15:42, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჯოზეფ ქეის განმარტებით, მისთვის „იმედის“ გადაცემა და შემდეგ „წართმევა“ სააკაშვილისა და კეზერაშვილის გეგმა იყო

02.11.2012
ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის განმარტებით, ტელეკომპანია „იმედის“ მის მმართველობაში გადასვლა და შემდეგ მისთვის „წართმევა“ პირადად მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის გეგმა იყო. ამის შესახებ ბიზნესმენმა გაზეთ „კვირის ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობდი, რომ ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ, ვისაც წინა ხელისუფლების გაძლიერებაში წვლილი მიუძღვის, ვგულისხმობდი ტელეკომპანია „იმედს“ და 200 მილიონს, რომელიც საქართველოში ჩამოვიტანე. რაც შეეხება მაღალჩინოსნების მიერ ჩემს მიმართ განხორციელებულ ზეწოლას, კონკრეტულ სახელებს გეტყვით - მიხეილ სააკაშვილი და მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. საერთოდ, მათ სერიოზული ბიზნესისა და ბიზნესმენების მართვის კონტროლის „საინტერესო“ სქემები ჰქონდათ შემუშავებული“, - განაცხადა ქეიმ და ტელეკომპანია „იმედის“ გიორგი არველაძის ხელში მოხვდერის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

„ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაიძაბა. მთავრობა ბადრის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტისთვის და მისი ბიზნესის ხელშეუხებლობის გარანტად ტელევიზიას ითხოვდა. მთავრობისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც ისეთი ადამიანის ხელში ყოფილიყო ეს აქტივი, რომელსაც თავად ექნებოდა რამე დასაკარგი, ან მათი კლანის წევრი იქნებოდა. ბადრის შარანგიას კანდიდატურა შესთავაზეს, მაგრამ არ დათანხმდა. მე ორივე მხარისთვის მისაღები აღმოვჩნდი. ბადრისთვის - რატომ, ეს მე და მან ვიცით მარტო. მთავრობისთვის კი მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ამ დროისთვის საქართველოში უკვე ბევრი ჰქონდა დასაკარგი. ეს მოლაპარაკება ინტენსიურად მიმდინარეობდა. ორივე მხარე ჩქარობდა. თითქმის ყველაფერზე შევთანხმდით. მე შევხვდი პრეზიდენტს, მივიღე მისგან ბადრის, ჩემი ბიზნესებისა და ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტია. ჩემი მხრივ, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის 5 წლით მართვის უფლების გადაცემაზე თანხმობა. სანამ საბუთები მომზადდებოდა და ოფიციალურ სახეს მიიღებდა ეს გადაწყვეტილება, დავტოვე საქართველო და აშშ-ში ჩემს ერთ-ერთ დეველოპერში „ფიშერ აილენდზე“ დავბრუნდი. რამდენიმე დღეში ბადრი გარდაიცვალა. მითხრეს, ბადრი კი მოკვდა, მაგრამ მისი ოჯახი, შენ და თქვენი ბიზნესები ცოცხალია, ეს საქმე უნდა დაასრულოო. იქ იყო ისეთი საუბრები, რაზეც ახლა აპელირება არ მინდა. აი, ეს არის სიმართლე, რომელიც, მე ვიტყვი თუ არა, ადრე თუ გვიან, მაინც გაირკვევა. ეს გარიგება დავასრულე. ამის შემდეგ თითქმის ყველაფერი თავდაყირა დადგა: ორმხრივ ცეცხლში აღმოვჩნდი, საქართველოს ხელისუფლებამ უკიდურესად დაძაბა სიტუაცია ჩემსა და ბადრის ოჯახს შორის“, - აცხადებს ბიზნესმენი. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებისთვის მისგან შავი ოდიოზური პერსონა შექმნა. 

„2009 წელს კი გამომიცხადეს: სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩემთვის „იმედი“ წაერთმია. მოტივი იყო შემდეგი - ინა გუდავაძე ყველგან გებრძვის, გაშავებს და ტელევიზიაც შეიძლება წაგართვას, ამიტომ ის საიმედო ხელში უნდა იყოს. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ეს არ იყო ჩვენი შეთანხმება და 5 წელიწადში მე „იმედი“ უნდა დამებრუნებინა. თავისი გეგმის შესრულება შეძლეს“, - განმარტავს ქეი.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC