კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანი აცხადებს, რომ უდანაშაულოა

8 ნოემბერი, 2012
 
ხათუნა გაგნიძე, „ინტერპრესნიუსი“

„ეი-ეს თელასის“ კომერციული ექსპერტის, კომპანიის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანი დაკავებამდე და დაკავების შემდეგ სკანდალურ დეტალებზე საუბრობს. 

რით უკავშირდება მის საქმეს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის დაკავება? რას თხოვდნენ მას ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ და ვინ დაგეგმა გია გვიჩიანის პირველი და მეორე დაკავება, ამაზე #6 სასჯელარსრულების დაწესებულებაში მყოფი გვიჩიანი ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრს, „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს ესაუბრა. 

როგორც გვიჩიანი ყვება, თავდაპირველად ლომინაძის მკვლელობის შემდეგ, 2003 წელს „თელასისთვის“ ზიანის მიყენების ბრალდებით დააკავეს, ხოლო დაკავება „ენერგომაფიასთან“ დაახლოებულმა ავთანდილ ჯორბენაძემ დაგეგმა. 

„სულ „თელასში“ 8 წლის განმავლობაში ვიმუშავე, საიდანაც 5 წელი მომიწია, დავპირისპირებოდი ქართულ ენერგომაფიას. მის შემადგენლობას არ ვასახელებ, რადგან ვაპირებ, რომ აქედან გამოსვლის შემდეგ მათ სასამართლოში ვუჩივლო. 

„თელასს“ მაშინ ამერიკელი ხელმძღვანელობა ჰყავდა და ქართველებიდან ერთადერთი მე ვიყავი, ვისაც ამ მაფიასთან შეხვედრა შეეძლო. მასში, რა თქმა უნდა, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები იყვნენ, რომლებიც დღესაც აკონტროლებენ ქართულ ენერგეტიკას, თითქმის სრულად.

ამერიკელებმა როცა წასვლა გადაწყვიტეს, მაფიის წევრები გამწარებული მყავდა რამდენჯერმე. კერძოდ მათი გამოწვეული იყო უშუქობა საქართველოში მაშინ, როდესაც თურქეთში იყიდებოდა ელექტროენერგია. ანკარაში მე თვითონ შევესწარი, თუ როგორ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ამ ფაქტს ჩემთან ერთად „თელასის“ ერთ-ერთი უცხოელი მენეჯერიც შეესწრო. სწორედ ამის საფუძველზე შეუკვეთეს ჩემი თავდაპირველი დაპატიმრება, რომელიც მოხდა 2003 წელს 3 დღით. ბრალად წამიყენეს, თითქოს მე „თელასს“ ზიანი მივაყენე 2,5 მილიონი ლარით. 

სხვადასხვა სატელევიზიო არხებმა გააკეთეს სიუჟეტები, რომ მე შეიძლება კავშირი მქონოდა ლომინაძესთან. ისინი სვამდნენ კითხვას - ჩემი დაპატიმრებით ლომინაძის საქმე ხომ არ გაიხსნებოდა? ეს შეიძლებოდა პროკურატურიდან ყოფილიყო მიწოდებული. ეს კადრები ნანახი ჰქონდა მთელს საქართველოს, მათ შორის - ნოდარ გვიჩიანს, რომელიც ჩემი მხოლოდ მოგვარეა და ათას საშინელებას აკეთებინებდნენ მას. „თელასის“ მფლობელმა ამერიკელებმა სასამართლოს მიმართეს, რომ მე მათთვის არანაირი ზიანი არ მიმიყენებია და შესაბამისად, სასამართლომ გამათავისუფლა. 

პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლო 2003 წლის 19 ივლისს ჩაინიშნა. 17 ივლისს კი მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ ჩაატარა მთავრობის სხდომა, სადაც განიხილებოდა ერთადერთი საკითხი - ჩემი ხელახალი დაპატიმრება. აქედან ვასკვნი, რომ ჩემს დაპატიმრებას ავთანდილ ჯორბენაძემ გაუწია ორგანიზება. ეს ინფორმაცია მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა მომიყვა, რომ ჯორბენაძემ პირდაპირ დაავალა გენპროკურორსა და შს მინისტრს, თითქოს ამ დაპატიმრებას ჰქონდა უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და მოსამართლისთვის უნდა დაერეკათ და მე ხელახლა დავეპატიმრებინე. ავთანდილ ჯორბენაძე პირადად იყო ახლო ურთიერთობაში ენერგომაფიასთან. ვასკვნი, რომ ის მათ დაკვეთას ასრულებდა, თორემ სად გინახავთ მთავრობა იკრიბებოდეს კერძო თანამშრომლის დასაპატიმრებლად?!“ - ამბობს გვიჩიანი.

