კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმედ ჩატაევის ადვოკატი იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება

28 ნოემბერი, 2012

Humanrights.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 27 ნოემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებს ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი ლტოლვილის, ახმედ ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა: „მე არ მგონია, რომ დღეს ჩატაევის გთავისუფლება იყოს მიზანშეწონილი. ეს ჩემი აზრია და არ ვიცი, რას ფიქრობს მის საქმეზე დანიშნული პროკურორი. თუ იგი ჩათვლის, რომ ჩატაევის ადგილი არის ციხის გარეთ სხვადასხვა მიზეზის გამო, იმ თავისუფლების პირობებში, რაც მე პროკურორებს მივეცი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ჩატაევი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც რეალურად დაეხმარება გამოძიებას, გაგვარკვიოს საქმის რეალურ ვითარებაში“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახმედა ჩატაევს უკანონო პატიმრად თვლის და მის გათავისუფლებას მოითხოვს. ამ საქმის თაობაზე 20 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენციაც გამართა.

ახმედ ჩატაევს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო ანდრიაშვილი იცავს. ნინო ანდრიაშვილის თქმით, 27 ნოემბერს „მაესტროს“ ეთერში იუსტიციის მინისტრის განცხადება გარკვეულწილად ნიშნავდა მითითებას პროკურორებზე, რომ ჩატაევი ამ ეტაპზე არ უნდა გაათავისუფლონ.

„მინისტრის განცხადება შეგვიძლია განვიხილოთ ზეწოლად პროკურატურაზე და საქმის მწარმოებელ პროკურორებზე, მით უფრო მაშინ, როცა საქმე მინდობილი აქვს პროკურორს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ პოლიციელების ჩვენება ყოველთვის წამყვან როლს ასრულებდა და შეასრულებს მომავალშიც სისხლის სამართლის საქმეებზე და რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენება უპირატესი ძალის მქონეა. იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ მას „დღეს ჩატაევის გთავისუფლება მიზანშეწონილად არ მიაჩნია“ არაადეკვატურია იმ პირობებში, როცა ახალ ხელისუფლებას პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე, მართლმსაჯულებისა და პროკურატურის დამოუკიდებლობაზე, სადაც დაცული იქნება მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა“, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი.
 
საქართველოს კანონმდებლობით, პროკურატურის მუშაკი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია და მის საქმიანობაში ჩარევა თანამდებობის პირების მიერ აღიქმება მასზე ზემოქმედებად, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლად და ისჯება კანონით.
 
ნინო ანდრიაშვილის თქმით, კიდევ უფრო არაგონივრულია დაზარალებული ადამიანის, მით უფრო - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ციხის პირობებში გაჩერება, მხოლოდ იმის გამო, რომ იგი საქმის ვითარების გარკვევაში დაეხმარება გამოძიებას. პროკურატურას ციხის გარეთაც შეუძლია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება ძვირფასი მოწმის მიმართ.

ახალი ამბები