კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რომელმა სამინისტრომ უნდა მართოს ბუნებრივი რესურსები?

19 ოქტომბერი, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები რამდენიმე ეკონომიკური ბლოკის გაერთიანებასა და პარლამენტში შესაბამისი კომიტეტების შემცირებაზე საუბრობენ. ჟურნალისტებთან საუბრისას კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ბუნებრივი რესურსების მართვა უნდა გამოეყოს ენერგეტიკის სამინისტროს. ამავე დროს, საგანელიძეს მიაჩნია, რომ ბუნებრივი რესურსების მართვა გარემოს დაცვის სამინისტროსგანაც უნდა გაცალკევდეს.

„ამ ეტაპზე არსებობს ბევრი მოსაზრება. თუმცა, ჩემი აზრით, გარემოს დაცვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბუნებრივი რესურსებისგან იგი ცალკე უნდა იყოს, რათა ინტერესთა კონფლიქტი არ მოხდეს. კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგიერთი სამინისტრო ერთი კაცის ინტერესისთვის შეიქმნა“, - აღნიშნა დავით საგანელიძემ.

Humanrights.ge-მ ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა „კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) პროექტების კოორდინატორს, რეზო გეთიაშვილს.

რეზო გეთიაშვილი: „დღესდღეობით ენერგეტიკის სამინისტროში გაერთიანებულია ბუნებრივი რესურსების მართვის ყველა ფუნქცია - დაწყებული ბენებრივი რესურსებით სარგებლობის კვოტების დადგენიდან, გაგრძელებული - აუქციონებით და დამთავრებული კონტროლით. ამდენად, გარემოს დაცვის სამინისტროს, ფაქტობრივად, ფუნქციები აღარ გააჩნია. 2011 წლის რეორგანიზაციამდე გარემოს დაცვის სამინისტრო ბუნებრივი რესურსების კვოტების დადგენას ახორციელებდა, ასევე - აწყობდა აუქციონებს. მოსარგებლეებთან ხელშეკრულებას აფორმებდა ეკონომიკის სამინისტრო, მაგრამ მათ საქმიანობას ისევ გარემოს დაცვის სამინისტრო აკონტროლებდა. ინტერესთა კონფლიქტი სწორედ ამ რეორგანიზაციის შემდეგ გაჩნდა. ამ თვალსაზრისით, ჩემთვის ისიც გაუგებარია, ენერგეტიკის სამინისტრო რატომ უნდა გასცემდეს სახელმწიფო ქონებას, როცა ეს ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა. თუმცა, ყველაზე არსებითი ისაა, რომ ამჟამად უნდა აღდგეს სახელმწიფო გარემოსდაცვითი ფუნქცია და გარემოს დაცვის სამინისტროს დაუბრუნდეს შესაბამისი ფუნქციები. თუკი ახალი მთავრობა ენერგეტიკის სამინისტროს არსებული ფორმით შეინარჩუნებს, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან რეალურ წინააღმდეგობას წააწყდება. ისე კი, სატყეო სამსახურები არც ერთ ქვეყანაში არ შედის ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ზოგან გარემოს დაცვის სამინისტროს ექვემდებარება, ზოგან -სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ზოგან საერთოდ ცალკეა და პრეზიდენტს ექვემდებარება. ეს ისეთი თემაა, რომ ამ კუთხით, საქართველოც არ უნდა იყოს გამონაკლისი“.

ელენე ჭუმბურიძე

ახალი ამბები