კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღია წერილი საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს

5 ნოემბერი, 2012

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი

სასჯელაღსრულების გლდანის მე–18 დაწესებულებაში უკვე ერთ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია ჩეჩნეთიდან ლტოლვილი, 32 წლის ახმედ ჩატაევი. მას მარჯვენა ხელი რუსმა სამხედროებმა 2000 წელს მაშინ მოაჭრეს, როცა ის დაჭრილი იყო და ურუს – მარტანის საავადმყოფოდან გაიტაცეს, სასტიკად აწამეს და დენზე შეართეს. მარცხენა ფეხი ჩატაევმა საქართველოში მას შემდეგ დაკარგა, რაც შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ის მოლაპარაკების მიზნით ლოპოტას ხეობაში ჩაიყვანეს, სადაც სნაიპერმა დაჭრა.

როგორც ცნობილია, საქართველო – დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შსს–მ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. 29 აგვისტოს შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი - ალყაში ჰყავდათ მოქცეული.

30 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლაფანყურში ადგილობრივ მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, განაცხადა, რომ ლეკიანობას კახეთში ვერავინ ვერ გაიმეორებს. „დარწმუნდა მემგონი ყველა, რომ ვერც ბასაევის 90–იანი წლების თარეში და ვერც მე–17, მე–18, მე–19 საუკუნეების ლეკიანობას კახეთში ვერავინ ვერ გაიმეორებს“, –აღნიშნა პრეზიდენტმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები ლოპოტას ხეობაში 28 აგვისტოდან ვმუშაობდით.

ჩვენ გამოვარკვიეთ, რომ შეიარაღებულ ჯგუფს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი დაღესტნის მხრიდან, როგორც ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა. ჩვენთან ინტერვიუებში სოფელ ლაფანყურის მაცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ იმ გარეგნობის ადამიანები, რომლებიც ე.წ. გატაცებულმა ახალგაზრდებმა აღწერეს, ლოპოტას ხეობაში მანამდეც ჰყავდათ ნანახი.

ლოპოტას ხეობიდან არ მომხდარა ახალგაზრდების გატაცება;

კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ შეიარაღებული ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც. შს სამინისტრო 3 დღის განმავლობაში უარყოფდა ამ ინფორმაციას, თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 1 სექტემბერს გაავრცელა სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული 3 ადამიანის ვინაობა. შსს–მ მაინც უარყო ინფორმაცია. 2 სექტემბერს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული 3 ახალგაზრდის, ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდინ ალდამოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ფოტოები. ამასთან, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილთა დაკრძალვას პანკისის ხეობაში აპირებდნენ. იმავე დღეს, გადავიღეთ დუისის სასაფლაოზე გაჭრილი 6 საფლავი. ფოტომასალის გავრცელების შემდეგ, საფლავები მიწით ამოავსეს. უკვე 3 სექტემბერს შს სამინისტრომ დაადასტურა, რომ 11 ლიკვიდირებულიდან 7–ის იდენტიფიცირება მოხდა, მათგან ორი, 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენი 5 კი რუსეთის. ამის შემდეგ შსს–მ ლოპოტას ხეობიდან სპეციალური დანიშნულების რაზმების დიდი ნაწილი გაიყვანა, შეწყდა სროლები.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა შეიარაღებული ჯგუფის ერთ–ერთ წევრთან, რომელიც სპეცოპერაციის დროს ლოპოტას ხეობაში იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ ჯგუფი საქართველოს შს სამინისტროს ანტოტერორისტული ცენტრის დახმარებით აპირებდა საზღვრის გადაკვეთას და დაღესტნიდან ჩეჩნეთში გადასვლას, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. რესპოდენტმა ამხილა კონკრეტული თანამდებობის პირებიც, კერძოდ ანტიტერორისტული ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი სანდრო ამირიძე და ამავე სამმართველოს თანამშრომელი ზელიმხან ხანგოშვილი. მისივე თქმით, სპეცოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებისათვის ცნობილი გახდა ამ ჯგუფის განზრახვის შესახებ და დაღესტნის საზღვართან რუსეთის მხრიდან გამოცხადდა მობილიზაცია. რუსეთს მტკიცებულებებით რომ არ დაედანაშაულებინა საქართველო ე.წ. ბოევიკების მფარველობაში, ხელისუფლებამ გაანადგურა ჯგუფის რამდენიმე წევრი.

