კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირობები ციხეში და 7 აივ ინფიცირებული პატიმარი

8 ნოემბერი, 2012
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

პირადი უსაფრთხოება, კვებითა და ჰიგიენით უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურება, პაემანი, სატელეფონო საუბარი და მიმოწერა  ახლობლებთან - ეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პატიმართა უფლებების არასრული ჩამონათვალია, რომლის არარსებობის გამო ქუთაისის მე-2 საპყრობილეში პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს.

„პატიმრები ციხეში არსებულ პირობებს, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ჯანმრთელობის პირობებს აპროტესტებენ. იქ მართლაც მძიმე ვითარებაა. პატიმრები მძიმე დაავადებებით არიან დაავადებული და სასწრაფო გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროებათ. მათგან სამი აივ ინფიცირებულია. ისინი რეჟიმის შეცვლას და მკურნალობას ითხოვენ“, - აცხადებს humanrights.ge-სთან საუბარში სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის საბჭოს წევრი, სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის  ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე. 

სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის საბჭოს წევრებმა, რომელიც  სასჯელაღსრულების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ტუღუშის სპეციალური ბრძანების საფუძველზე მიმდინარე წლის სექტემბერში შეიქმნა, ქუთაისის მე-2 და გეგუთის მე-14 დაწესებულებებში პირველი ვიზიტი 24-25 ოქტომბერს  განახორციელეს. პატიმართა და მათი ოჯახის წევრთა დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე კი, ქუთაისის მე-2 საპყრობილე განმეორებით 2 და 5 ნოემბერს   მოინახულეს. აღნიშნულ ციხეში 7 პატიმარი შიმშილობს. ერთ-ერთმა მათგანმა კი პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.

„ციხის ადმინისტრაცია დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ პატიმარს ჩვენთან შეხვედრა სურდა. საუბარია პატიმარზე, რომელიც გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობით ციხიდან სამკურნალო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი. რამდენიმე დღის წინ კი, ისევ ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში დააბრუნეს. იგი ციხეში არსებულ არასათანადი პირობებს აპროტესტებს და კვლავ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. აღნიშნული პატიმრის მოთხოვნა ორჯერ იქნა დაკმაყოფილებული. ციხეზე კი, როგორც ირკვევა, საკუთარი განცხადების საფუძველზე დააბრუნეს. ვითარება მართლაც შემაშფოთებელია და ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. თუმცა, არის საკითხები, რომელთა გადასაწყვეტად გარკვეული პროცედურებია საჭირო“, - განმარტავს მანანა მანაგაძე.

პატიმრები ციხის პირობებსა და დაწესებულებაში სამედიცინო ნორმების არარსებობა  აპროტესტებენ. ასევე, სოლიდარობას უცხადებენ უკანონო პატიმრებს და ასახელებენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა სახელებს, რომლებიც მათ არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ისინი ამ პირთა სათანადოდ დასჯას ითხოვენ. 

„პატიმრები ყვებიან უსამართლოდ მინიჭებულ სასჯელზე, ასევე, როგორ საშინლად ექცეოდნენ მათ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები. აგრეთვე, მაღალჩინოსნები, მათ შორის მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი, რომლებიც, მათივე განმარტებით, შუაღამეს შედიოდნენ საკნებში და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე,  ხელკეტებით სცემდნენ პატიმრებს. დღეს ეს პატიმრები სწორედ მათი უფლებების აღდგენასა და ამ პირთა სათანადო დასჯას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა  ისინი არათუ დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდნენ, არამედ დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი“, - განმარტავენ მონიტორინგის საბჭოს წევრები.

პატიმართა შეზღუდულ უფლებებზე საუბრობენ ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურისტების განმარტებით, „პატიმრებს გააჩნიათ საქარველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ ხორციელდება. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ პატიმართა უფლებები საქართველოს კანონმდებლობის გარდა, საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს ეფუძნება. რეალობაში კი, ეს ყველაფერი დარღვეულია და სახეზე გვაქვს ძალიან მძიმე სურათი“.

პრეტენზიებს შორის, რომელსაც პატიმრები ასახელებენ, რეჟიმის ტიპის მიხედვით მათი გადანაწილებაა. როგორც ირკვევა, საერთო რეჟიმიდან მკაცრ რეჟიმზე გადაყვანა მასიური ხასიათს ატარებს.

„ამას ემატება კვების პრობლემა. ის საკვები, რომლითაც პატიმრები იკვებებიან არათუ უხარისხოდაა მომზადებული, საერთოდ საკვებად უვარგისია. როგორც ირკვევა, ქუთაისის მე-2, ასევე, გეგუთის მე-14 დაწესეულებებს  კვებით შპს "ქართული კვება" უზრუნველყოფს. თუმცა, როგორც პატიმრები აცხადებენ, ისინი რეალურად მხოლოდ მარხვის დრეებში, ოთხშაბათს და პარასკევს იკვებებიან, როცა ციხეში საპატრიარქოს მიერ გაგზავნილი საკვები შედის. საშინელებაა, როცა ადამიანს, რომელსაც უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, საკვებიც კი, სანატრელი ჰქონდეს“, - აცხადებენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები.

მათი განმარტებით, ქუთაისის მე-2 საპყრობილეში, სადაც სულ 1350 პატიმარია (აქედან 1266 მსჯავრდებული, 84 - ბრალდებული), უმრავლესობა მძიმე დაავადებებითაა დაავადებული და სასწრაფო სამედიცინო მკურნალობას საჭიროებს. მათგან 3 აივ ინფიცირებულია. გეგუთის მე-14 საპყრობილეში კი, აივ ინფექციით 7 პატიმარია დაავადებული. 

„ქუთაისის მე-2 საპყრობილეში პატიმრები, რომლებსაც საკანში რამდენიმე დღის წინ აივ ინფიცირებული შეუსახლეს, წუხან, რომ პირადი მოხმარების ნივთები, როგორიცაა მაკრატელი და ა. შ. საერთო აქვთ. შემოგვჩივლეს, რომ რამდენიმე დღის წინ აივ-ზე ანალიზი აუღეს, პასუხი კი, მათთვის ჯერ არავის უცნობებია. ამ ფაქტის გამო შეშფოთებული არიან და დახმარებას ითხოვენ“, - განმარტავს მანანა მანაგაძე.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები საქართველოში წინა პერიოდთან შედარებით მკვეთრად შეცვლილ პირობებზე საუბრობენ (გულისხმობენ წამების ფაქტებს და არაადამაინურ მოპყრობას), იმასაც დასძენენ, რომ საკნებში ჯერაც მძიმე მდგომარეობაა. სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის საბჭოს წევრები კი, რომელთაც უფლებამოსილება 2013 წლის 31 იანვრამდე უგრძელდებათ, თანხმდებიან, რომ ციხეში ხელახალი რეფორმაა ჩასატარებელი, ასამოქმედებელია ეფექტური მექანიზმი პატიმართა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებების დასაცავად, რათა პირველ რიგში მათ თავი ადამიანად იგრძნონ, საბოლოო ჯამში კი, ვითარება ძირეულად შეიცვალოს. 

ახალი ამბები