კითხვაზე, თუ რა კავშირი აქვს სულხან მოლაშვილის დაკავებას გვიჩიანის საქმესთან, გია გვიჩიანი პასუხობს: 

„ჩემი პირველი დაკავებისას, პროკურატურამ „თელასიდან“ მთელი ფინანსური დოკუმენტაცია წაიღო. „თელასს“ მაშინ ურთიერთობა 300 კერძო კომპანიასთან ჰქონდა. ყველა დაიბარეს პროკურატურაში და ფინანსურმა პოლიციამ შეისწავლა კომპანიების საქმიანობა. ამას უკავშირდება სულხან მოლაშვილის დაპატიმრებაც. კერძოდ, დოკუმენტების წაღების შემდეგ ყველა კომპანია შეამოწმა ფინანსურმა პოლიციამ. ერთ-ერთი ორგანიზაცია იყო საბითუმო ბაზარი და აღმოჩენილი დარღვევების გამო, დააკავეს მისი დირექტორის მოადგილე ნატროშვილი. ეს საბითუმო ბაზარი მანმადე შემოწმებული ჰქონდა კონტროლის პალატას. წავიდნენ კონტროლის პალატაში და დააკავეს სულხან მოლაშვილი, მისი მოადგილე და კიდევ სხვა თანამშრომლები. მთავარი არის ის, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობიდან წავიდა და მკვლელობის ნაცვლად სულ სხვა საკითხებით დაკავდა პროკურატურა“, - ამბობს გვიჩიანი.

სამ დღეში როგორც თავად გვიჩიანი ამბობს, ის გაათავისუფლეს, თუმცა მის მიერ ნახსემები „ენერგომაფიის“ წარმომადგენლები კიდევ ცდილობდნენ მის დაკავებას და ეს იგეგმებოდა.

2006 წელს, როგოც მსჯავრდებული ყვება, მისი კიდევ ერთი დაკავება მზადდება, რომლშიც ჩართულია უკვე მაშინდელი ხელისუფლება, - ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური, ახლანდელი თბილისის მერი - გიგი უგულავა და ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მაშინდელი სოდ-ის უფროსთან, ერეკლე კოდუასთან ერთად. 

„2006 წელს ნოდარ გვიჩიანი დააპატიმრეს. მან შეთხზა ისტორია, მოიგონა, რომ თვითონ შუამავალი იყო ჩემი შეკვეთილი მკვლელობისა და თავის 3 ნაცნობს - ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძეს და გია პაპაჩაშვილს დააბრალა ლომინაძის მკვლელობა. ასევე - თურქეთის მოქალაქის მკვლელობა. მან გამოიყენა საპროცესო შეთანხმების მანკიერი ფორმა და თვითონ თავი დაიძვრინა ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებისგან. ლომინაძის მკვლელობის ადგილიდან დნმ-ის ნიმუში იყო აღებული, თითის ანაბეჭდი, თმის ბეწვები და სიგარეტის ორი ნამწვი. ერთი ლომინაძის მოწეული იყო და მეორე სხვა, უცნობი ადამიანის. ყველა ეს მასალა დნმ-სთვის აშშ-ში გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიაში გაიგზავნა და დღემდე იქ ინახება. გამოძიებამ პირველ ეტაპზე დააპატიმრა 3 ე.წ. შემსრულებელი. აუღო მათ დნმ-ის ნიმუშები და 2006 წლის 6 იანვარს გააგზავნა აშშ-ში შესადარებლად. თუ დნმ-ის პასუხი დადებითი ჩამოვიდოდა, ნოდარ გვიჩიანი მართალი იყო და მე დამაპატიმრებდნენ, მაგრამ 28 იანვარს მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არასწორედ გაეხსნა სანდრო გირგვლიანის საქმე და დაეკავებინა მხოლოდ შემსრულებლები. ხოლო შემკვეთების, მათ შორის - შს მინისტრის მეუღლის ჩადენილი დანაშაული მიეჩქმალა, ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ დალოდებოდნენ ამერიკიდან დნმ-ის პასუხებს და დაიწყეს დაკავებული 3 პირის წამება 13 თებერვალს. 3 დღეში თურქეთის მოქალაქის მკვლელობა 3-დან 2-მა აღიარა, მაგრამ ლომინაძის მკვლელობა რაც არ იცოდნენ, რა უნდა ეღიარებინათ. მათი წამება გაგრძელდა 1 თვე. როგორც მითხრეს, ყოველ ღამე სპეცრაზმი მიდიოდა მათთან და მთელი ღამე სცემდნენ. 6 მარტს დააპატიმრეს გირგვლიანის მკვლელები და - არა შემკვეთები. ამავე დღეს, საღამოს დაახლოებით 18:00-19:00 საათზე დამირეკა გიგი უგულავა, რომელთანაც სამსახურებრივი ურთიერთობა მქონდა. მითხრა, რომ მეორე დილით 11:00 საათზე დამეშვა საშვი ვინმე ჩიხლაძეზე, რომელიც, როგორც მან მითხრა, მერაბიშვილის კაცი იყო და მრიცხველთან პრობლემა ჰქონდა. მთხოვა, მიიღეო. ამ დღეს ზუსტად ვიცი, რომ საღამოს სოდ-ის მაშინდელი უფროსი კოდუა 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა მერაბიშვილის კაბინეტში. 19:00 საათის შემდეგ მობილური ტელეფონი გამოვრთე, რადგან დაბადების დღე ჰქონდა ერთ-ერთ თანამშრომელს, მეპატიჟებოდა და არ მინდოდა წასვლა. ტელეფონი ღამის 23:30-ზე ჩავრთე. ვნახე, რომ ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის ნიკა გილაურის 2 ზარი იყო შემოსული. დავურეკე და ვკითხე, რა უნდოდა. მას ხმა გაენაზა და მითხრა - არა, არა, არაფერიო. მეორე დღეს მასთან უნდა მივსულიყავი და მითხრა დილით არა, საღამოს მოდიო, ანუ იცოდა, რომ დილით მაპატიმრებდნენ. 7 მარტს 11:00 საათზე კი ჩემს კაბინეტში დიდი სატელევიზიო ხმაურით დამაკავეს და საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხზე გადაიტანეს“, - ყვება გია გვიჩიანი.

რა ხდება მეორედ დაკავების შემდეგ? როგორც გვიჩიანი ამბობს, სხვადასხვა შეთავაზებები მიიღო, რის სანაცვლოდაც გათავისუფლებას სთავაზობდნენ, თუმცა არც ერთს არ დასთანხმდა. ერთ-ერთი ასეთი შეთავაზება ირაკლი ოქრუაშვილისთვის მკვლელობის შემკვეთობის დაბრალება იყო.

„პროკურატურამ დაიწყო რეალური გამოძიება. სავარაუდოდ ჩემი დაპატიმრებიდან 3 კვირაში დნმ-ის უარყოფითი პასუხი ჩამოვიდა. ამავდროულად გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის უშუალო შემსრულებლად ბრალდებულს, ნიკა ჩემიას ჰქონდა უტყუარი ალიბი უდანაშაულობისა და გამოძიება მიხვდა, რომ ნოდარ გვიჩიანმა ის შეცდომაში შეიყვანა. გადაწყვიტეს ჩემი გათავისუფლება და სავარაუდოდ გამომძიებლის დაპატიმრება, რომელსაც ინფარქტი მოუვიდა და საავადმყოფოში დაწვა. 3 კვირის თავზე რომ მიხვდნენ, უდანაშაულო ვიყავი, შემომთავაზეს, რომ შუამავალი ვყოფილიყავი და „თელასის“ ამერიკელი წარმომადგენელი იგნასიო ირიბარენი დამესახელებინა შემკვეთად და მე საპოროცესო შეთანხმებით გამათავისუფლებდნენ. ამაზე კი ვიფიქრე, მაგრამ უარი ვთქვი. როდესაც უკვე მომისაჯეს უვადო პატიმრობა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქმე სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე, იმ პერიოდში ჩემთან შემოვიდა ჩემი ერთ-ერთი ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე და მითხრა, რომ პროკურატურაში, სადაც სემინარებს ატარებდა, შეხვდა მაშინდელ გენპროკურორის პირველ მოადგილეს და საგამოძიებო ნაწილის უფროსს, გიორგი ლაცაბიძეს (ბოლოს ის კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, ახლა არ ვიცი ისევ უჭირავს თუ არა ეს თანამდებობა), რომელმაც მას უთხრეს, ხომ არ ვიფიქრებდი შუამავლობა ჩემს თავზე ამეღო და შემკვეთად დამესახელებინა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ამ ამბებიდან ერთ თვეში ოქრუაშვილი გადადგა. თუ ამას გავაკეთებდი, პირობითს მომცემდნენ და გამათავისუფლებდნენ. ამაზე უარი ვუთხარი ხაჩიძეს. 2006 წლის სექტემბერში მოხდა ეს ამბავი. რატომ ოქრუაშვილი? - ის იყო „თელასის“ იურისტი ლომინაძის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე“, - ამბობს გვიჩიანი.

რაც შეეხება „ენერგომაფიას“, როგორც გვიჩიანი ამბობს, მათ აქვთ მსხვილი ბიზნესები, რომლებსაც საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილთან. 

„მგონია, რომ გირგვლიანის საქმის გადაფარვა იყო ჩემი დაკავების მიზეზი. სხვას ამას არაფერს არ ვუკავშირებ. ეს რომ არ მომხდარიყო არ დამიჭერდნენ“, - ამბობს გვიჩიანი. ის საპყრობილეში განხორციელებულ ზეწოლებზეც საუბრობს. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, თავიდან კარცერში შეუშვეს, სადაც უთხრეს, რომ ნოდარ გვიჩიანის ძმამ, ნუგზარ გვიჩიანმა თავი ჩამოიხრჩო. ამის შემდეგ, ჰიგიენისთვის საჭირო ნივთების გამოყენების შესაძლებლობას არ აძლევნდენ, „სურდათ რომ დამნაშავეს დამსგავსებოდა“, მერე - მკვლელების საკანში ჩასვეს, დიდი ბრძოლის შემდეგ კი მოახერხა და სამი წელია, საკანში მარტო იმყოფება. ჯამში კი, 7 წელია პატიმარია.

ახალი ამბები