კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩო ახალაია: „ქურდებთან“ 20 მეტრში როცა ხარ, ეს უსაფრთხოების დაცვის გარანტია ვერ იქნება“

14 ნოემბერი, 2012
 
ინტერპრესნიუსი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ადამიანების წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, ახალაიას გადაყვანის მიზეზი მისი უსაფრთხოების დაცვა გახდა. 

„#7 დაწესებულებაში ახალაიას გადაყვანა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. ის გაძლიერებული დაცვის ქვეშ იქნება. ამასთან, ბაჩო ახალაია სამარტოო საკანში განთავსდება და დაწესებულების შესაბამის სართულზე, მის გარდა სხვა პატიმარი არ იქნება“, - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში. 

„ინტერპრესნიუსი“ ბაჩო ახალაიას ადვოკატებსაც დაუკავშირდა, რომელთაც ბრალდებულის #7 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

როგორც ცნობილია, სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში ე.წ. კანონიერი ქურდები და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.

„შეიძლება ქართული საზოგადოება ძალიან მალე გახდეს იმ რეალობის მომსწრე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები დამწუხრებული სახეებით გამოვლენ და იტყვიან, რომ ბაჩო ახალაიამ თვითმკვლელობით დაასრულა იცოცხლე“, - ასეთი კომენტარი გააკეთა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მეგობარმა თეა თუთბერიძემ. 

„ახალაია შეუგდეს საჯიჯგნად ე.წ. კანონიერ ქურდებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომლის წინააღმდეგაც ბაჩო ახალაია წლების განმავლობაში იბრძოდა და რომლის დამსახურებითაც აღიკვეთა მათი მხრიდან დანაშაული როგორც ციხეში, ასევე ქვეყნის შიგნით. ეს ფაქტი პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანზე განხორციელდება იმ სახის ზეწოლა, რომელზეც საზოგადოებამ შესაძლოა, სულ სხვა შედეგი მიიღოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალაია არის პირადი პატიმარი ალასანიას, წულუკიანის და ივანიშვილის და ისინი ასრულებენ კრიმინალური სამყაროს დაკვეთას. ამას სხვა სახელს ვერ დავარქმევთ", - განაცხადა თუთბერიძემ. 

ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში საზოგადოებრივი მონიტირონგის ჯგუფის წევრმა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტმა მოინახულა. მასთან საუბრისას ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ გლდანის დაწესებულებაში მისი უფლებები არ დარღვეულა და მისი #7 დაწესებულებაში გადაყვანა უფრო ცინიზმია, ვიდრე  - უსაფრთხოების დაცვა. 

ბაჩო ახალაიას განცხადებით, თუ ვინმეს მისი უსაფრთხოების დაცვა სურდა, ე.წ. მატროსოვის ციხეში უნდა გადაეყვანათ და არა  - #7 დაწესებულებაში. 

„გრძელვადიანი უსაფრთხოების განცდა არ მაქვს. ამ დრომდე თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, მაგრამ როდესაც „ქურდებთან“ 20 მეტრში ხარ, ეს უსაფრთხოების დაცვის გარანტია ვერ იქნება სამომავლოდ“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ. 

მისი ინფორმაციით, გლდანის ციხიდან #7 დაწესებულებაში 13 ნოემბერს საღამოს გადაიყვანეს, მაგრამ მისთვის არანაირი განმარტება არ მიუციათ. 

საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრების ინფორმაციით, #7 დაწესებულებაში 35 პატიმარია მოთავსებული, მათ შორის 20 -  ე.წ. კანონიერი ქურდი.

„ჩვენ ვიზრუნეთ, რომ ბაჩო ახალაიას თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო. სასჯელაღსრულების #7 საპყრობილეში, სადაც დღეს ბრალდებულ ბაჩო ახალაიას გადაყვანა მოხდა, ადამიანის უსაფრთხოება ყველაზე მეტად არის დაცული“, - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა 14 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

„მესმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც არსებობს ამ საქმის მიმართ. ბაჩო ახალაია შესახლებულია #7 საპყრობილეში, რადგან ეს არის სივრცე, სადაც ადამიანის უსაფრთხოება ყველაზე კარგად არის დაცული. ის არის აბსოლუტურად იზოლირებული არა მხოლოდ დანარჩენი პატიმრებისგან, არამედ მთლიანი შენობისგან. შენობის იმ ნაწილში, სადაც ბაჩო ახალაია არის შესახლებული, არავინ ცხოვრობს. ზოგადად, აქ არის ძალიან მცირე რაოდენობა პატიმრებისა და შესაბამისად, პატიმრებისგან რაიმე საფრთხე არ არსებობს. პირობები არის ძალიან ნორმალური. იქ სამი ოთახია თავის დერეფნიანად. დამონტაჟებულია კამერები, რომლებიც უთვალთვალებს მის იქ ყოფნას. ამ კამერების შესახებ თავადაც იცის და თავის დროზე ხელი აქვს მოწერილი. დაცვა ჰყავს ორივე მხრიდან. სეირნობისას ის აბსოლუტურად იზოლირებულია ყველა დანარჩენი პატიმრისგან. ეს არის ის პირობები, რომელშიც ის ცხოვრობს და რომლის გამოც გადავწყვიტეთ მისი შესახლება მეშვიდე საპყრობილეში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მისივე თქმით, სხვა ნებისმიერ საპყრობილეში მისი უსაფრთხოება ასევე იქნებოდა დაცული. 

„სხვა ნებისმიერ საპყრობილეში მისი უსაფრთხოება იქნებოდა ასევე დაცული, მაგრამ იქ ძალიან ბევრი განაწყენებული ადამიანი ჰყავს და ყვირილისგან და სიტყვიერი შეურაცხყოფისგან ის დაცული არ იქნებოდა. ჩვენ ვიზრუნეთ მისა უსაფრთხოებაზე და ასევე იმაზე, რომ მას თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო და ამიტომ მოხდა მისი გადაყვანა #7 საპყრობილეში“, - აღნიშნა სუბარმა.

ახალი ამბები