კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მოამბის“ ანონსები, პოლიტიკოსთა ცოლები და ბალანსი საზოგადოებრივ მაუწყებელზე

15 ნოემბერი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრი

                                                

„მოამბის“ ანონსები, პოლიტიკოსთა ცოლები და ბალანსი საზოგადოებრივ მაუწყებელზე

ალეკო ცქიტიშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრი ცოტა ხანში დაასრულებს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგს, რომელიც პროექტის მიხედვით, არა მარტო წინასაარჩევნო, არამედ არჩევნების შემდგომ პერიოდსაც მოიცავს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან შემდეგ ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ რეკლამებს: „რუსთავი 2“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“.  

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საარჩევნო პროცესი გაგრძელდა ცესკოსა და სასამართლო ინსტანციებში სხვადასხვა საჩივრების განხილვის სახით, არც კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, არც არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკურ ძალებს, არც ცესკოს, არც არასამთავრობო სექტორს და არც საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს სატელევიზიო ეთერში რეკლამები აღარ განუთავსებიათ. 

1 ოქტომბრის, ანუ უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დღის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა არჩევნებთან დაკავშირებული მხოლოდ რამდენიმე სარეკლამო რგოლი დავაფიქსირეთ. მათ შორის ერთ-ერთია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ე. წ. ტიხარი, რომელიც თვითონ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაამზადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს საიმიჯო რეკლამა არჩევნების პერიოდის გაშუქების ტენდენციებზე მოგვითხრობს. რეკლამაში ჩნდება „მოამბის“  ჟურნალისტების,  ასევე - პოლიტიკური თოქ-შოუების: „აქცენტების“, „დიალოგის“,  „დებატებისა“ და „მედიამონიტორის“ წამყვანების სახეები. პარალელურად, ეკრანზე ასევე ჩნდებიან და არჩევნების გაშუქების კუთხით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობას დადებითად აფასებენ: ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი იასენ ლენარჩიჩი, ეუთოს დემოკრატიული ინტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენელი ნიკოლა ვულჩანოვი, ეუთო / ODIHR დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი (2010 წ.) ოდრი გლოვერი, ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მილან კაბრნოვი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძვანელი ტონინო პიცულა. სარეკლამო რგოლის შემდეგ ჩნდება წარწერა: „საზოგადოებრივი მაუწყებელი - მიუკერძოებელი,  დაბალანსებული, ობიექტური“. რეკლამა 55 წამიანია და როგორც წესი გადის 19:00-დან 20:00 საათის პერიოდში, საინფორმაციო გადაცემა „მოამბეს“ დაწყების წინ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორინგის ფარგლებში, საპარლამენტო არჩევნების გაშუქების კუთხით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები მონიტორინგის საწყის სტადიაზე გამოითქვა. მედიამონიტორინგის თავდაპირველ პერიოდულ ანგარიშებში ვწერდით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სამთავრობო უწყებების დაკვეთით დამზადებული და მათი საქმიანობის ამსახველი სოციალური რეკლამები შეიცავდნენ ფარული პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს. ამ ტენდენციის გამო, ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულმა უწყებათაშორისმა კომისიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მთავრობას მიმართა რეკომენდაციით, ეთერში აღარ გაეშვათ სარეკლამო რგოლები, რომლებიც შეიძლებოდა საარჩევნო რეკლამად აღქმულიყო. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდიდან - 1 აგვისტოდან მსგავსი ტიპის ორაზროვანი რეკლამები მართლაც შეაჩერა, რის შემდეგაც სარეკლამო ჭრებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების გაშუქება დაბალანსდა. ამ ტენდენციის შესახებ შემდგომ პერიოდულ ანგარიშებში ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენჯერმე მიუთითა.

