კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმედ ჩატაევს სასამართლო პროცესზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი დაიცავს

26 ოქტომბერი, 2012
 
ელენე ჭუმბურიძე

ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებული ახმედ ჩატაევი, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მის გათავისუფლებას მოითხოვს. 23 ოქტომბერს ახმედ ჩატაევი საპატიმროში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო ანდრიაშვილმა მოინახულა. 

ოფიციალური ვერსიით, 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურიდან 5 ახალგაზრდა გაიტაცეს, რასაც საქართველოს შსს-ს მხრიდან ანტიტერორისტული ოპერაცია მოჰყვა.  ოპერაციის შედეგად დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი. გამტაცებლებიდან კი 11 დივერსანტია ლიკვიდირებული. ამ მოვლენებს სრულიად სხვანაირად ჰყვებიან ცოცხლად გადარჩენილი ჩეჩნები. მათი თქმით, ახალგაზრდები არავის გაუტაცია. შსს შეიარაღებული ჩეჩნების ჯგუფს საქართველოდან ჩეჩნეთში გადასვლას დაპირდა და შემდეგ ამაზე უარი უთხრა. მებრძოლებმა თავისი ძალებით გადაწყვიტეს გზის გაგრძელება, რასაც მოჰყვა ქართველი სპეცრაზმელების მხრიდან მათი დიდი ნაწილის დახოცვა. 

ოპერაციის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სრულიად ბუნდოვანი ბრალდებით მოხვდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილო კავკასიიდან, ახმედ ჩატაევი, რომელიც დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი იყო ევროპაში. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი სამართალდამცავებს 8 სექტემბერს თავად ჩაბარდა. 32 წლის ჩატაევი მომხდარის დეტალებს იხსენებს. ჩატაევი ამბობს, რომ 28 აგვისტოს, ხეობაში ჩასვლა მას შს სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა სანდრო ამირიძემ და ამავე სამმართველოსთან დაახლოებულმა პირმა ზელიმხან ხანგოშვილმა სთხოვეს. ლოპოტას ხეობაში ის თბილისიდან ჩავიდა.

„28 აგვისტოს დამირეკეს სანდრო ამირიძემ და ზელიმხან ხანგოშვილმა. მითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა ჩავსულიყავი ლოპოტას ხეობაში და მონაწილეობა უნდა მიმეღო მოლაპარაკებაში. მე ვიცოდი, რომ ჩეჩნებისა და ქისტების ჯგუფი დაღესტნის გავლით აპირებდა ჩეჩნეთში გადასვლას და ამაში მათ გარკვეულ დახმარებას უწევდნენ. ტელეფონით საუბრის დროს მითხრეს, რომ სიტუაცია შეიცვალა, ჩვენი ძმები ალყაში იყვნენ მოქცეულები. ლოპოტას ხეობაში მალევე ჩავედი. ამირიძემ მითხრა, ბიჭებმა იარაღი უნდა დაყარონ და ჩაგვბარდნენო. მე მოლაპარაკებაზე შევედი ხეობის სიღრმეში, სადაც ჩეჩნები და ქისტები იყვნენ. სულ 17 ადამიანი იყო. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობდი. როცა დანაბარები გადავეცი, ბიჭებმა მითხრეს, თუ არ მოგვცემენ საზღვარზე გადასვლის უფლებას, უკან დავბრუნდებით, ოღონდ თვითონ შეიარაღებულები არიან და იარაღის დაყრას ჩვენგან ნუ მოითხოვენო. გამოვედი და ამირიძეს და ხანგოშვილს ვუთხარი ეს პასუხი. მათ მითხრეს, რამდენიმე წუთი გვაცალე და პასუხს გეტყვითო. დაახლოებით 10–15 წუთი, იქვე, გორაზე ვიჯექი. მოულოდნელად მარცხენა ფეხში სნაიპერმა მესროლა. მე თან არანაირი იარაღი არ მქონდა. გადავგორდი და ქვემოთ დავეშვი, დამალვას ვცდილობდი. ტელეფონი მქონდა თან და ერთი „სნიკერსი“. ტელეფონი გავტეხე და გადავაგდე, რომ ტელეფონის საშუალებით არ მოეხერხებინათ ჩემი პოვნა. ამის შემდეგ ატყდა სროლა, რომელიც დაახლოებით 2 საათი მაინც გაგრძელდა. 10 დღის განმავლობაში ვიმალებოდი, ვეღარ დავდიოდი, ჭრილობა უფრო და უფრო რთულდებოდა, ბოლოს სიარული ვეღარ შევძელი და სასაზღვრო პუნქტთან მივედი. მესაზღვრეები მაშინვე მიხვდნენ, რომ ცალხელა ახმედა ვიყავი. ყურადღება მომაქციეს. როგორც შეეძლოთ ჭრილობა დამიმუშავეს, იმ პერიოდში სიცხეები იყო და ძალიან მქონდა გართულებული. გაკვირვებულები იყვნენ 10 დღე მშიერი, უწყლოდ, როგორ გაძელიო. ამის შემდეგ დაურეკეს ხელმძღვანელებს. მოვიდნენ, ჩამსვეს პიკაპში და პირდაპირ თბილისში ჩამიყვანეს, იქიდან კი რამდენიმე წუთში გორის ჰოსპიტალში გადამიყვანეს. გორის ჰოსპიტალში მომკვეთეს ფეხი. ეს იყო 8 სექტემბერს. 10 დღე ვიყავი ჰოსპიტალში“, – აღნიშნავს ახმედ ჩატაევი.

ახმედ ჩატაევი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 18 სექტემბრიდან იმყოფება. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით. წინასასამართლო სხდომა 29 ოქტემბერს არის დანიშნული. პროცესზე ახმედ ჩატაევის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ანდრიაშვილი დაიცავს. ჩატაევთან შეხვედრისას მან საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულის პოზიცია მოისმინა.

„ამ ადამიანს ქართველმა სამართალდამცავებმა თავიდან მოლაპარაკებებში შუამავლის როლი დააკისრეს, შემდეგ კი დამნაშავედ გამოაცხადეს. საქმის მასალების მიხედვით, ორი ხელყუმბარაა ამოღებული. ბრალდებულს ვკითხე ამის თაობაზე და მიპასუხა, რომ ეს ხელყუმბარები არც კი „ჩაუდვიათ“. უბრალოდ, საქმეში დააფიქსირეს, რომ ამოღებულია ორი ხელყუმბარა. ექსპერტიზა არაა ჩატარებული იმის თაობაზე, ეს ხელყუმბარები რეალურად ამოღებულია თუ არა ამ ადამიანისგან. წესით, უნდა ჩატარდეს მიკრონაწილაკების ქიმიური ექსპერტიზა, რომ ეს ხელყუმბარები ნამდვილად ამ ადამიანის ჯიბიდანაა ამოღებული. ჩატაევი ბარლდებას უარყოფს და ამბობს, რომ ხელყუმბარები თვალითაც არ უნახავს. მისივე თქმით, დამნაშავე რომ ყოფილიყო, თავისი ფეხით არ მივიდოდა მესაზღვრეებთან. მესაზღვრეების ჩვენებების გარდა ჩვენ არ გაგვაჩნია  ბრალდების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები“. 

ნინო ანდრიაშვილის თქმით, ახმედ ჩატაევი ავსტრიაში ცხოვრობს ლტოლვილის სტატუსით. საქართველოში კი მას ჰყავს ერთ-ერთი ცოლი, ეთნიკურად ჩეჩენი, რომელიც პანკისში ცხოვრობს და რომლის გამოც ჩამოვიდა საქართველოში. 

ახალი ამბები