18 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს კოორდინატორის თენგიზ გოგელიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
პაატა ზაქარეიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სწორედ წინაასაარჩევნო კამპანიის დროს, 25 აგვისტოს, იგი თენგიზ გოგელიამ აფხაზეთის ომის დროს ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.
„აფხაზეთის ომის დროს მე მთელი ღირსებითა და პატივით ვემსახურებოდი საქართველოს და ჩემთვის მიუღებელია ეს ცილისწამება, თითქოს მიცვალებულების გადმოსვენების პროცესისათვის 100 დოლარს ვიღებდი. ეს ბრალდება ამორალურია“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
პროცესი 30 ოქტომბერს განახლდება და სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. თუმცა კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნატო ქათამაძე თვლის, რომ ამ გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს თითქმის ერთკვირიანი შუალედი არ უნდა დასჭირვებოდა.
მარი ტაბიძე, წყალტუბო