კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის პირველი სხდომა პოლიტპატიმრების თემას დაეთმო

2 ნოემბერი, 2012
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 1 ნოემბერს გამართული პირველი შეკრება პოლიტპატიმრების თემას მიუძღვნა. სხდომა, რომელსაც კომიტეტის წევრების გარდა, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და პოლიტპატიმართა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, საკმაოდ რთულ პირობებში წარიმართა. 

კომიტეტის წევრებმა უმცირესობიდან უნდობლობა გამოუცხადეს პოლიტპატიმართა სიას, ასევე - სამუშაო ჯგუფს, რომელიც აღნიშნულ სხდომაზე შეიქმნა და რომელმაც ორი კვირის ვადაში პოლიტპატიმრების საქმეები უნდა შეისწავლოს.

„ის, ვისაც თქვენ პოლიტპატიმარს ეძახით, ჯაშუში და მოღალატეა“, - ვახტანგ მაისაიას მისამართით ნათქვამი რეპლიკის ფონზე საპარლამენტო უმცირესობამ კომიტეტის სხდომა დატოვა. სხდომის დატოვებ ამდეც უმცირესობის წარმომადგენლები პოლიტპატიმრების თემის გადაფარვას სხვა, „უფრო მნიშვნელოვანი“ თემებით შეეცადნენ, როგორიცაა საქართველოში, კერძოდ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები მუსლიმი მოქალაქეების უფლებების შელახვა და ა.შ. 

ყურადღება გამახვილდა პოლიტპატიმართა სიებზე, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიაწოდა.    

ეკა ბესელია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე: „ბუნებრივია,უმცირესობის წარმომადგენლებისთვის მძიმე მოსასმენია ის საქმეები, რომელიც კომიტეტის სხდომაზე გაჟღერდა და რომელსაც ჯერ სამუშაო ჯგუფი შეისწავლის, შემდეგ კი, კომიტეტს გადმოეცემა განსახილველად. ამიტომაც მოყვა ყოველივეს მათგან მსგავსი რეაქცია. ერთი კი ფაქტია - ჩვენ ამ საქმეებს შევისწავლით,  ვიხელმძღვანელებთ ევროსაბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით და ბოლომდე მივიყვანთ. ბოლოსდაბოლოს, ქვეყანამ ეს ლაქა უნდა ჩამოიშოროს“.

მანანა კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: „ჩვენ ხელთ გვაქვს სამოქალაქო სექტორის მიერ მოწოდებული 185 კაციანი სია, რომელიც შესაძლოა, არ იყოს სრულყოფლი. ამდენად, ამ საქმეების შესწავლისას სიფრთხილე გვმართებს. დღეს თუ ყოველი არა, ყოველი მეორე პატიმარი თვლის, რომ უკანონოა. შეიძლება დამატებით 25 ათასი პატიმრის საქმე შემოვიდეს. ამიტომ უნდა მოხდეს სამართლიანი მექანიზმის შემუშავება და პროცესის დაწყება. არ უნდა დავაგვიანოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

ექსპერტების მხრიდან დაისვა საკითხი, რომ პოლიტიკური პატიმრები საპყრობილეებში დღეებს, საათებს ითვლიან, ტუბერკულოზით თუ სხვა დაავადებებით იღუპებიან და მათ დროული დახმარება ჭირდებათ.

„პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები წლების მანძილზე ციხეში იტანჯებიან. ეს ყოფილი ხელისუფლების დამსახურებაა, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს საქართველოდან გაქცეული არიან. ეს იმიტომ, რომ სათქმელი არა აქვთ. თუ ქვეყანაში ერთი პოლიტპატიმარია, ის ქვეყანა დემოკრატიული არ არის. ჩვენ კი, არაერთი პოლიტპატიმარი გვყავს, რომელთა საქმეებსაც ჯერ სამუშაო ჯგუფი, მოგვიანებით კი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი განიხილავს“, - აცხადებს humanrights.ge-სთან საუბარში ნანა კაკაბაძე, „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი. 

ნანა კაკაბაძე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა საკითხებზე უკვე სამუშაო ჯგუფში იმუშავებს. აღნიშნულ ჯგუფში ასევე არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრის,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფი ორი კვირის ვადაში შეისწავლის და მიაწოდებს კომიტეტს განსახილველ საქმეებს. მათ შორის ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სავარაუდო პოლიტიკური პატიმრების სიას. 

კომიტეტის სხდომაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოხატა პოზიცია, შეწყდეს შეწყალების, ან თუნდაც საპროცესო შეთანხმების წესით პოლიტპატიმრების გათავისუფლება.  მოხდეს მათი დაუყოვნებლივ, უპირობო და ღირსეული გათავისუფლება. ასევე, რიგი საქმეების ხელახალი სასამართლო განხილვა და დარღვეული უფლებების აღდგენა.

ახალი ამბები