კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთის საკრებულოს ორმა წევრმა „ნაციონალების“ ფრაქცია დატოვა

1 ნოემბერი, 2012

ფოთის საკრებულოში საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე თოფურიამ და საკრებულოს წევრმა, ენვერ სიჭინავამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. თუმცა, საკრებულო არ დაუტოვებიათ. მათი განცხადება ფრაქციის დატოვების შესახებ 30 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დააკმაყოფილეს.

ენვერ სიჭინავამ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ 21 სექტემბერს, ციხის სკანდალური კადრების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში დატოვა და როგორც მაშინ ამბობდა, იგი საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს დატოვების შესახებაც უახლოეს დღეებში მიმართავდა განცხადებით. თუმცა, როგორც დღეს ირკვევა, მას მსგავსი მოთხოვნით საკრებულოს თავმჯდომარისთვის არ მიუმართავს.

ენვერ სიჭინავა ფოთის საკრებულოს  წევრია 2010 წლიდან და იგი უმრავლესობის რიგებში ირიცხებოდა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პატიმართა წამების საშინელმა კადრებმა მიაღებინა, რაც ტელევიზიით იხილა. მან წინასაარჩევნოდ ასევე დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბიც, იმის მიუხედავად, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - სარიშვილი მისი მეგობარი გახლდათ. როგორც სიჭინავა ამბობდა, იგი მმართველი პარტიის სასარგებლოდ არჩევნებში არავითარ მონაწილეობას აღარ მიიღებდა.

ენვერ სიჭინავა სამიოდე წლის წინ ფოთში ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესმენად ითვლებოდა. ჩვენი ინფორმაციით, მისი ბიზნესი მაშინდელი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, სულს ღაფავდა. თავის დროზე იგი ასევე რამდენიმე მილიონი ლარით დააჯარიმეს, რაც მის ბიზნესზე ცუდად აისახა.

რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, მას ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადება უფრო ადრე ჰქონდა დაწერილი, მაგრამ მხოლოდ ახლა დაუკმაყოფილეს.

ალექსანდრე თოფურია წინა მოწვევის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილეც იყო. 2006-2007წწ. საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, 2005-2006 წწ. ქალაქ ფოთის მერის თანაშემწეც გახლდათ.

სხდომაზე ფრაქციიის დატოვების  გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა საკრებულოს წევრის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას მხრიდან. მისი თქმით, ალექსანდრე თოფურიას, რომელიც „ნაციონალების“ სიით მოხვდა საკრებულოში, თუკი პარტიის რიგებში ყოფნა არ სურდა, მაშინ საკრებულოც უნდა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოლომდე „ნაციონალების“ გვერდით ყოფილიყო.

„რატომ უნდა ისარგებლონ ხელფასით ან სხვა რამით, რაც პარტიისგან ეკუთვნით? დარწმუნებული ვარ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რომ გაემარჯვა არჩევნებში, ისინი ფრაქციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ“, – აღნიშნა ცხვიტარიამ.

საკრებულოს სხდომას თავად ალექსანდრე თოფურია არ ესწრებოდა. ენვერ სიჭინავამ კი აღნიშნა, რომ მან მხოლოდ ფრაქცია დატოვა, რადგან ნაბადის უბნის ამომრჩევლების ინტერესების დამცველად საკრებულოს წევრად დარჩება.

ინგა გვასალია, ფოთი

ახალი ამბები