უშუალოდ სარეკლამო ჭრების გარდა, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებოდნენ სხვადასხვა გადაცემებს, თოქ-შოუებს და ანონსებს, რათა აღერიცხათ ფარული რეკლამის შესაძლო გამოვლინებები. ამ კუთხით, მონიტორინგს ართულებდა ის გარემოება, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქცია არ შეიცავს ფარული პოლიტიკური რეკლამის დეფინიციას.  რეკლამის შესახებ კანონში,  მაუწყებლობის შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში არსებული რეგულაციები კი ფარული პოლიტიკური რეკლამის აღსაკვეთად არასაკმარისია. ამიტომ მედიამონიტორინგის პროცესში ფარული პოლიტიკური რეკლამის გამოსავლენად გამოვიყენეთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისთვის 1999  წელს მიღებული რეკომენდაციები მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით.  მართალია,  აღნიშნული რეკომენდაციები ფარული რეკლამის ცნებას პირდაპირ არ მოიხსენიებს,  მაგრამ მათი შინაარსი სწორედ ასეთი რეკლამის დაუშვებლობაზე მეტყველებს. რეკომენდაციების თანახმად,  საარჩევნო პერიოდში საჯარო და კერძო მაუწყებლებმა უნდა უზრუნველყონ სამართლიანი,  მიუკერძოებელი და დაბალანსებული გაშუქება ახალი ამბებისა და მსგავსი ტიპის პროგრამებში,  ასევე -  დისკუსიებში,  ინტერვიუებსა და დებატებში.  განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი კანდიდატების გაშუქების საკითხი, რომელთაც უკავიათ საჯარო თანამდებობები.  რეკომენდაციების თანახმად,  დაუშვებელია ასეთი პირების ოფიციალური ფუნქციების პრივილეგირებული და ექსესიური (გადაჭარბებული) გაშუქება. ცალკე თავი ეთმობა გასართობი ხასიათის პროგრამების გაშუქების საკითხს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით,  მაუწყებლები უნდა მოერიდონ წინასაარჩევნო პერიოდში გასართობ პროგრამებსა და მსგავს თოქ-შოუებში პოლიტიკოსების მოწვევას, რადგანაც შერჩევითი მოწვევა უსამართლო უპირატესობას მიანიჭებს კონკრეტულ კანდიდატსა თუ პოლიტიკურ პარტიას.  რეკომენდაციები ყურადღებას ამახვილებს ასევე პაროდიულ პროგრამებში კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტისადმი უპირატესობის მინიჭების დაუშვებლობაზე.

საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტის მიხედვით, მედიამონიტორინგის თვისებრივი კვლევის ფარგლებში, ჩვენი მიზანი იყო შეგვეფასებინა, სხვადასხვა გადაცემებში პიარი და ინფორმაცია ერთმანეთისგან იყო თუ არა გამიჯნული, ხომ არ გვქონდა საქმე ფარულ რეკლამასთან და ინფორმაციის სახით მოწოდებულ პიართან. პროექტი უშუალოდ ახალი ამბების ანუ დღის მთავარი საინფორმაციო გადაცემების მონიტორინგს არ ითვალისწინებდა. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე ჩვენ დამატებით შევისწავლეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ ანონსები, რომლებიც, როგორც წესი, ეთერში გადიოდა სარეკლამო ჭრაში 19:30-საათზე. შედეგად, „მოამბის“ ანონსებში გამოიკვეთა შემდეგი სურათი:
 
როგორც გრაფიკიდან ჩანს, „მოამბის“ ანონსებში მმართველ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობას“ დაეთმო ორჯერ ნაკლები დრო, ვიდრე ლეიბორისტულ პარტიას ან კოალიცია „ქართულ ოცნებას“. თუმცა, მმართველი პარტიის საქმიანობა ხშირად უკავშირდებოდა მთავრობისა და სამინისტროების საქმიანობას. ამდენად, გრაფიკზე ასახული სუბიექტების - „მთავრობისა“ და „შსს“-ს დრო, შეგვიძლია დავუმატოთ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და მთლიანობაში გამოვა 12%.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, როგორი ტონით გაშუქდა „მოამბის“ ანონსებში ზემოთაღნიშნული სუბიექტები. შემდგომ გრაფიკზე ჩანს, რომ სუბიექტი „მთავრობა“ გაშუქდა 100% უარყოფითი ტონით, რაც დაკავშირებულია ციხეებში პატიმრები წამების სკანდალური კადრების გახმაურების დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას კომენტართან, რომელმაც გააკრიტიკა მთავრობა ციხეებში არსებული „სისტემური პრობლემების“ გამო. ნაწილობრივ (13%) უარყოფითი ტონით გაშუქდა შსს-ს საქმიანობაც. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ „მოამბეს“ ანონსებში ნაწილობრივ უარყოფითი ტონით გაშუქდა „ქართული ოცნების“ საქმიანობაც (8%), რაც ამ კვალიფიციური სუბიექტის პოლიტიკური ოპონენტების კომენტარებმა გამოიწვია. დაწვრილებით, იხ. გრაფიკი:


რაც შეეხება სხვა გადაცემებს, სადაც ამა თუ იმ კვალიფიციური სუბიექტის ან არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტების გადაჭარბებული (ექსესიური) გაშუქების შესაძლო გამოვლინებას ვაკვირდებოდით, 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში ყველაზე საინტერესო შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ ეკა ხოფერიას თოქ-შოუ „აუდიტორიის“ 13 და 20 აგვისტოს ეთერი.

