კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორელოვკა - უკანასკნელი დუხობორების გულისტკივილი

20 ნოემბერი, 2012

მანონ ბოკუჩავა, სამცხე-ჯავახეთი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში ქართული რეალობისთვის უჩვეულო სანახაობაა - ერთსართული თეთრკედლიანი სახლები, ლურჯი და ზოგან მწვანე ფერის ფანჯრებით, ელექტრობოძებზე  გაკეთებულ ყარყატის  ბუდეებს შეყურებს.

ეს დუხობორების სახლებია. სოფელში, სადაც გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში  2000-ზე მეტი დუხობორის კოლექტიურ დასახლებას წარმოადგენდა, ახლა მხოლოდ 40-მდე დუხობორის ოჯახი ცხოვრობს.

რუსეთიდან მეფის მიერ განდევნილი დუხობორები ჯავახეთში 1841 წელს ჩამოვიდნენ. მათ უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე და ახალი რელიგიუორი მიმდინარეობის შესაბამისად, სრულიად სხვა სახის მშვიდობიანი ცხოვრების წესი მიიღეს. უფრო კონკრეტულად, მათთვის არ არსებობს სასულიერო პირების მიერ დაწერილი წესები და შეზღუდვები. დუხობორები ამბობენ, რომ ღმერთი არა ეკლესიაში, არამედ თითოეული ადამიანის გულშია. ისინი არ ცნობენ ხატებს და არა აქვთ სალოცავი, მაგრამ საკვირაო ლოცვებს გორელოვკაში მოქმედ დუხობორთა მუზეუმში აღავლენენ.

„ჩვენ მუზეიმს ვწირავთ მცირე თანხას. ამ თანხით ახლა მცირე რემონტს ვაკეთებთ“, - გვიხსნიან დუხობორი ქალბატონები და მუზეუმის გალავნის ღებვას აგრძელებენ.

დუხობორების წინაპრების სახლების დიდ ნაწილში ამჟამად აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ. დუხობორთა პირველი სახლები ახლა ბოსლებადაა ქცეული. პირველი სახლები აქ ეწოდებათ იმ საუკუნოვან ერთსართულიან შენობებს, რომელიც დუხაბორებმა ჩამსვლისთანავე აიშენეს. ასეთი სახლების თავზე სახურავთან ერთად მიწაა დაყრილი. სახურავზე ამოსული ბალახი უკვე გაყვითლებულია, მაგრამ პირუტყვს მაინც იზიდავს. სახლის თავზე ცხენები და ძროხები ადიან. დუხობორები გვიხსნიან, რომ ასეთი სახლები ტბის მიწით არის გადახურული, რადგან სწორედ ასეთ მცენარეეებით მდიდარ მიწას შეუძლია სითბოს შენარჩუნება.

ადგილობრივი დუხoბორები თავიანთ პრობლემებზე არ საუბრობენ. გორელოვკაში ჩახალებული აჭარელი ეკომიგრანტები კი მათ ნაცვლად გვიხსნიან, რომ საზოგადოების ეს ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლებისგან შევიწროებულია.  მათი თქმით, სწოrედ ამის გამო ტოვებენ დუხობორები გორელოვკას.

„აქ ჩვენ ნორმალურად ვხოვრობთ. ვმუშაობთ, ვუმკვლავდებით მკაცრ კლიმატს და ერთმანეთს მხარში ვუდგავართ“, - მოკლე პასუხით შემოიფარგლება დუხობორი, ალექსანდრე კალმაკოვი. სოფლის კოლორიტი ნიკალაი სუხოროკოვი კი თავის სახლს და ბაღს გვაჩვენებს. მას მრავალი სახეობის მცენარე აქვს და გვისახელებს, რომელი რა დაავადების საწინაღმდეგოდ გამოიყენება.

