კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნების შემდეგ ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში მენიუდან ხორცი ამოიღეს

25 ოქტომბერი, 2012

ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2008 წლიდან სკოლამდელი სააღმზრდელო ჯგუფების, ანუ საბავშვო ბაღების დაფინანსება მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე იყო. 2011 წელს ბაღებში მინიმალური გადასახადი, თვეში 15 ლარი დააწესეს. სააღმზრდელო ჯგუფებში კვების რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და ბავშვები კვირაში სამ დღეს ხორციან საკვებს იღებდნენ. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სურათი შეიცვალა.

Humanrights.ge-ს რამდენიმე განაწყენებული მშობელი ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ბაღებში ბავშვები არასრულფასოვნად იკვებებიან.

„არჩევნების შემდეგ მენიუდან ხორციანი საკვები ამოიღეს. თუ მანამდე კვირაში სამჯერ იღებდნენ ბავშვები ხორციან სუპს, ახლა ხორცი მხოლოდ ერთხელ აქვთ. ამბობენ, ფარში არ ვარგოდაო, მაგრამ ეს ტყუილია. ფული არა აქვთ, რომ ხორცი იყიდონ. სამჯერადი კვებაც აღარაა, სადილის შემდეგ აძინებენ ბავშვებს და გამოღვიძებულებს მხოლოდ „პეჩენიას“ აძლევენ. ჩემი შვილი ბაგაში დამყავს და მითხარით ახლა, ორი წლის ბავშვს დასანაყრებლად ახალგამოღვიძებულზე მხოლოდ „პეჩენია“ ეყოფა?! თანაც ხორციან საკვებს ვერ იღებს, ვერ იკვებება სათანადოდ. ცხრიდან ექვსამდე ორჯერ ჭამა ეყოფა ბავშვს? ხორცის მენიუდან ამოღება უფულობამ გამოიწვია. არჩევნებამდე ხელშეკრულებით აიყვანეს თანამშრომლები. ერთ პატარა ბაღს ექვსი დამლაგებელი ჰყავს. ხორცის ფული სადღა ექნებათ? ახლა იმ ხალხს უკან ვერ უშვებენ და ბავშვებს უმცირებენ საკვების რაოდენობას. მშიერი მომყავს შვილი სახლში“, - საუბრობს ერთ-ერთი მშობელი.

„ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, სოსო ბოლქვაძე ამბობს, რომ ბაღებში საკვების შემცირება ბავშვებისთვის და კვებიდან ხორცის ამოღება მართლა შემზარავი ფაქტია. „თუ ფული არა აქვთ ბიუჯეტში, აღიარონ, რას მალავენ?! გააუქმონ ის სამსახურები, სულ რომ არაა საჭირო, გაბერილი რომ აქვთ შტატები. წინასაარჩევნოდ დაასაქმეს ხალხი და შექმნეს სულელური სამსახურები. მაგალითად, დასუფთავების სამსახური ცალკე არსებობს, კეთილმოწყობის – ცალკე. არადა, ფუნქციები თითქმის ერთნაირი აქვთ“.

ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით ლანჩხუთის სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ხალვაშს და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ. 

- ქალბატონო ნინო, ჩვენ რამდენიმე მშობელმა მოგვმართა პრეტენზიით, რომ ხორციანი კერძები რაციონში აღარაა...

- მე ახლა ბაღებში ვარ გასული და სიტუაციებს ვსწავლობ. ჩვენ ხორცი გათვალისწინებული გვქონდა კვირაში სამჯერ, ახლა მხოლოდ ერთხელ გვაქვს, მაგრამ ეს მოხდა მშობლების დაჟინებული მოთხოვნით. მათ უნდოდათ ხორცი ამოგვეღო მენიუდან.

- კი, მაგრამ მშობლები სწორედ იმას აპროტესტებენ, რომ პატარები ხორცს ვეღარ იღებენ...

- ჩვენ შემოგვქონდა გაყინული ხორცი. მშობლებმა გვითხრეს, რომ არ უნდოდათ გაყინული ხორცი.

- საკვებზე ტენდერი გაქვთ გამოცხადებული, არა?

- დიახ და წელს ტენდერი გაყინულ ხორცზე გამოვაცხადეთ. წელს ვერაფერს შევცვლით, მომავალში კი ცოცხალ ხორცზე გამოვაცხადებთ ტენდერს. იმედია, იქნება საამისო ფინანსები.

- ჩვენ მშობლებმა გვითხრეს, რომ ხორცის ამოღების მიზეზი ფინანსების ნაკლებობაა. ამბობენ, რომ არჩევნებამდე ხელშეკრულებით აიყვანეთ ადამიანები და ახლა მათ ვეღარ ათავისუფლებთ. სწორედ ამიტომ შემცირდა მენიუში ხორციც...

- ეს არის ტყუილი. მშობლების მოთხოვნა იყო, რომ გაყინული ხორცი აღარ მიგვეცა ბავშვებისთვის.

- ისიც გვითხრეს, რომ სადილის შემდეგ როცა იძინებენ, გამოღვიძებულები ექვს საათამდე ფაქტობრივად, მშივრები არიან...

- ჩვენ არასოდეს გვქონდა გათვალისწინებული სამჯერადი კვება. გამოღვიძების შემდეგ ბავშვები იღებენ ორცხობილას.

- ყოველდღიურად?

- კი, ყოველდღე. არის კომპოტიც.

- ხორცი რით შეცვალეთ?

- ბოსტნეულით.

- ორ წლამდე და ორი წლის ასაკის ბავშვმა რამდენი კალორია უნდა მიიღოს დღეში?

- დღეში არ უნდა მიიღოს ათას კალორიაზე ნაკლები, რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ კიდეც.

- გამოთავისუფლებულ თანხას რას ახმართ?

- ისევ საბავშვო ბაღებისთვის გამოვიყენებთ.

ცნობისათვის, 1–დან 3 წლამდე ასაკის ბავშვმა სრულფასოვნად რომ იკვებოს, დღეში 1300–1500 კილოკალორია უნდა მიიღოს. იხ. ლინკზე: http://med-doctor.net/index/177-pediatria/623-sadili-bavshvistvis-romelic-mcire-ulufas-jams.html .

ახალი ამბები