კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ სასამართლოს გიორგი კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა

13 ნოემბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ პროკურატურამ ახალი ეპიზოდი გამოაქვეყნა და სასამართლოს კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლომ კალანდაძის საკითხი 24-საათიან ვადაში უნდა გადაწყვიტოს.

რაც შეეხება ახალ ეპიზოდს, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საქმე ეხება ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდს.

„2010 წლის 16 თებერვალს გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17-მა თანამშრომელმა იმ საფუძვლით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განაცხადეს ვარჯიშზე. 2010 წლის 18 თებერვალს ღამის დაახლოებით 2-დან 3 საათამდე, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, მითითებული პირები მათი დასჯის მიზნით, თბილისიდან სენაკის მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ადგილზე ჩასულ ჯარისკაცებს სხვა სამხედრო პირებთან ერთად, დახვდა ბაჩანა ახალაია და გიორგი კალანდაძე. ახალაიამ, კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა, სენაკში ჩაყვანილ ახალგაზრდებს მათ ორ ოცმეთაურთან ერთად, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით ისინი გააშიშვლეს წელს ზემოთ და არბენინეს დაახლოებით ერთი საათი სიცივეში. ამის შემდეგ, ახალაიას ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩაკეტეს ამავე ბრიგადის აბანოში, გამოურთეს გათბობა და ამგვარ მდგომარეობაში ამყოფეს ისინი სამი ღამისა და ორი დღის განმავლობაში. ამ ქმედებით ბაჩანა ახალაიამ ჯარისკაცებს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. თავისუფლების აღკვეთის განმავლობაში, ჯარისკაცებს მინიმუმ 36 საათი არ ეძლეოდათ საკვები და თავისუფლების აღკვეთის მთელი დროის განმავლობაში გაუსაძლის სიცივეში იმყოფებოდნენ. აბანოში, სადაც ჯარისკაცები იყვნენ ჩაკეტილი არ იყო ლეიბები, პლედები და სკამები, რის გამოც ჯარისკაცებს ეძინათ ცივ მეტლახზე“, - განაცხადა კბილაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ქმედებით, ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ეს ითვალისწინებს სასჯელს 7-10 წლამდე. ასევე - 144-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს წამებას და ითვალისწინებს 9-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

„ბაჩანა ახალაიას ზემოთაღნიშნული ქმედებით, ასევე დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლი, რომლის არსით მდგომარეობს იმაში, რომ აკრძალულია წამება და არაადამიანური მოპყრობა“, - განაცხადა კბილაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი კალანდაძეს, გენერალური პროკურორის განცხადებით, მან ჯარისკაცების ცემით ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩადენილ დანაშაულთა გამო, ბაჩანა ახალაიას გუშინ წარედგინა ბრალდება, იმ ჩამოთვლილი ბრალდებებით, ისევე როგორც გიორგი კალანდაძეს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია 19 დაზარალებულის ჩვენების და სხვა მოწმეთა ჩვენების საფუძველზე. აღანიშნული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის სახით განსაზღვრის შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიემართა“, - განაცხადა კბილაშვილმა.

ახალი ამბები