კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი პატიმართა პროტესტს პროვოცირებულს უწოდებს

6 ნოემბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

5 ნოემბერს სასჯელაღსრულების ქსნის #15-ე დაწესებულების დირექტორმა ნუკრი ხუხუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. „პატაკს ვწერ და თუ დამიკმაყოფილებენ, თანამდებობიდან მივდივარ“, - განაცხადა ნუკრი ხუხუამ.

თუმცა, მეორე დღეს, 6 ნოემბერს ნუკრი ხუხუამ თანამდებობიდან წასვლა რამდენიმე დღით გადაიფიქრა. როგორც ხუხუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არ სურს, ვინმემ იფიქროს, რომ რამეშია დამნაშავე და გადადგა, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დაწესებულებაში მომუშავე გენერალური ინსპექცია პატიმრების ბრალდებებზე მოკვლევებს დაასრულებს.

„მუშაობას გენინსპექცია 3-4 დღეში დაასრულებს და ამის მერე მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩემი წასვლით, არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამნაშავე ვარ რამეში და პასუხისმგებლობას გავურბივარ და ამიტომ წავედი თანამდებობიდან. ამას ნამდვილად არ გავურბივარ და სწორედ ამიტომ - დაველოდები გენინსპექციის მუშაობის დასრულებას. დაწერილი პატაკი კი მაგიდაზე მიდევს“, - განაცხადა ნუკრი ხუხუამ.

ხუხუას გადადგომის მოთხოვნით სასჯელაღსრულების #15-ე დაწესებულებაში 2000-მდე პატიმარი შიმშილობს. მათმა ნაწილმა პირიც ამოიკერა და კიდურებით ერთმანეთს მიეკერა.

ნუკრი ხუხუა დაწესებულებაში არსებულ ვითარებას პროვიცირებულს უწოდებს. მისი თქმით, პატიმართა პროვოცირება მის წინააღმდეგ მოხდა მას შემდეგ, რაც დირექტორად დანიშვნის პირველ დღეებში მოინახულა დაწესებულებაში მყოფი ე.წ. მაყურებელი ახალაია და მოსთხოვა, თავი დაენებებინა ციხეში სიგარეტის შეგროვებისთვის.

„დაახლოებით ათასამდე კოლოფი სიგარეტი გროვდებოდა იმ მიზნით, რომ ის დაერიგებინათ მძიმედ დაავადებული პატიმრებისთვის და ე.წ. უპატრონო მსჯავრდებულებისთვის. მას შემდეგ, რაც ამ ფაქტის შესახებ შევიტყვე, გავაფრთხილე ეს პატიმარი, რომ თავი დაენებებინა სიგარეტის შეგროვებისთვის. ათასამდე კოლოფი გროვდებოდა, 200-300 კოლოფი მართლაც ურიგდებოდათ ავადმყოფ და უპატრონო პატიმრებს, დანარჩენი სად მიდიოდა არ ვიცი. სამი მსგავისი დაჯგუფება მოქმედებდა. მივიღე ინფორმაცია, რომ ამ სიგარეტს ცვლიდნენ ციხის მაღაზიაში პროდუქტებზე. ამ აკრძალვის შემდეგ დაიწყო პატიმრების პროვოცირება. ასევე, მითხრეს, რომ შემორჩენილი სიგარეტი ციხის თანამშრომლებთანაც მიდიოდა. შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ეს სიგარეტი ერთ-ერთ თანამშრომელს დღეში ორი კოლოფის სახით მართლაც მიეწოდებოდა. ამის შემდეგ დავიბარე რამდენიმე ოფიცერი და ერთ-ერთ მათგანს პირდაპირ ვუთხარი, რომ ის აკეთებდა ამას. ასევე, ოფიცრებს ვკითხე, ჩემს ადგილას რას იზამდნენ. ორმა მათგანმა მითხრა, რომ აღნიშნული ოფიცერი დასჯის ღირსი იყო, თუმცა მას მხოლოდ გაფრთხილება მივეცი“, - განაცხადა ნუკრი ხუხუამ.

ციხის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს პატიმრების ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ის ბაჩო ახალაიას გარემოცვის წევრია.