ასევე, გამოვარკვიეთ, რომ სპეცოპერაციის შემდეგ ლოპოტას ხეობაში დააკავეს „კავკასიის იმირათის“ ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი ევროპაში ახმედ ჩატაევი. შსს ამ ინფორმაციასაც მალავდა. ერთ–ერთი ვერსიით, აპირებდნენ მის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის, სადაც ის იძებნება. დაკავებულის ადგილსამყოფელი იყო უცნობი. დავადგინეთ, რომ დაკავებულს 8 სექტემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩაუტარდა ოპერაცია, მოკვეთეს ფეხი, რის შემდეგაც ის მოათავსეს თბილისში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ახმედ ჩატაევის ინტერესების დასაცავად საქმეში ჩაერთო ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი.

საქართველოს მთავარი პროკურატურა (პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი) ახმედ ჩატაევს სსკ–ის 236–ე მუხლის I და II ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატაევს ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის თავს დამნაშავედ არ სცნობს. მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ იღებს წამლებს.

16 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტუღუშმა იმ პირთა სია დაამტკიცა, რომლებსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ საპატიმრო დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიენიჭათ. სიაში რამდენიმე ჟურნალისტს შორის მეც ვარ. მომეცა საშუალება, რომ შევხვედროდი პატიმრობაში მყოფ ახმედ ჩატაევს. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მან დეტალურად გაიხსენა, როგორ მოხვდა ლოპოტას ხეობაში.

ახმედ ჩატაევი თბილისიდან ლოპოტას ხეობაში, 28 აგვისტოს, საქართველოს შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობის თხოვნით ჩავიდა. მას ლოპოტას ხეობაში ჩასვლა ზელიმხან ხანგოშვილმა სთხოვა. თბილისიდან თელავამდე ჩატაევმა ტაქსით იმგზავრა. თელავში კი მას ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობა დახვდა ჯიპით და ის ლოპოტას ხეობაში წაიყვანეს.

შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ჩატაევს ლოპოტას ხეობაში მყოფ შეიარაღებულ ჩეჩნებთან და ქისტებთან მოლაპარაკებაში ჩართვა სთხოვეს. საქართველოს ხელისუფლება ითხოვდა, შეიარაღებულ ჯგუფს, რომელიც საქართველოდან დაღესტნის გავლით ჩეჩნეთში გადასვლას აპირებდა, იარაღი დაეყარა და სამართალდამცავებს ჩაბარებოდნენ. ჩატაევი ხეობის სიღრმეში მოლაპარაკებაზე შევიდა და იქიდან გამოსვლის შემდეგ ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელებს, რომლებსაც კარგად იცნობდა, უთხრა, რომ ჯგუფის წევრები იარაღის დაყრაზე უარს ამბობდნენ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სპეცრაზმი ლოპოტას ხეობას დატოვებდა, ისინი ისევ პანკისის ხეობაში დაბრუნდებოდნენ.

ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ჩატაევს რამდენიმე წუთი დრო სთხოვა. ჩატაევი ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ შს მინისტრთან, ბაჩო ახალაიასთან უნდა შეეთანხმებინათ მის მიერ მიწოდებული პირობა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, როცა ჩატაევი პასუხს ელოდებოდა, ის სნაიპერმა ფეხში დაჭრა. ჩატაევმა მიმალვა შეძლო, რამდენიმე წუთში კი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რომელიც დაახლოებით 2–3 საათს გაგრძელდა.

