კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ხდებოდა აცანის საჯარო სკოლაში

7 ნოემბერი, 2012

ნინო მშვიდობაძე, გურია

რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მიზეზი უფროსკლასელების მიერ გამოხატული პროტესტი იყო.

აცანის საჯარო სკოლა ერთ–ერთია იმ სასწავლო დაწესებულებათაგან, სადაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განათლების მინისტრმა დანიშნა. 17 ოქტომბერს დირექტორმა დარეჯან სირაძემ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა. ამჟამად დირექტორის მოვალეობას პედაგოგი ციალა ჩხაიძე ასრულებს. მოსწავლეებს კი სურთ, რომ სკოლის დირექტორად სოფელ აცანის მკვიდრი, ქუთაისის ერთ–ერთი სკოლის პედაგოგი ანდრო ქინქლაძე იხილონ.

Humanrights.ge-სთან საუბრის დროს უფროსკლასელები აცხადებდნენ, რომ ანდრო ქინქლაძეს წელიწადნახევარია განცხადება აქვს დაწერილი დირექტორობაზე თავისი კანდიდატურის განხილვის შესახებ, მაგრამ ბლოკავენ.

ანდრო ქინქლაძე პრეზიდენტის სტიპენდიანტი და სერტიფიცირებული პედაგოგია. იგი ამბობს, რომ მას მშობლიური სკოლის დირექტორობა სურდა, მაგრამ რატომღაც მისი კანდიდატურა დაბლოკეს, თუმცა - მიზეზი ვერ გაარკვია. 

„ისე განვითარდა მოვლენები, რომ რატომღაც ჩემი კანდიდატურა დაიბლოკა. განაცხადი დაწერილი მქონდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადგილი იქნებოდა ლანჩხუთის რომელიმე სკოლაში, ჩემთვის უნდა ეცნობებინათ“, - ამბობს ქინქლაძე, რომლის თქმით, მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, მაინც აპირებს იბრძოლოს აცანის საჯარო სკოლის დირექტორის ადგილის მოპოვებისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ ლანჩხუთის რესურს–ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია ურუშაძეს.

ნათია ურუშაძე: მართალია, ჩემს კომპეტენციებში არ შედის სკოლებში დირექტორების დანიშვნა–არჩევა, მაგრამ გეტყვით, რომ კონკურსის წესით არჩეული დირექტორი ლანჩხუთის დაახლოებით ათ სკოლაში გვყავს, დანარჩენებში მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ასრულებს ამ ფუნქციას. სხვათა შორის, მეც დღემდე ვასრულებ რესურს–ცენტრის უფროსის მოვალეობას, მაგრამ ეს ნამდვილად არაა მუშაობაში ხელის შემშლელი ფაქტორი. აცანის საჯარო სკოლასაც ჰყავდა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან სირაძე, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის თაობაზე 17 ოქტომბერს მოგვმართა. განცხადებაში აღნიშნა, რომ ოჯახური პირობების გამო ტოვებდა თანამდებობას.

- ანუ ქალბატონი დარეჯანიც მხოლოდ მოვალეობას ასრულებდა?

- დიახ, ასეა. არსებობს დირექტორების ორი ტიპი: ერთია, არჩეული დირექტორი, რომელიც კონკურსში გაიმარჯვებდა და მერე უკვე აირჩევდა სკოლის სამეურვეო საბჭო და მეორე არის უშუალოდ მინისტრის მიერ დანიშნული მოვალეობის შემსრულებელი.

- რატომ არ აირჩიეს დირექტორი აცანის სკოლაში?

- დირექტორების კონკურსი 2007 წელს გამოცხადდა. მას შემდეგ არ გამოცხადებულა. კონკურსის წესით ბევრ სკოლაში ვერ შეირჩა დირექტორები. საჭირო იყო სწრაფი რეაგირება, რათა სკოლები არ დარჩენილიყო უდირექტოროდ. ამიტომ გადაწყდა, რომ უშუალოდ მინისტრს ასეთ სკოლებში დაენიშნა მოვალეობების შემსრულებლები. 2007 წლიდან დარეჯან სირაძე სწორედ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო აცანის სკოლაში.

- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენ საჯარო სკოლაშია დღეს ასეთი „დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი“?

- საკმაოდ ბევრგან, მაგალითად: შუხუთის, ნიგოითის, ჭანჭათის, აცანის, მამათის, ქალაქ ლანჩხუთის #3, ლესის, ჩიბათის, ჯურუყვეთის ორივე, შრომისუბნის საჯარო სკოლებში, თითქმის უმეტეს სკოლაში დანიშნულები არიან დირექტორების მოვალეობების შემსრულებლები. მათ აბსოლუტურად ყველა ის ფუნქცია აქვთ, რაც ჩვეულებრივ დირექტორს. ამდენად, არც აცანაში ხდებოდა რაიმე განსაკუთრებული.

- ახლა ვინ ასრულებს დირექტორის მოვალეობას აცანის სკოლაში?

- კანონიდან გამომდინარე, დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, აცანის სკოლაშიც ასეა, მოვალეობას მისი მოადგილე ციალა ჩხაიძე ასრულებს. ამას მკვეთრად განსაზღვრავს კანონი. მე ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ და ვიმეორებ, რომ ეს არ შედის ჩემს კომპეტენციებში.

- რა გზას უნდა დაადგეს რესურს–ცენტრი თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში?

- დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატის განცხადება ჩვენი გავლით იგზავნება სამინისტროში. კანდიდატის მიერ შეგროვებულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას თან ერთვის ჩვენი განცხადება, რომელიც ერთი წინადადებით შემოიფარგლება: გთხოვთ, განიხილოთ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. სამინისტროში ჩვენგან გაიგზავნა დარეჯან სირაძის განცხადება გათავისუფლების თაობაზე და ამასთან, გაიგზავნა ანდრო ქინქლაძის განცხადება, სადაც ის სურვილს გამოთქვამდა აცანის სკოლის დირექტორის მოვალეობის შესრულებაზე. განცხადებას თან ერთვოდა დოკუმენტაციაც, რაც ჭირდება კანდიდატის შერჩევას ნებისმიერ საჯარო სამსახურში. ვიმეორებ, ეს ორივე განცხადება გადაიგზავნა რესურს–ცენტრიდან სამინისტროში. ამ შემთხვევაში, ჩვენი ფუქნცია მხოლოდ ესაა. ამ შემთხვევაში, სამინისტროში დაკმაყოფილდა დარეჯან სირაძის განცხადება გათავისუფლების თაობაზე. სამწუხაროდ, ქინქლაძის განცხადება არ დაკმაყოფილებულა.

- არის თუ არა ამის მიზეზი თქვენთვის ცნობილი?

- ჩემთვის ცნობილია, რომ აპირებენ დირექტორების დანიშვნის წესის შეცვლას. ამან გამოიწვა ისიც, რომ დარეჯან სირაძის განცხადების დაკმაყოფილებაც გაჭიანურდა, რომ უდირექტოროდ სკოლაში არ წარმოქმნილიყო პრობლემა. ამასობაში შეიცვალა სიტუაცია, დაინიშნა ახალი მინისტრი, რომელმაც დააკმაყოფილა სირაძის განცხადება, მაგრამ არ დააკმაყოფილა ქინქლაძის განცხადება. ჩემს კომპეტენციებში ამის გარკვევა არ შედის. მე არ ვიცი, რატომ უთხრეს უარი ქინქლაძეს განცხადების დაკმაყოფილებაზე, არც ის ვიცი, რა პროცესები წარიმართება სამინისტროში. ჯერ თათბირიც არ გვქონია.

ნათია ურუშაძის ცნობით, ამჯერად აცანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.

ფოტოზე: ლანჩხუთის რესურს–ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ურუშაძე

ახალი ამბები