„მე ვარ ძველი კადრი, სისტემაში ვარ 1978 წლიდან. ახალაია რომ მოვიდა, მე-5 საპყრობილის დირექტორის მოადგილე ვიყავი. ახალაია მოვიდა 2006 წლის თებერვალში. გადამიყვანეს სად-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, სადაც ვმუშაობდი აპრილამდე. მას შემდეგ, რაც მოხდა ციხის ცნობილი ბუნტი, მეგის ქარდავასთან შელაპარაკება მომივიდა და სამსახურიდან წამოვედი. ამის შემდეგ 2008 წლამდე ვიყავი უმუშევარი. შემდეგ მივმართე დეპარტამენტს(კაკუას დროს) განცხადებით, რომ აღვედგინე ნებისმიერ თანამდებობაზე. დამიკმაყოფილეს მოთხოვნა და დავინიშნე #1 საპყრობილის დირექტორის პირველ მოადგილედ, სადაც ვიმუშავე 2010 წლამდე. 2010 წლის სექტემბერში ჩემს დაწესებულებაში, სად-ის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძის მონაწილეობით იქნა შეთითხნილი საქმე და დააკავეს ჩემი ორი თანამშრომელი, რის შემდეგაც პროტესტის ნიშნად დავტოვე სამსახური. მე არ მოვიაზრები მათ წრეში. სამჯერ ვარ მის კაბინეტში ნამყოფი, კარგი ურთიერთობა რომ მქონოდა სამსახურიდან გამიშვებდა? არ ვარ ახალაიას კადრი, მისი კადრები არიან ისინი, ვინც ახალაიას დანიშვნის შემდეგ მივიდნენ სამსახურში. მე კი მას სამსახურში დავხდი“, - განაცხადა ნუკრი ხუხუამ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ ვისი გადაწყვეტილებით დაინიშნა ის #15 დაწესებულების დირექტორად, ხუხუამ აღნიშნა, რომ შეთავაზება არ მიუღია პირადად სოზარ სუბარისგან, თუმცა მიიღო მისი აპარატიდან.

ამასთან, ნუკრი ხუხუამ პატიმრების კიდევ ერთი ბრალდება უარყო, რომლის მიხედვით ის მსჯავრდებულებს სპეცრაზმის შეყვანით ემუქრება.

ციხის დირექტორის თქმით, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პრობლემების მოგვარება მისი გადადგომით მოხდება, მზად არის დატოვოს თანამდებობა. თუმცა როგორც ხუხუამ აღნიშნა, თუ ამას გააკეთებს, დამკვიდრდება ტენდეცია და პატიმრები ყველა დაწესებულებაში ანალოგიურად მოიქცევიან.

„თუ ჩემი გადაგომით პრობლემები აღმოიფხვრება, მზად ვარ გადავდგე, მაგრამ ამას მიეცემა პერმანენტული ხასიათი. შემირცხვენია ის დირექტორი და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც მართული იქნება დამნაშავის მხრიდან. დღეს ორი დირექტორი მოხსნეს, ხვალ მიადგებიან პარლამენტს. რაც შეეხება ბრალდებებს, სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, მანამდე ოთხი დღით ადრე, ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა სტატია სათაურით - „სისხლი დაიღვრება“, სადაც საუბარი იყო, რომ ოთხი დღის შემდეგ ქსნის მე-15 დაწესებულებაში მოხდება ის, რაც მოხდა #16 დაწესებულებაში. დანარჩენი განსჯისთვის საზოგადოებისთვის მიმინდია“, - განაცხადა ნუკრი ხუხუამ.

მისივე თქმით, პატიმრები ასევე ცრუ ბრალდებებს უყენებენ ექიმებს.

„ჟანა ფურცელაძე, რომელსაც პატიმრები ახსენებენ, ძალიან კარგი და გულისხმიერი ექიმია. ექიმების წინააღმდეგ ასეთი განცხადებები კი უკავშირდება იმას, რომ პატიმართა 35-40% არის ნარკომანი და რადგან ვერ იღებენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ითხოვენ ფსიქოტროპულებს. ეს კი, ექიმების კომპეტენციაში არ შედის და მხოლოდ დანიშულების შედეგად მიეცემათ პატიმრებს“, - განაცხადა ნუკრი ხუხუამ.

ახალი ამბები