კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები და ნიგვზიანის მაცხოვრებლები ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვდნენ

16 ნოემბერი, 2012

ნინო მშვიდობაძე, გურია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოზურგეთში შეხვედრა გამართა, რომელსაც გურიის მასმედიის წარმომადგენლები და ნიგვზიანის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ტარიელ ნაკაიძე, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“  თავმჯდომარე: „ნიგვზიანში პრობლემამ ორი წლის წინ იჩინა თავი, მაგრამ მაშინ სიტუაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოასწორა. ახლა კი ამ ყველაფერს ვიღაც ხელმძღვანელობს. არაოფიციალური მონაცემებით, ლანჩხუთში 3500–მდე მუსულმანია. ახლოს მათ სალოცავი არა აქვთ და ნიგვზიანში დადიან სალოცავად. ვფიქრობ, რომ რაც ხდება, წინასაარჩევნო პროვოკაციული დაპირების ნაწილია. ვიღაცამ ჩიხში შეიყვანა ადგილობრივი მოსახლეობა და სწორედ ამან მიგვიყვანა ამ ამბებამდე“.

Humanrights.ge-ს კითხვაზე - წინასაარჩევნოდ მართლა დაპირდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა და მათი კანდიდატი ლანჩხუთში ადგილობრივ მუსლიმებს მეჩეთის აშენებას, ტარიელ ნაკაიძემ უპასუხა: „ვერ დავადასტურებ ამ ფაქტს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხმები სიტუაციის მაპროვოცირებელია. ნიგვზიანის სიტუაცია არ არის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაწყებული და ამის უკან მართლა დგას ვიღაც კონკრეტული პიროვნება“.

შეხვედრაზე მყოფმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი კომუნიკაციის არარსებობისა და განათლების დეფიციტის ბრალია: „ამ ადამიანებს არავინ უხსნის, რომ რწმენის თავისუფლება კონსტიტუციური უფლებაა და ყველას აქვს უფლება, ილოცოს თავის რწმენაზე.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიგვზიანელ მუსულმანებს ვინმე თურქი ბიზნესმენი აფინანსებს, შეხვედრაზე გამორიცხეს. მუფთმაზურაბ ცეცხლაძემ აღნიშნა: „სახლი იყიდა თურქმა მოქალაქემ, მაგრამ მერე ქართველს მიყიდა, რადგან თავად ვერ გამოიყენა. ჩვენ კი იქ სალოცავი გავხსენით. იმის თქმა, რომ ამის ფული ჩვენ არ გაგვაჩნდა, არასწორია - შევკრიბეთ თანხა და სალოცავად საჭირო რაც იყო, ყველაფერი ჩვენი ფულით ვიყიდეთ“.

შეხვედრას ნიგვზიანის მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, შორენა ჭანტურია ამბობს: „აქ მოსვლა ძალიან უნდოდა სოფლის რწმუნებულს, ირაკლი გუჯაბიძეს, მაგრამ ეტყობა, დააშინეს და ვერ წამოვიდა. ნიგვზიანში არ ვცხოვრობთ ის ადამიანები, რომლებიც ქვებს ვესვრით სხვა სარწმუნოების ადამიანებს და არა ვართ ტოლერანტულები, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ სახლში სალოცავის გახსნის შესახებ წინასწარ ეცნობებინათ ჩვენთვის. 10 სოფლის რადიუსზეა გათვლილი ეს სალოცავი და სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი განაწყენებაც. ახლა სოფელში ათკაციანი საინიციატივო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ყველა პარასკევს დააკვირდება, რამდენი ადამიანი მივა სალოცავად და ამ ჯგუფს ნანა კვაჭაძე ხელმძღვანელობს. სოფელში აზრი გახლეჩილია. ვფიქრობთ, რომ ეს დაძაბულობა რელიგიური კი არა, ხელოვნურად წარმოქმნილია“.

