ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა, რომელსაც ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ წარმოადგენს, თანდათან სუსტდება. 22 ნოემბერს საკრებულოს უმრავლესობის რიგები კიდევ ორმა წევრმა დატოვა: კობა ზაქარაიამ და მარიზა აბაშიძემ, რომელიც ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორიცაა. აბაშიძე მანამდე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოადგილეც იყო.
კობა ზაქარაია სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მას საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდთან შეუთანხმებლობა დიდი ხანია, ჰქონდა და გუნდიდან გასვლა 1 ოქტომბრის არჩევნებს არ უკავშირდება: „ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ საკრებულოს თავისუფალი წევრი ვყოფილიყავი. ჩემი შენიშვნები და შეხედულებები მქონდა, რაც არ ემთხვეოდა მათსას და ამიტომ დავტოვე. არჩევნები არაფერ შუაშია“.
ამჟამად, ბათუმის საკრებულოს 23 წევრიდან უმრავლესობა - 12 ისევ „ნაციონალი“ დეპუტატია.
მაკა მალაყმაძე, აჭარა