კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფარული რეკლამის ნიშნები მუსიკალურ კლიპებში

26 ოქტომბერი, 2012
                                                              ნინო ცაგარეიშვილი
 
საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგმა, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს, გამოავლინა ფარული რეკლამის ნიშნების შემცველი მუსიკალური კლიპები და გაურკვეველი სტატუსის მქონე რეკლამები, რომლებიც სხვადასხვა ტელეარხებზე არჩევნებამდე გადიოდა. ასეთ კლიპებს და რეკლამებს მიეკუთვნებოდა: „რაჭა ჩემი სიყვარული“, „ანაკლია გულითადადგელით“, „თავისუფლების დაუმარცხებელი ენერგია“, რეკლამა ქუთაისის აეროპორტში ფრენების დაწყების შესახებ და სიმღერა სოფო ნიჟარაძის შესრულებით - when we danced (როცა ჩვენ ვცეკვავდით). 

მუსიკალური კლიპი „რაჭა ჩემი სიყვარული“, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე, „იმედსა“ და „რუსთავი 2“ - ზე გადიოდა, ხელისუფლების მიერ განახლებულ რაჭას წარმოადგენდა. კლიპში არის კადრი, სადაც ახალგაზრდები პოლიციის ახალი შენობის წინ ბრეიკდანსს ცეკვავენ. არჩევნების შემდეგ აღნიშნული კლიპი ეთერში აღარ გვხვდება. თუ კლიპი მხოლოდ მაყურებლის გართობასა და რაჭის ტურისტული მნიშვნელობის წარმოჩენას ემსახურებოდა, გაურკვეველია, რა საჭირო იყო მასში პოლიციის შენობის ჩვენება? 
 
აღნიშნულმა კლიპმა „იმედზე“ 18 ივნისიდან 29 ივლისამდე პერიოდში ყველაზე ხანგრძლივად გაშუქებულ რეკლამებში მეორე ადგილი, 16% დაიკავა.

ხელისუფლების მიერ განახლებული ანაკლია წარმოდგენილი იყო მუსიკალურ კლიპში - „ანაკლია გულითადად გელით“, რომელიც „იმედზე“, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „რუსთავი 2-ზე“  არჩევნებამდე გადიოდა. ხელისუფლების საქმიანობის რეკლამირება კი, მმართველი პარტიის - ნაციონალური მოძრაობის - რეკლამირებად აღიქმებოდა.

აღნიშნულმა კლიპმა 18 ივნისიდან 29 ივლისამდე პერიოდში „იმედის“ ეთერში ყველაზე ხანგრძლივად გაშუქებულ რეკლამებში პირველი ადგილი - 39% დაიკავა.

18 ივნისიდან 29 ივლისამდე პერიოდში „რაჭა ჩემი სიყვარული“ და„ანაკლია გულითადად გელით“ ლიდერობდნენ ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველაზე ხანგრძლივად გაშუქებულ რეკლამებს შორის.

ადამიანის უფლებათა ცენტრის თხოვნის საფუძველზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და „იმედისაგან“ მიღებული ოფიციალური წერილების თანახმად, აღნიშნული კლიპები არ შედიან იმ რეკლამების სიაში, რომელთაც ტელეარხებმა სოციალური რეკლამის სტატუსი მიანიჭეს. კლიპებს „რაჭა ჩემი სიყვარული“ და „ანაკლია გულითადად გელით“ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვიდეორგოლები უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი მათ ეთერში უსასყიდლოდ განთავსდა. თუმცა, მათი დამკვეთების შესახებ ინფორმაცია ტელეარხმა არ მოგვაწოდა. აღსანიშნავია, რომ, საქართველოს კანონმდებლობა ფარული რეკლამის ცნებას არ იცნობს, შესაბამისად, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონოდათ ამ კლიპებს, იქნებოდა ეს კომერციული რეკლამა, თუ უბრალოდ, მუსიკალური კლიპი, ეს პრობლემანებისმიერ შემთხვევაში,რეგულირების მიღმა არის დარჩენილი.
ფარული რეკლამის ნიშნებს შეიცავს რეკლამა ქუთაისის აეროპორტში ფრენების დაწყების შესახებ, რომელიც „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ზე დაფიქსირდა. 

აღნიშნულ რეკლამაში მამაკაცი განახლებული ბაგრატის ტაძრის ფონზე ამბობს:„ჩემი ბაგრატი, ჩემი ტაძარი“. შემდეგ ჩნდება ახალგაზრდა ბიჭი ახალი პარლამენტის ფონზე და ამბობს: „ჩემი პარლამენტი“. შემდეგ ახალგაზრდა გოგონა ახალი აეროპორტის ფონზე ამბობს: „ჩემი ქალაქი, ჩემი აეროპორტი“. რეკლამის ბოლოს ჩნდება წარწერა: „ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ფრენების განხორციელებას იწყებს 26 სექტემბრიდან“. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ რეკლამა ერთგვარ ანონსს წარმოადგენს, რომლის მიზანია მოსახლეობას ამცნოს, თუ როდის იწყებს ფრენებს ქუთაისის აეროპორტი. გაუგებარია, რა კავშირშია აეროპორტში ფრენების განხორციელების დაწყებასთან ახალი პარლამენტისა და რესტავრირებული ბაგრატის ტაძრის კადრები.
 
 
 

კლიპი „თავისუფლების დაუმარცხებელი ენერგია“ დაფიქსირდა 10-23 სექტემბრის პერიოდში „იმედის“ ეთერში.

კლიპში სუხიშვილების მოცეკვავეები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალე შენობის წინ დღისით და ღამით, ახალი პარლამენტის სახურავზე, პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის გუმბათში, იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობის წინ, ახალციხის რაბათის ახლადრეაბილიტირებული ციხის ეზოში და მშვიდობის ხიდზე ცეკვავენ.ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტების ასეთი ინტენსივობით ჩვენება იწვევს ეჭვს, რომ კლიპი სწორედ ხელისუფლების საქმიანობის ფარულ რეკლამას ემსახურება.
 

 
 
 





სიმღერამ სოფო ნიჟარაძის შესრულებით - when we danced- მესამე ადგილი დაიკავა იმ რეკლამებს შორის, რომლებიც 24 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში „იმედზე“ ყველაზე ხანგრძლივად გაშუქდა.სიმღერაში გამოყენებული კადრები ფართო ხედებით წარმოაჩენს განახლებულ რაბათს ახალციხეში, რომლის რესტავრაციაც ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში დაასრულა. ხოლო კლიპი სოფო ნიჟარაძის მონაწილეობით მეტად ოპერატიულად დამზადდა და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავიდა ტელეეთერში.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიამონიტორინგს ახორციელებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).
                                                

ამ ანგარიშის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები