კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი პარლამენტი საქმიანობას საპროტესტო აქციების ფონზე შეუდგა

23 ოქტომბერი, 2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ახალაიები ციხეში!“ „თავისუფლება უკანონო პატიმრებს!“ „შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ჭიათურის მაღაროს მუშებს!“ „დაიცავით ჩვენი უფლებები!“ -  მრავალფეროვანი საპროტესტო ლოზუნგების, ხალხმრავალი გამოსვლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სტუდენტების შეძახილის („მკვლელებო!“)  ფონზე 21 ოქტომბერს, ქუთაისში, მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი (88 ხმით 0-ის წინააღმდეგ), პირველი მოადგილე მანანა კობახიძე (92 - 0), ვიცე-სპიკერები: ზვიად ძიძიგური (92 - 0), ზურაბ აბაშიძე (90 - 0), მურმან დუმბაძე (81 - 0) და გიორგი ბარამიძე (92 - 27-ის წინააღმდეგ) - ამ შემადგენლობით საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობაში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

„ეს პარლამენტი არის სიმბოლო ახალი ქვეყნის შენების. მინდა ვთქვა, რომ მისი ქუთაისში გადმოტანა არც მარტივი წინადადება იყო და არც დედაქალაქის მიმართ სადამსჯელო ღონისძიების გატარება. პარლამენტი, რომელიც ქვეყნის ცენტრშია დემოკრატიის გულია. ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. ყველას მოვუწოდებ კარგად იმუშაოს ქართველის ხალხის  საკეთილდღეოდ. მინდა გისურვოთ შინაარსიანი მუშაობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - რეგლამენტის მიხედვით ამ სიტყვებით პარლამენტის ახალ შემადგენლობას საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ყველას, პარლამენტის და მთავრობის თითოეულ წევრს, მომავალში სერიოზული მუშაობა მოუწევს, რათა პოზიცია შეინარჩუნოს . „გუშინდელი ოპოზიცია დღეს ხელისუფლებაშია. ის კი, ვინც ოპოზიციაშია, ხვალ შეიძლება ისევ ხელისუფლებაში მოვიდეს. აქამდე კონკურენციის დრო იდგა, ახლა კი მუშაობის დრო მოვიდა. ყველამ ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. აქ, პარლამენტის კედლებში ორი პოზიცია უნდა დაუპირისპირდეს ერთმანეთს. გისურვებთ წარმატებებს!“ - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის გუნდის წევრებმა პარლამენტში უმრავლესობით მოსული კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოაცხადეს. სხდომაზე დავით ბაქრაძემ, სხდომის შემდეგ კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, მედიისთვის მიცემულ კომენტარებში  დასძინეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელისუფლება არ მოდუნდეს.

„ჩვენ ვემზადებით ძალიან საინტერესო საპარლამენტო ცხოვრებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის მონაპოვარი, რომელსაც წლები დასჭირდა და რომლისთვისაც ჩვენ ძალა არ დავიშურეთ, არ დაიკარგოს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის (2008-2012წწ) პოსტიდან საკანონმდებლო  უმცირესობის ლიდერის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

მისმა სამართალმემკვიდრემ კი, რომელიც უალტერნატივო კანდიდატი აღმოჩნდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის მხრიდან, თავის საკმაოდ ვრცელ გამოსვლაში ქვეყნის უახლოესი წარსული, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი, მის მიერ დაშვებული შეცდომები და ზოგადად, ქვეყანაში არსებული პრობლემები მიმოიხილა.

„საქართველოში თავისუფლების სიომ დაჰბერა. ხალხს თვალებიდან შიში გაუქრა. ხალხი ბრძენია - როგორც კი გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც იმედი გააჩინა, მხარი მას დაუჭირა. ახლა ჯერი ჩვენზეა.  ჩვენი საქმე ახლა იწყება - ბევრი უნდა ვიშრომოთ და ხალხის იმედი საბოლოოდ გავამართლოთ. პარლამენტი უნდა იყოს გამჭვირვალე არა მისი სახურავით, არამედ საქმიანობით. დღეს ჩვენ არ ვიმსჯელებთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. თუნდაც იმაზე, რატომ ვართ დღეს აქ, ამ შენობაში. თუმცა, ეს არ არის ყველაზე ტრაგიკული გადაწყვეტილება, რომელიც წინა ხელისუფლებამ მიიღო. ამ მხრივ ჩვენ დღეს თავს შევიკავებთ, მაგრამ ხვალ ამაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის ქუთაისში ყოფნის გაუმართლებლობაზე გაამახვილა ყურადღება ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმაც. მან საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობა, მისი ქუთაისში გადატანა ხალხის ფულის უყაირათო ხარჯვის კლასიკურ მაგალითად დაასახელა.

არაერთგვაროვანი განწყობის, მცირე ტექნიკური ხარვეზისა  და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე საკანონმდებლო ორგანოს პირველმა სხდომამ ქუთაისში ნორმალურ ვითარებაში, ყველა გათვალისწინებული წესის დაცვით ჩაიარა: პარლამენტის უხუცესმა წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ივანე კიღურაძემ პრეზიდიუმში ადგილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს გადაულოცა; აირჩიეს კომიტეტები, სულ 15. გაირკვა, რომ ყველას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. იქნება 6 ფრაქცია. სამი უმრავლესობის, სამიც - „ნაციონალური მოძრაობის“.

ახალი ამბები