუ ვინ ჩაურიცხა აღნიშნული თანხა, რითაც, მისი თქმით, გავიგებდით, ვინ ახორციელებდა ამომრჩევლის მოსყიდვას.

ოთარ გოგიტიძე - ის აცხადებს, რომ სოფელ ცხმორისის გამგებელმა დავით ანანიძემ მას შესთავაზა 350 ლარი, რომელიც, მისი თქმით გამოგზავნილი იყო შერვაშიძის (დეპუატატობის კანდიდატი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან) მიერ.

სულიკო ბოლქვაძე - „წინასაარჩევნოდ ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ 100 ლარი მომცეს ხუთიანის შემოხაზვის სანაცვლოდ“ - აცხადებს სოფელ ახოს მცხოვრები სულიკო ბოლქვაძე.

თეონა დევაძე - მას  სოფელ აგარის გამგებელმა ზვიად თებიძემ საარჩევნო შტაბში შეყვანისა და ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელფასის - 240 ლარის აღებას შეჰპირდა. ”ლიბერტი ბანკიდან გამოვიტანე 240 ლარი და 120 ლარი ზვიადს მივეცი, რომელმაც ეს თანხა სხვას გადასცა, მინდოდა 41 შემომეხაზა, მაგრამ რადგან თანხა მქონდა აღებული შემოვხაზე 5“ - გვითხრა თეონამ.

სოფელ აგარის მცხოვრები მევლუდ თებიძე -  მას და მის ოჯახს მხარდაჭერის სანაცვლოდ დაბა ქედაში ყოფილი საავადმყოფოს შენობაში საცხოვრებელი ფართის გამოყოფას შეპირდნენ, რის გამოც მან ხმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცა.

სოფელ გობრონეთის მცხოვრები, ლეიკემიით დაავადებული ნონა ბოლქვაძის ოჯახი - მათ 2500 ხმის შეგროვება მოსთხოვეს ავადმყოფისთვის მკურნალობის თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ. ოჯახმა და სანათესაომ შეძლეს აღნიშნული რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება, თუმცა, როგორც ავადმყოფის დედა აცხადებს, ხელმოწერების წარდგენის შემდეგ ბარამიძემ და შერვაშიძემ საჭირო თანხის გადარიცხვა არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის გადაიტანეს და საბოლოოდ პირობა არ შეასრულეს.

ივანე ვასაძე - მას ცხმორისის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ბოლქვაძემ, ცენტრში, ხიდზე, ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ 150 ლარი გადასცა.

ჯუმბერ ნაკაშიძე - სოფელ ცხმორისის ბაგა-ბაღის დარაჯი. „ერთ დღეს სკოლის ეზოში გავიგე, რომ 5 ნომრის სასარგებლოდ ფული რიგდებოდა და მეზობლის გვარი ჩავაწერინე, რომელსაც საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხეს 240 ლარი. ეს თანხა, რომელიც შერვაშიძის გამოგზავნილი იყო, ჩვენამდე ომარ ბოლქვაძის (ცხმორისის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი) საშუალებით მოვიდა. სოფლის გამგებელმა დავით ანანიძემ მომთხოვა, მეზობლისთვის მეთქვა, რომ მას ამდენი არ ეკუთვნოდა და ნახევარი უკან უნდა დაებრუნებინა.

აღნიშნული ფაქტები შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ მუხლი 1641 - 

„ამომრჩევლის მოსყიდვა

საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით“.

2. სიღნაღის N13 საარჩევნო ოლქში ადგილი ჰქონდა საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებას. კერძოდ:

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ვაქირის N5 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, მდივანმა და კომისიის ყველა წევრმა განაცხადეს, რომ მათ მიერ შედგენილი საუბნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც ამ უბანზე გაიმარჯვა კოალიცია ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების” კანდიდატმა,  გადასწორდა და გაყალბდა საოლქო კომისიის წევრების მიერ. აღნიშნული წარმოადგენს ორგანული კანონის - ”საქართველო საარჩევნო კოდექსის” 164-ე მუხლის მე-3 პუნქტის (”არჩევნების გაყალბება”) დარღვევას:

„არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულტენების, სარეგისტრაციო ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.
 
3. დედოფლისწყაროს N14 საარჩევნო ოლქში 

ა) სოფელ საბათლოს მაცხოვრებლები აცახდებდნენ, რომ N18 საუბნო კომისიის წევრები და სოფლის რწმუნებული არტაკ აივაზიანი მათ აიძულებდნენ, შემოხაზული ბიულეტენი გარეთ გამოეტანათ, მათთვის ეჩვენებინათ და ისე ჩაეგდოთ საარჩევნო ყუთში. ამ ფაქტს ადასტურებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ლამზირა სურმანიძეც. აღნიშნული ქმედებით თანამდებობის პირები ხელს უშლიდნენ ამომრჩეველთა ნების თავისუფლად გამოვლენას, რითაც ირღვევა სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლი:   

„რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა

1. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.”
ბ) 22-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი ხორნაბუჯი) მოქალაქე ვენერა მარტყოფლიშვილი ხმის მიცემის პროცესში მუდმივად არღვევდა ხმის მიცემის ფარულობას, ამომრჩევლებს სისტემატურად მიყვებოდა ხმის მიცემის კაბინაში და ”ეხმარებოდა” საარჩევნო ბიულეტენში სასურველი ნომრის შემოხაზვაში. ამით ირღვეოდა საქართველოს ”სისხლის სამართლის კოდექსის” 164 მუხლი:

„ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა... – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.

4. გორის N32 საარჩევნო ოლქი

გორის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე ხმების დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ამ უბანზე მაჟორიტარულ არჩევნებში დიდი უპირატესობით იმარჯვებდა კოალიცია ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების” კანდიდატი, მალხაზ ვახტანგიშვილი. შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე უბანზე შევიდა პოლიცია, წაიღო ბიულეტენები, მთელი საარჩევნო დოკუმენტაცია და საარჩევნო ადმინისტრაციის კუთვნილი ინვენტარი. პოლიციის ქმედებების შედეგად ამ უბანზე, ფაქტობრივად, ჩაიშალა შედეგების შეჯამების პროცესი, რის გამოც საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ უბანზე არჩევნების ხელახლა ჩატარების თაობაზე. ამ შემთხვევაშიც ხელი შეეშალა ამომრჩეველთა ნების დაფიქსირებას, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის დარღვევას: 

„არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა
1. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით;
ბ) მოტყუებით;
გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
დ) ჯგუფურად –

ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოიძიოს აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტები. ვინაიდან აღნიშნულმა დარღვევებმა არსებითი გავლენა იქონია ამ ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებების ცნობის პროცესში შეისწავლოს აღნიშნული ფაქტები.

ახალი ამბები