კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარელი ეკომიგრანტები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ

14 ნოემბერი, 2012
 
მანონ ბოკუჩავა, სამცხე-ჯავახეთი

Humanrights.ge  სამცხე-ჯავახეთის, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკას სტუმრობდა. ამ სოფელში დაახლოებით 300 ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის აჭარიდან, კერძოდ - ხულოს რაიონიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების ასამდე ოჯახია. 

გორელოვკაში აჭარელი ეკომიგრანტები წინა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებს გამოხატავენ. ახალ მთავრობას კი პირველ რიგში ლტოლვილთა სამინისტროში ეკომიგრანტების თემაზე  მომუშავე პირების გათავისუფლებას  სთხოვენ.
 
ეკომიგრანტების თქმით, უკვე ათობით ოჯახი კვლავ აჭარაში დაბრუნდა და მათთვის საშიშ გარემოში აგრძელებს ცხოვრებას. მიზეზი კი ისაა, რომ სამინისტრომ ვერ უზრუნველყო მათი ნაწილის სახლებით და სათიბი მიწებით უზრუნველყოფა. გორელოვკაში სამინისტროს წარნომადგენლების კორუფციულ გარიგებებზეც საუბრობენ. 

„მკაცრი კლიმატის გამო, აქ კარტოფილის გარდა არაფერი მოდის. მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო მესაქონლეობაა. ჩვენ მთელი ზამთარი ძროხას და თივას შევყურებთ. ზამთარი კი აქ 6-8 თვე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში პირუტყვს გარეთ არ ვუშვებთ და თივას ვაჭმევთ. თივა 1 ტუკი 8 ლარი ღირს. ჩვენ კი არ გვაქვს სათიბები. თავიდან, სანამ აქ ჩამოგვასახლებდნენ, გვპირდებოდნენ, რომ ყველას მოგვცემდნენ სათიბ მიწას 2 ჰექტრამდე. ერთი პერიოდი დაიწყო სათიბი მიწების დარიგება, მაგრამ შემდეგ რატომღაც შეჩერდა. მე მითხრეს, რომ 2 ჰექტარი გადმომცეს, მაგრამ როდესაც მივედი ამ მიწის გასათიბად იქვე სხვაც მოვიდა და მითხრა, რომ ეს მიწა მას ეკუთვნის კანონიერად და ჩემთვის არც არაფერი გადმოუციათ.  ასე უმიწოდ არის ეკომიგრანტთა დიდი ნაწილი. ქალაქელებს უჭირთ იმის დაგება, რამდენად მნიშვნელოვანია მიწა, მაგრამ აქ ამის გარეშე შიმშილით დავიხოცებით. თივა თუ არ გვექნება, ვერც ძროხას გამოვკვებავთ და არც რძის პროდუქტი გვექნება. შესაბამისად, ამ პროდუქტს ვერ გავცლით სხვა საკვებში და ვერც გავყიდით. ასე რომ, სათიბი მიწების პრობლემა სერიოზულია და უნდა მოგვხედოს სამინისტრომ“, - ამბობს სოფელ გორელოვკაში მცხოვრები აჭარელი ეკომიგრანტი, ნუგზარ ართმელაძე. 

მის მსგავსად ლტოლვილთა მინისტროს წარმომადგენლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს ხულოელი ეკომიგრანტი, ეთერ გორგაძე.

„სულ რამდენიმე დღით მოუწია ჩემს მეუღლეს სახლის დატოვება - აჭარაში დედა უკვდებოდა. ამ დროს, შინ მარტო რომ არ ვყოფილიყავი, აქვე სოფელში ჩემ შვილთან ვრჩებოდი ღამით. აღმოჩნდა, რომ სახლიდან ჩემი გასვლით ისარგებლა ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელმა, ნაზი დევაძემ, რომელიც აქ მთელ სოფელს აშინებს. მან სახლში ჩვენი არ ყოფნით ისარგებლა და იქ სხვა შეასახლა. მერე შევყარე ქვეყანა და დავუპირისპირდი იქ შესახლებულ ადამიანს. მან კი თქვა, რომ ამ სახლისთვის ფული აქვს გადახდლი და არსად არ წავა“, - ამბობს ეთერ გორგაძე. მასთან ადგილობრივებს მივყავართ და გზად გვიხსნიან, რომ ნაზი დევაძის აქტიურობის შედეგად ხულოდან ემიგრირებული ოჯახი ახლა ავარიულ სახლში შესახლდა. 

ეკომიგრანტები აცხადებენ, რომ დევაძეს მხარს უჭერს ლტოლვითა სამინისტროს განსახლების სამმართველოს უფროსი, გიორგი მაზმიშვილი. მათი თქმით, დევაძე სწორედ მაზმიშვილის მხარდაჭერით ყიდულობს მიტოვებულ სახლებს სახელმწიფო თანხებით, შემდეგ კი ეკომიგრატებს ასეთ სახლებში შესვლისთვის დამატებით თანხებს სთხოვს. ასევე, საუბრობენ იმაზეც, რომ დევაძემ ერთი და იგივე სახლი სამინისტროს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის ორჯერ შეაძენინა.