13 აგვისტოს „აუდიტორიის“ თემა გახლდათ „სიყვარული“, ხოლო 20 აგვისტოს - „გამარჯობათ, ჩემი ქმარი პოლიტიკოსია“. აღსანიშნავია, რომ ორივე გადაცემა ეთერში განმეორებით გავიდა და არ იყო მომზადებული სპეციალურად წინასაარჩევნო პერიოდისთვის. 13 აგვისტოს „აუდიტორიაში“ ეკა ხოფერიასთან სიყვარულის თემაზე ისაუბრეს ნაციონალური მოძრაობის (ვატო ნაცვლიშვილი), კოალიცია „ქართული ოცნების“ (გია ცაგარეიშვილი) და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის (ირაკლი გაფრინდაშვილი) წარმომადგენლებმა. 20 აგვისტოს კი „აუდიტორიაში“ პოლიტიკოსთა ცოლების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო წარმოდგენილი. გივი თარგამაძის, დავით დარჩიაშვილის, გიორგი ასანიძის, რატი სამყურაშვილის, დავით კირკიტაძის, პაპუნა დავითაიას ცოლები „ნაციონალურ მოძრაობისა“ ცნობილი სახეებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების ოჯახურ იდილიაზე საუბრობდნენ, ხოლო გუბაზ სანიკიძის, დავით საგანელიძის, ზვიად ძიძიგურის ცოლები კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების ოჯახურ ყოფაზე გვიქმნიდნენ წარმოდგენას. თოქ-შოუში ასევე მონაწილეობდნენ ქდმ-ს ლიდერების - ნიკა ლალიაშვილის, გიორგი ახვლედიანისა და ზაზა გაბუნიას ცოლები; შეიძლება ითქვას, ამ სამი კვალიფიციური სუბიექტის წარმომადგენელთა ცოლები თოქ-შოუში როგორც რაოდენობრივად, ისე დროის თვალსაზრისით, მეტ-ნაკლებად თანაბრად იყვნენ წარმოდგენილი. შედარებით მცირე დრო დაეთმო ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კახა ძაგანიას ცოლს. გადაცემაში ასევე წარმოდგენილი იყვნენ საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, გია თორთლაძის; „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის; არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების - დაჩი ცაგურიასა და ლაშა ჩხარტიშვილის ცოლები. შეიძლება ითქვას, ამ გადაცემის შედეგად მაყურებელს მეტ-ნაკლებად დაბალანსებული სახით მიეწოდა ინფორმაცია საარჩევნო პროცესში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების პირადი ცხოვრების შესახებ.

პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია, საარჩევნო ყუთთან არჩევანის გაკეთებისას ამომრჩეველზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად თანაბრად არის განაწილებული დრო მსგავს თოქ-შოუებში იმ პოლიტიკოსთა ცხოვრებისეული ისტორიების გადმოსაცემად, რომელთა შორის ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთთან არჩევანი უნდა გააკეთოს. შეიძლება ითქვას, ამ ამოცანას ეკა ხოფერიას „აუდიტორიამ“ თავი, ასე თუ ისე, კარგად გაართვა. მაყურებელსაც, ალბათ, თავისი გემოვნებისდა მიხედვით დარჩებოდა შთაბეჭდილება როგორც პოლიტიკოსებზე, ისე მათ ცოლებზე ამ ერთი კონკრეტული გასართობი გადაცემიდან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა გადაცემებში, ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდში (1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე) ფარული პოლიტიკური რეკლამის რაიმე სახით გამოვლინება არ დაფიქსირებულა. ამდენად, შეგვიძლია, დავეთანხმოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საიმიჯო რეკლამას, სადაც ტონინო პიცულა, იასენ ლენარჩიჩი, ნიკოლა ვულჩანოვი, მილან კაბრნოვი და ოდრი გლოვერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ობიექტურობაზე, მიუკერძოებლობასა და დაბალანსებულობაზე გვესაუბრებიან.

 

 

 

 

 

 

ამ ბლოგის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები