კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობა პრეზიდენტის სასახლის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, თბილისის მერიის დაფინანსების შემცირებას გეგმავს

5 ნოემბერი, 2012

სივილ ჯორჯია

სახელმწიფო ხარჯების „ოპტიმიზაციის“ მიზნით ახალი მთავრობა გეგმავს, რომ შეამციროს სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯები, მათ შორის პრეზიდენტის სასახლის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და თბილისის მერიის დაფინანსება.

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 2 ნოემბერს, რომ პრეზიდენტის სასახლის შენახვის ხარჯები ძალიან მაღალია და მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ გადავიდეს ავლაბრის რეზიდენციიდან.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს შეუძლია მთავრობის კანცელარიაში არსებული პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავოს. ამავე შენობაშია განთავსებული ეროვნული უშიშროების საბჭო და რამდენიმე სამინისტროს ოფისებიც. პრეზიდენტის რეზიდენცია მთავრობის კანცელარიაში იყო განთავსებული, სანამ 2009 წლის ივლისში ის ახლადაშენებულ სასახლეში გადავიდოდა.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებას შევამცირებთ მკვეთრად“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, რომელზეც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. მისი თქმით, მთავრობა აღარ გამოყოფს სახსრებს, რომელიც მხოლოდ ერთი პირის ფუფუნებას ემსახურებოდა.

„ამდენი დევნილის, ამდენი გაჭირვებულის პირობებში, მე მიმაჩნია, რომ ამორალურია ასეთ სასახლეში ცხოვრება“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ 800 000 მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახდელია წელიწადში პრეზიდენტის სასახლის მომსახურებაზე.

„აშენება ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა საჭირო არ იყო“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მისი მთავრობა კვლავ ცდილობს დაადგინოს რა დაჯდა სასახლის მშენებლობა.
 
„ჩვენ ვთავაზობთ [სააკაშვილს], რომ კეთილი ინებოს და გადმოვიდეს [მთავრობის კანცელარიაში]“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ამის საპასუხოდ, პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ  პრეზიდენტის სასახლე „არ გახლავთ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება“.

„საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მაჯგალაძემ 2 ნოემბერს, „სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება ყველა ცივილიზებული ქვეყნის დემოკრატიის ნაწილია. საქართველოს შემთხვევაშიც, ეს ჩვენი ქართული დემოკრატიის ნაწილია. ასევე დემოკრატიის შემადგენელია განსხვავებული აზრის მქონე ინსტიტუტების არსებობის შეგუება“.

მთავრობამ განაცხადა 2 ნოემბერს, რომ ასევე გადახედავს 800 000 ლარის ოდენობის ყოველთვიურ დაფინანსებას პრეზიდენტის ორიდან ერთ–ერთი თვითმფრინავის შენახვაზე. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ამ დაფინანსების გამოყოფა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ხდებოდა.

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა 2 ნოემბერს, რომ ასევე გაბერილია 24 მილიონი ლარის წლიური დაფინანსება ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის. მისი თქმით, უშიშროების საბჭოს 24.7 მილიონიანი ლარის წლიური ბიუჯეტიდან 21 მილიონ ლარზე მეტის ხარჯვა გაუმჭირვალეა.

მისი თქმით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი თბილისის მერიისთვის 100 მილიონი ლარით ნაკლებს გამოყოფს. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 445 მილიონი ლარის ტრანსფერს ითვალისწინებს ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში.

„მკვეთრად შევამცირებთ ქალაქის ტრანსფერსაც, რომელიც ქალაქს გადაეცემოდა და მიზეზი ამის გახლავთ ის, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა ძალიან ხშირად გაურკვეველი პროექტები – ფესტივალები, კონცერტები“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ახალი ამბები