კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატებმა ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერებაზე იმსჯელეს

26 ნოემბერი, 2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ქვეყანაში სამოქალაქო დაცულობას ადვოკატის ინსტიტუტის სიძლიერე განაპირობებს. ადვოკატმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სათანადო დაცვა რომ შეძლოს, პირველ რიგში, თავად უნდა იყოს ხელშეუხებელი და დაცული“, -  ამ პათოსით წარიმართა 21 ნოემბერს ქუთაისში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილისა და ქუთაისელი ადვოკატების შეხვედრა.

საუბარი იყო პრობლემებზე, რომლის ფონზეც ბოლო წლების მანძილზე ადვოკატებს საკუთარი საქმიანობის განხორციელება საკმაოდ მძიმე პირობებში უხდებოდათ.

„არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვი, რომ ფაშისტური რეჟიმის პირობებში ვმუშაობდით. დროა, სხვა წყობაზე გადავიდეს ქვეყანა და ადვოკატმა თავისი საქმიანობა ნორმალურ პირობებში განახორციელოს. სააკაშვილის რეჟიმმა 147 ადვოკატი დააკავა საქართველოში. მათ კლიენტის კარგად დაცვისთვის იჭერდნენ. ხდებოდა მათი დამცირება სხვადასხვა სახით. იმისთვის, რომ ადვოკატებმა საკუთარი უფლებების აღდგენა შეძლონ, ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერებაა საჭირო“, - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

შეზღუდულ უფლებებზე ადვოკატები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ. მათი აზრით, ქვეყანაში არსებული მართლმსაჯულება, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ადვოკატია, ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც დემოკრატიული საზოგადოება აყენებს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა და humanrights.ge-მ ამ თემას არაერთი კვლევა და სტატია მიუძღვნა.

ევგენი ომანაძე, ადვოკატი: „საქმიანობის განხორციელებისას ადვოკატი ხელშეუხებელი უნდა იყოს, რათა კლიენტის დაცვა წარმატებით, პროფესიონალურად განახორციელოს. ჩვენ კი ბოლო წლებში ეს პირობები ნამდვილად არ გვქონდა. იყო შემთხვევები, თუ მოსამართლეს ადვოკატის ღიმილი არ მოეწონებოდა, სერიოზული პრობლემები ექმნებოდა. არ ვაჭარბებ, მართლა იყო ასეთი ფაქტები. ამ კუთხით სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. არ უნდა დაგვავიწყდეს: იმისათვის, რომ ადვოკატმა კლიენტის უფლებები დაიცვას, პირველ რიგში მისი უფლებები უნდა იყოს დაცული“.

ევგენი ომანაძის თქმით, ადვოკატები არაერთგზის აცხადებდნენ ქვეყნის სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მძიმე პირობების, ასევე -  პატიმართა ღირსებისა და პატივის ხელყოფის ფაქტების შესახებ, მაგრამ - უშედეგოდ: „ჩვენი ხმა ყოველთვის რჩებოდა რეაგირების გარეშე. არასდროს არანაირი ქმედითი ღონისძიება შესაბამისი უწყებების მხრიდან სამწუხაროდ არ იყო. თავად ადვოკატები კი, უსამართლო სასამართლოს პირობებში კლიენტის დაცვას ვერ ახერხებდნენ“. 

ადვოკატ ანა ჩაფიძეს არაერთი შემთხვევა ახსენდება, როცა თავისი საქმიანობის დროს ხელი ეშლებოდა: „მაგალითისთვის, გეტყვით ხონის საპყრობილის ფაქტს. ციხეზე მისულს მინდოდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მომენახულებინა, რაც დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვახერხე. ციხეში არ შემიშვეს. ვერც რაიმე მიზეზი დამისახელეს. სასწრაფოდ დავრეკე იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზზე, სადაც მითხრეს - ალბათ, დირექტორი საქმეზეა გასული და დაელოდეთ, ადგილზე გაიგეთ როდის დაბრუნდებაო. ადმინისტრაციაში კი განაცხადეს: არ ვიცით როდის მოვა, მისი ნებართვის გარეშე ვერ შეგიშვებთო. რა თქმა უნდა, ციხის ადმინისტრაციაში დირექტორის ნომერი არ მომცეს. თავად მოვიძიე და როცა დავურეკე, მიპასუხა, ახლა: კბილის ექიმთან ვარ, მერე სხვა ექიმთან მივდივარ და არ ვიცი, როდის დავბრუნდებიო. ანუ, პასუხი არასერიოზული იყო და ნიშნავდა: არ დამელოდოთ, სხვა დროს კი, წინასწარ დამირეკეთ და ისე მობრძანდითო. პატიმრის მონახულება ადვოკატმა საპატიმროს დირექტორს რატომ უნდა შეუთანხმოს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, რომელიც 3900 ადვოკატს აერთიანებს, თანხმდებიან, რომ ადვოკატთა დაცულობის მიზნით კანონის გადახედვაა საჭირო.

„ადვოკატს მხოლოდ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ნებართვის შემდეგ უნდა ჩხრეკდნენ და არა ისე, როგორც ეს ჩვენს რეალობაში ხდებოდა. ჩვენი ინიციატივები უკვე გავახმოვანეთ ახალ მთავრობასთან. ვისაუბრეთ სახაზინო ადვოკატურასთან დაკავშირებითაც, რომელიც გვსურს, ადვოკატთა ასოციაციას შეუერთდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ადვოკატი დამოუკიდებელი ვერ იქნება“, - ამბობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.  

ზაზა ხატიაშვილი სახაზინო ადვოკატის შეზღუდულ უფლებებზეც საუბრობს. კერძოდ ამბობს, რომ „სახაზინო ადვოკატები პროკურორის თანაშემწეები იყვნენ“, რომლებიც ყოველთვის მათ დავალებებს ასრულებდნენ. იგი სახაზინო ადვოკატურის, როგორც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სისტემის გაუქმებაზე ამახვილებს ყურადღებას. 

ახალი ამბები