კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სატელევიზიო რეკლამები პოსტსაარჩევნო პერიოდში

16 ნოემბერი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრი

                                                                    

                              სატელევიზიო რეკლამები პოსტსაარჩევნო პერიოდში

სალომე აჩბა

არჩევნების შემდგომ  სოციალური რეკლამების რაოდენობამ სატელევიზიო სივრცეში საგრძნობლად იკლო, პოლიტიკური რეკლამები კი საერთოდ აღარ გადის. თუმცა საინტერესო ტენდეცია გამოჩნდა „კავკასიაზე“, მეცხრე არხსა“ და „მაესტროზე“ - ამ არხებზე კომერციული რეკლამების რაოდენობამ და ხანგძლივობამ იმატა.

პოსტსაარჩევნო პერიოდში (7-21 ოქტომბერი) სატელევიზიო სივრცეში გასულ რეკლამებს ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორები აკვირდებოდნენ. პროექტი, რომლის ფარგლებშიც 6 სატელევიზიო არხის: „იმედის“ „რუსთავი-2-ის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „კავკასიის“, „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ მედიამონიტორინგი მიმდინარეობს,  ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.

პირველი ოქტომბრის შემდეგ ე.წ. „ნაციონალური არხების“ ეთერში აღარ მოხვედრილა არც ერთი ისეთი სოციალური რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნოდ აქტიურად ტრიალებდა და რომელშიც, ფარული რეკლამის ნიშნები იკვეთებოდა. („თავდაცვის სამინისტრო-ტოტალური ზრუნვა ხალხზე“,  „დამზადებულია საქართველოში“ და სხვა).

ეს რეკლამები ძირითადად, მთავრობის მიერ ინიცირებულ რომელიმე წარმატებული პროექტის, ან თავად სამთავრობო  უწყების გაპიარებას ემსახურებოდა.  წინასაარჩევნო პერიოდში კი ამ ტიპის რეკლამები „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ძალიან ხშირად გადიოდა. ჩემოთვლილი ტელეკომპანიებიდან, უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების შედეგად, მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეწყვიტა ამ ტიპის რეკლამების ეთერში გაშვება, დანარჩენ არხებზე კი ფარული რეკლამის შემცველი რგოლები, კვლავ ტრიალებდა.

სატელევიზიო ეთერში აღარც გასართობი ხასიათის მუსიკალური კლიპები: „ანაკლია გულითადად გელით“, „რაჭა ჩემი სიყვარული“, „მე მიყვარს თბილისი“, „მე მიყვარს სვანეთი“ გვხვდება. ამ ტიპის კლიპები რამდენიმე არხზე, და მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელზე სოციალური რეკლამის სტატუსით გადიოდა.
 
„ეს კლიპები ფარული პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავდნენ. ის ფაქტი, რომ, ისინი ეთერში აღარ გადის საარჩევნო პერიოდის დასრულების შემდეგ, ამძაფრებს ეჭვს, რომ მათ მიზანს სწორედ ხელისუფლების მიღწევების რეკლამირება წარმოადგენდა“, - ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორინგის ანგარიშში.

მედიაექსპერტი, საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, ია მამალაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ ამ ტიპის რეკლამების სარეკლამო ჭრებიდან გაქრობა, მართლაც იმის მანიშნებელია, რომ ეს რეკლამები საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო.

„წინასაარჩევნო პერიოდში ე.წ. ნაციონალურ არხებზე ბევრი ისეთი სოციალური  სტატუსის მქონე რეკლამა გადიოდა, რომელიც, თავისი არსით არ შეესაბამებოდა სოციალურ რეკლამას. ამ რეკლამების დიდი ნაწილი სხვადასხვა უწყებებისა და სახელმწიფო პროგრამების რეკლამირებას ემსახურებოდა. ჩვენ მაშინ ამაზე ბევრს ვსაუბრობდით და ვამბობდით, რომ ეს რეკლამები ფარული რეკლამის ნიშნებს შეიცავდა. არჩევნების შემდეგ ამ ტიპის სარეკლამო  რგოლები ეთერიდან მთლიანად გაქრა, რაც მართლაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს რგოლები „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო და მიზნად საარჩევნო პროცესზე ზეგავლენის მოხდენას ისახავდა“ - ამბობს მამალაძე.

კიდევ ერთი საინტერესო ტენდეცია, რაც არჩევნების შემდგომი მედიის მონიტორინგისას გამოიკვეთა, ისაა რომ - „მაესტროზე“, „მეცხრე არხსა“ და „კავკასიაზე“ კომერციული რეკლამების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. მაგალითად,  თუკი არჩევნებამდე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ სარეკლამო ბადე მხოლოდ და მხოლოდ ტელეკომპანიის გადაცემების ტიხრებით, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამებითა და რამდენიმე სოციალური ხასიათის ვიდეორგოლით იყო დატვირთული, არჩევნების შემდგომ პერიოდში სარეკლამო დრო თანდათანობით დაიკავა კომერციული ხასიათის რეკლამებმა.

„ყოველივე ამან გააჩინა განცდა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა პოლიტიკური ამინდის ცვლილებასთან ერთად  სარეკლამო ბაზრის სპეციფიკაც შეიცვალა: ბიზნეს-ჯგუფები გააქტიურდნენ და უფრო თამამად ათავსებენ საკუთარი პროდუქციის რეკლამებს „არასახელისუფლებო ტელევიზიად“ წოდებული კომპანიების ეთერში“, - ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში. 

ია მამალაძის აზრით, ზემოჩამოთვლილ არხებზე კომერციული რეკლამების რაოდენობის ზრდა, პირდაპირ უკავშირდება არჩევნების შედეგებს. „ქართული მედიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან სარეკლამო ბაზარი თავისუფალი არაა. ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ ბიზნესმენებმა, უბრალოდ, „გამარჯვებულის მხარეს“ ყოფნა გადაწყვიტეს და სწორედ ამიტომ დაიწყეს ამ არხებზე რეკლამების განთავსება. ბიზნესმენების გადაწყვეტილება, რომელ მედიასაშუალებაში განათავსოს თავიანთი პროდუქტის რეკლამა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნების შედეგებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს“, - გვითხრა ია მამალაძემ.

რაც შეეხება ე.წ. „ნაციონალურ არხებს“ აქ  კომერციული რეკლამების რაოდენობა და ხანგრძლივობა არჩევნების შემდგომაც პრაქტიკულად იგივეა, რაც არჩევნებამდე იყო.

                                              

 

 

 

 

 

 

 ამ ბლოგის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.                    

ახალი ამბები