ჩვენს შეკითხვაზე - ვის აძლევს ხელს დაძაბულობა სოფელში და ვინ დგას ამ მოლენების უკან, ნიგვზიანებელმა გვითხრეს, რომ სავარაუდოდ - ის ადამიანი, ვისაც სურს, სოფლის ახალი რწმუნებული გახდეს, მაგრამ ვინაობა არ დაუსახელებიათ.

Humanrights.ge გაესაუბრა ტარიელ ნაკაიძესაც.

- ბატონო ტარიელ, რაში ხედავთ გამოსავალს? ამბობენ და საკმაოდ ბევრი ამბობს, რომ ამ დაპირისპირების სარჩული არა რელიგიური, არამედ პოლიტიკური ასპექტია. რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით?

- ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მსგავსი შეხვედრებით და დიალოგით გამოვკვეთოთ საკითხები და მანიპულირება არ იყოს სხვადასხვა თემებზე. ამ ეტაპზე პოლიტიკური ფონიც გარკვეულწილად უწყობს ხელს თემის აჟიტირებას. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით, ასეა. ვფიქრობ, ამ საკითხების გადაწყვეტაში პოლიტიკა ნაკლებად უნდა გავრიოთ. მივცეთ ერთმანეთს საშუალება, ლოცვაში ხელი არ შეგვეშალოს და წყენა დავივიწყოთ. დიალოგი სწორედ პრობლემის მოგვარების საწინდარია. არსებობს სამართლებრივი ფორმებიც, რომლებიც თავის როლს შეასრულებენ, მაგრამ დიალოგს არა აქვს ალტერნატივა.

- როგორ ფიქრობთ, მომავალ პარასკევს მუსლიმები ლოცვას ჩვეულებრივად აღავლენენ?

- დიახ, ასე იქნება. ვფიქრობ, ადგილობრივი მოსახლეობა ამ პრობლემას თავისით მოაგვარებს. არაა საჭირო, ყველა პარასკევს იქ იყვნენ მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები. ყველამ თავისი როლი შეასრულა. ახლა საქმე ადგილობრივ მოსახლეობაზეა, რომელიც ვფიქრობ, რომ დადებითად გადაწყვეტს პრობლემას.

ჩვენ დავუკავშირდით ნიგვზიანის რწმუნებულს, ირაკლი გუჯაბიძეს და ვკითხეთ, რატომ ვერ წავიდა ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე?

– პირადი პრობლემები მქონდა და ვერ წავედი ამიტომ.

– გვითხრეს, რომ ვინმე ნანა კვაჭაძემ შეგიშალათ ხელი...

– არა, რას ამბობთ?! რა შუაშია ნანა კვაჭაძე. ვერ წავედი იმიტომ, რომ მქონდა რაღაც პრობლემები.

– ამბობენ, რომ ამ ქალბატონს ათკაციანი ჯგუფი აქვს შექმნილი...

– ეს არის ჩვენი სკოლის პედაგოგი ქალბატონი. ჯგუფთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. სოფელში აქტიური ხალხი ვმსჯელობთ პრობლემის მოგვარებაზე. ყველა ვცდილობთ, რომ დაპირისპირება აღარ იყოს. ასეთი რიცხობრივი რაოდენობის ჯგუფი არ არსებობს.

– ითქვა ისიც, რომ სხვა სოფლებიდან სალოცავად ჩამომსვლელების რაოდენობას დააკვირდებიანო...

– ხალხის საერთო აზრია, რომ ილოცოს ადგილობრივმა მოსახლეობამ, ბევრმა მლოცველმა არ მოიყაროს თავი და არ იყვნენ სხვა რაიონებიდან.

– კი მაგრამ, ჩამოდიან არა სხვა რაიონებიდან, არამედ ლანჩხუთის სხვა სოფლებიდან. ასეთ შემთხვევაში, რას მოიმოქმედებთ?

– ლოცვას ვერავის დავუშლით, მაგრამ ადგილობრივი ქრისტიანების თხოვნაა, რომ სხვა სოფლებიდან არ ჩამოვიდნენ. ადგილობრივ ქრისტიან მოსახლეობას არ უნდა ასეთი მასობრივი ლოცვები.

ახალი ამბები