დაჭრილი ჩატაევი ლოპოტას ხეობაში 10 დღის განმავლობაში დარჩა. მას ჭრილობა გაურთულდა და სიარული ვეღარ შეძლო. ჯოხზე დაყრდნობილი ის გზაზე გამოვიდა და მესაზღვრეებს ანიშნა, რომ მარტო იყო, უიარაღოდ. მესაზღვრეებმა, რომლებიც მას გზაზე შეხვდნენ, ჩატაევს პირველადი დახმარება გაუწიეს, ჭრილობა შეუხვიეს და ხელმძღვანელობას აცნობეს. ამის შემდეგ ჩატაევი ჯერ თბილისში, იქიდან კი გორში გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას მარცხენა ფეხი მოკვეთეს.

სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებდა, შსს–ს 3 მოწმე ჰყავს, მესაზღვრეები გიორგი კერესელიძე, ბადრი ტყელამაძე, გოგი აივაზაშვილი. სამივე ლაფანყურის სასაზღვრო სექტორის თანამშრომელია.

24 ოქტომბერს მე შევხვდი გიორგი კერესელიძეს და ბადრი ტყემალაძეს. გიორგი კერესელიძემ დაგვიდასტურა, რომ ახმედ ჩატაევი მათ თავად ჩაბარდა და არანაირი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა თან არ ჰქონია. მისი თქმით, ჩატაევის ჩაბარების შემდეგ სამივე მესაზღვრე კუდ–ში დაიბარეს და ჩვენებებზე ხელმოწერა იქ დაავალეს. კერესელიძე ამბობს, რომ იმ სიტუაციაში სხვაგვარად არ შეეძლო. რაც შეეხება ბადრი ტყემალაძეს, მისი თქმითაც, ჩატაევს ხელყუმბარები არ ჰქონია.

იმის მიუხედავად, რომ ჩემთან შეხვედრის შემდეგ მესაზღვრეებმა შსს–დან სასწრაფოდ რადიოგრამა მიიღეს, ჟურნალისტებთან არ ესაუბრათ, 30 ოქტომბერს გიორგი კერესელიძეს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტიც ესაუბრა. კერესელიძემ „მეცხრე არხთან“ საუბარშიც დაადასტურა, რომ ჩატაევი შეიარაღებული არ ყოფილა და მას ხელი ცრუ ჩვენებაზე მოაწერინეს.

გავრცელებულია ინფორმაცია, თითქოს ჩატაევი თავად იყო შეიარაღებული ჯგუფის ერთ–ერთი ორგანიზატორი, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ინფორმაციის გავრცელებით დაინტერესებულები არიან შსს–ს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თავად იყვნენ ჩართულნი სპეცოპერაციაში, რომლის შედეგადაც ადამიანების ლიკვიდაცია მოახდინეს. ისინი დღემდე რჩებიან თანამდებობებზე. აღნიშნული ჩინოვნიკები აშინებდნენ პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს, მონაწილეობა არ მიეღოთ 28 ოქტომბერს, პანკისის ხეობაში გამართულ აქციაში, სადაც აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მიმართეს და ჩატაევის გათავისუფლება სთხოვეს.

ჩატაევი არ მალავს, რომ ჯგუფის წევრებმა მას 28 აგვისტომდე მართლაც სთხოვეს ჩეჩნეთში გადასვლაზე დახმარება, რაზედაც მისგან უარი მიიღეს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩატაევი გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს.

ვფიქრობ, საკმარისზე მეტი ინფორმაციაა, ახმედ ჩატაევის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შესაწყვეტად, პირველ ეტაპზე კი, მისთვის პატიმრობის გირაოთი შესაცვლელად. ამის მიუხედავად, პროკურორი გოზალიშვილი 29 ოქტომბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელიც 1 ნოემბრისთვის გადაიდო, აცხადებდა, რომ პროკურატურა ბოლო 8 წლის განმავლობაში ასე მუშაობდა და თურმე, არავის გვაქვს უფლება, ეჭვსქვეშ დავაყენოთ მოწმეთა ჩვენებების ნამდვილობა, მით უფრო, რომ სამივე მათგანი შსს–ს თანამშრომელია და ა.შ.

არც მე და არც პანკისის ხეობის მოსახლეობის სრულ უმრავლესობას „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში ხმა იმიტომ არ მიგვიცია, რომ ეს ისევ ასე გაგრძელდეს.

ახალი ამბები