„მე 2010 წელს ჩამომასახლეს ხულოს რაიონიდან. მითხრეს, რომ სახლს მომცემდნენ. ნაზი დევაძემ მითხრა, რომ ე.წ. ჟერებიოვკა ანუ კენჭისყრა უნდა ჩაეტარებინა და ისე მომცემდა სახლს. ამ წლების განმავლობაში ჩემს ძმასთან ვცხოვრობ. მაშინ, როდესაც მე სახლს ველოდები, დევაძემ ჩემს შემდეგ ჩამოსახლებული, უკვე რამდენიმე ოჯახი დააბინავა. ეს ოჯახები პირად საუბრებში ამბობენ, რომ მას ფული გადაუხადეს. სამინისტროს ყურადღებას ვთხოვთ. აქ ბევრი ოჯახია ასე უსახლკაროდ დარჩენილი. რაც შეეხება მიწებს, ყველაფერი ისეა გაფორმებული, თითქოს მიწები ხალხს დაურიგდა, სინამდვილეში კი სოფელში სულ 4-5 ფერმერს აქვს მთელი სათიბი მიწა. ჩვენ ახალ მთავრობას დახმარებას და საქმეში გარკვევას ვთხოვთ. სულ ცოტა, შეუძლიათ, დააკვირდნენ, რამდენი ეკომიგრანტი გაბრუნდა კვლავ აჭარაში და ახლა  ცხოვრობს საშიშ გარემოში“, - საუბრობს ეკომოგრანტი, თემურ  ბერიძე. მისივე თქმით, სახლებს და მიწებს არასწორად ანაწილებენ და ზოგჯერ ყველა ეს სიკეთე იმ ადამიანების ხელში ხდება, ვინც საერთოდ არ არის ეკომიგრანტი. 

Humanrights.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტროს დაუკავშირდა. მათ პასუხი წერილობით მოგვწერეს. სამინისტროს არ ადასტურებს ეკომიგრანტების კუთხით არსებულ პრობლემებს.  ერთადერთი, რასაც უწყება არ უარყოფს, ისაა, რომ ნაზი დევაძე მათი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელია. ასევე, თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებს სამინისტროს განსახლების საკითხთა სამმართველოს ხელმძღვანელი, გიორგი მაზმიშვილი.  

„აჭარიდან ნინოწმინდაში განსახლების პროცესში სამინისტრო მუშაობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, იკვლევს თითოეული ოჯახის მდგომარეობას და დაზარალების ხარისხს. სახლების განაწილების პროცესი ხდება ღია კენჭისყრით, ყველა დაინტერესებული პირის თანდასწრებით, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ინახება სამინისტროში. კენჭისყრაში მონაწილეობენ ის ოჯახები, რომელთა დაკმაყოფილების აუცილებლობა აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგომლობისა და ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე დგინდება. რაც შეეხება მიწების საკითხს 2 წლის წინ მათ გამოეყოთ 2 -2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, მაგრამ ზოგიერთმა ოჯახმა ამაზე უარი განაცხადა და ითხოვდნენ უფრო მეტ ფართობს, მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილია თითო ოჯახზე 1.75 ჰექტარი. ასევე, სამინისტროს ინფორმაციით სოფელ გორელოვკაში იმყოფება რამდენიმე თვითნებურად ჩამოსახლებული ოჯახი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არიან სტიქიით დაზარალებულები. ეს ოჯახები ცდილობენ, დაიკავონ ის სახლები, რომლებიც სამწუხაროდ, დატოვეს ადრე ჩასახლებულმა ოჯახებმა, რომელთაც ეს სახლები კენჭისყრის საფუძველზე ჰქონდათ გადაცემული. ამიტომ უახლოეს დღეებში სამინისტროს წარმომადგენლები, კერძოდ -  განსახლების სამმართველოს უფროსი გიორგი მაზმიშვილი და მისი თანამშრომლები ჩავლენ ადგილზე და გაეცნობიან არსებულ მდგომარეობას“, - ვკითხულობთ სამინისტროს წერილობით მოწოდებულ კომენტარში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი იმედოვნებს, რომ ადგილზე ვითარების შესწავლით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უფრო დეტალურად შეისწავლის როგორც humanrights.ge-ს სტატიაში ნახსენებ, ასევე სხვა ეკომიგრანტების პრობლემებს. უფრო დეტალური განმარტებებისათვის სამინისტროს კვლავ შეუძლია მოგვაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ადგილზე ვითარების შესწავლის შემდეგ.

ახალი ამბები