კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახმედ ჩატაევის საქმის თაობაზე გაეროს უკანონო დაკავებების სამუშაო ჯგუფს მიმართა

21 ნოემბერი, 2012

                                                                     ელენე ჭუმბურიძე

20 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა მსჯავრდებულ ახმედ ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილო კავკასიიდან, ახმედ ჩატაევი, ლოპოტას ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის დროს შუამავლის როლს ასრულებდა. არიან მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩატაევი თბილისიდან გამოიძახეს დანარჩენ ჩეჩნებთან მოსალაპარაკებლად. 

მოლაპარაკება არ შედგა. ქართული სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჩატაევი, მისთვის მოულოდნელად, ქართველმა სამართალდამცავებმა ფეხში დაჭრეს. დაჭრილი ჩატაევი რამდენიმე დღე ტყეში დახეტიალობდა, რის გამოც მას ფეხი დაუჩირქდა. ასეთ მდგომარეობაში იგი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ქართველ მესაზღვრეებს ჩაბარდა. ჩატაევს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. შემდეგ კი იგი დააკავეს.
 
32 წლის ახმედ ჩატაევი წინასწარ პატიმრობაში 18 სექტემბრიდან იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აღსანიშნავია, რომ წარსულში მას ერთი ხელიც მოკვეთილი აქვს.

ახმედ ჩატაევს ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდება აქვს წაყენებული. მას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძრვანელი, ნინო ანდრიაშვილი იცავს. საქმეში არ არსებობს ფაქტობრივი მტკიცებულებები, რაც მის ბრალეულობას ამტკიცებს. საქმეში მხოლოდ მესაზღევრეების ჩვენებები არსებობს, რომლებიც მას ხელს ადებენ. თუმცა, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა და ტელეკომპანია „მე-9 არხმა“ მესაზღვრეებისგან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოიპოვეს ჩანაწერი, სადაც ისინი აცხადებენ, რომ კუდ-მა ჩვენებები ზეწოლით დააწერინათ. ეს ვიდეოჩანაწერები 25 ოქტომბერს გავრცელდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ანდრიაშვილმა პროკურატურის მხრიდან დარღვევებზე ისაუბრა: „ჩვენ მივმართეთ მთავარ პროკურატურას სწორედ 25 ოქტომბერს და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება იძულების წესით მესაზღვრეებისათვის ცრუ ჩვენების ჩამორთმევის ფაქტზე, რადგან საქმე გვქონდა ახალ დანაშაულთან. კახეთის საინფორმაციო ცენტრის და „მე-9 არხის“ ვიდეოჩანაწერებში ჩანდა, რომ მესაზღვრეები დღესდღეობით უკვე ამბობენ, რომ ისინი ცრუ ჩვენებებზე აწერდნენ ხელს და ახმედ ჩატაევს არანაირი საბრძოლო მასალა (ხელყუმბარები) თან არ ჰქონია“.

ნინო ანდრიაშვილის ინფორმაციით, პროკურატურას დღემდე არ დაუკითხავს არც მესაზღვრეები, არც კახეთის საინფორმაციო ცენტრისა და მე-9 არხის ჟურნალისტები, რომლებიც მესაზღვრეებს ესაუბრნენ. იურისტის თქმით, პროკურატურა ვალდებული იყო, დაეწყო გამოძიება.

უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოხდა მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები, ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის დეტალები კვლავ გამოუძიებელია. ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევი არის უდანაშაულო და დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ჩვენმა ადვოკატმა მიმართა თბილისის პროკურატურას, რომ ახმედ ჩატაევისთვის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალათ გირაოთი, მაგრამ ამაზეც უარი მივიღეთ“.

აიობ ბორჩაშვილი, ახმედ ჩატაევის ახლობელი: „როგორც ჩვენ ვიცით, არც ახმედ ჩატაევს და არც იქ მყოფებს საერთოდ ეჭვი არ ჰქონდათ, თუ ქართული მხრიდან მათ ესროდნენ. ჩვენ თვითონაც გაოცებულები და გაკვირვებულები ვართ ყველანი იმით, რაც ლოპოტას ხეობაში მოხდა“.

ახმედ ჩატაევი ავსტრიის სახელმწიფოში ლტოლვილის სტატუსით სარგებლობს და მას ამპუტირებული აქვს ორი კიდური. ეს გარემოებებიც ასევე მისი გათავისუფლების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახმედ ჩატაევის საქმის თაობაზე მიმართვა გაუგზავნა გაეროს უკანონო დაკავებების სამუშაო ჯგუფსა და გაეროს რამდენიმე სპეციალურ მომხსენებელს.        

ახალი ამბები