ნიკალაის სოფელში დუხობორების თქმულებას უკავშირებენ. ამ თქმულების თანახმად, განკითხვის დღემდე სოფელში დაბრუნდება ის პირველი დუხობორი, ვინც პირველმა დატოვა სოფელი. ასეთი კი მათი აზრით ნიკალაია. მან რამდენიმე წლის წინ პირველმა დატოვა საქართველო, მაგრამ წლების წინ წასულ დუხობორთაგან, ახლა პირველი ჩამოვიდა საცხოვრებლად გორელოვკაში. 

„ყველაფერი კარგად იქნება. ასე უნდა იფიქროთ და ეს როგორც ერთგვარი პროგრამა, ისე ექნება თქვენს მომავალს და ასეც მოხდება“, -  გვირჩევს ნიკალაი.

დუხობორების სახლები მათი ხელნაკეთი ნივთებითაა მორთული. ამოქარგული ტილოები, საკუთარი ხელით შეკერელი ტრადიციული სამოსი - აქ ყველა დუხობორს აქვს. ამბობენ, რომ ასეთ სამოსს მხოლოდ დღესასწაულებზე და საკვირაო ლოცვის დროს იცვამენ. დუხობორების მუზეუმი ფერადი შენობაა, რომლის კარსა და ფანჯრებზე ყვავილებია დახატული. მუზეუმის გარშემო არყის ხეები ხარობს.  შიგნით კი მოქარგული ტილოები და ბალიშებია. ასეთივე სალოცავი ადგილი  ვნახეთ ჩვენ დუხობორ ნიკალაისთანაც.

გორელოვკაში,  ძირითადად, ასაკოვანი დუხობორები ცხოვრობენ. სოფელში სულ რამდენიმე ოჯახია,  სადაც დუხობორების ახალი თაობა იზრდება. მათ არ იციან ქართული ენა და დიდი ნაწილი პირად საუბარში ამბობს, რომ რუსეთში გეგმავს წასვლას. მიზეზი კი ისაა, რომ შევიწროებული არიან და მათ სახლებში ახლა სხვების შესახლება ხდება.

„მოგეხსენებათ, რა პრობლემებიც გვაქვს აქ ჩამოსახლებულ აჭარლებს, მაგრამ ყურადღება და დახმარება სჭირდებათ აქაურ დუხობორებსაც. რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა ჩემი დუხობორი მეზობელი. ის ახლა ორი კვირით არის წასული რუსეთში და ირკვევა, რომ მის კუთვნილ მიწას და სახლს ასხვისებენ. მე მაქვს ამონაწერი ამ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის დუხობორ, მიხეილ მიროშნიკოვს, მაგრამ ამ მიწის გასხვისება მაინც ხდება. არ ვიცით, ვის მივმართოთ“, - ამბობს აჭარელი ეკომიგრანტი, თემურ ბერიძე.

დუხობორები თავიანთ გულისტკივილზე მხოლოდ პირად საუბარში გვიყვებიან. ამბობენ, რომ საქართველო მათი სამშობლოა და საუკუნეებს წინ მათი წინაპრები სწორედ ამ ქვეყნის დახმარებით გადარჩნენ.  ახლა კი წყდებათ გული, რომ გორელოვკა დუხობორების ნასახლარად იქცა. ამბობენ, რომ ოდესღაც სოფელი, რომელიც თავისი ლამაზი სახლებით, სუფთა ქუჩებით და სიკოხტავით აოცებდა ყველას, ახლა პირუტყვით დაბინძურებული ქუჩებით და სახლების წინ გაკეთებული ბოსლებით ხვდება სტუმრებს. იხსენებენ ძველ დროს და ამბობენ, რომ თავადაც როგორც ახლა, ისე  წლების წინ, გორელოვკაში მეცხოველეობას მისდევდნენ  და საქონლის ფუნით თბებოდნენ, მაგრამ სისუფთავეს და სოფლის სილამაზეს ყველა უფრთხილდებოდა.

ახალი ამბები