კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ეკომიგრანტებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდება

29 ნოემბერი, 2012
 
ელენე ჭუმბურიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ დოკუმენტური ფილმში ასახულია ის სოციალურ-სამართლებრივი პრობლემები, რაც დღეისათვის საქართველოში მცხოვრებ ეკომიგრანტებს აწუხებთ. ფილმი, ძირითადად, აჭარის მაღალმთიანი რეგიონებიდან სტიქიური მოვლენების გამო გადმოსახლებულ ეკომიგრანტებს ეხება და მომზადებულია პროექტის - „ადვოკატირება ეკომიგრანტთა ინტერესებისათვის“ ფარგლებში.

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან გასახლებული ეკომიგრანტები, ძირითადად, თავს იყრიან ხონის, ნინოწმინდის, თეთრიწყაროს, წალკის, მარნეულის, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. მათ უმეტესობას თითქმის ერთნაირი პრობლემები აქვთ: საცხოვრებელი სახლების ავარიული მდგომარეობა, მიწების ნაკლებობა, სახლებისა და მიწების საკუთრებაში არქონა, სათიბი და საძოვარი მიწების ნაკლებობა. ეკომიგრანტების პრობლემებს კონკრეტული სოფლის პრობლემებიც ემატება: სასმელი წყლის პრობლემა, სარწყავი წყლის არქონა, სავალი გზის ავარიული მდგომარეობა, ამბულატორიისა და სამედიცინო მომსახურების არქონა და ა.შ. 

დოკუმენტური ფილმის თანაავტორის, ილია გუჩმანიძის თქმით, უფლებრივი თვალსაზრისით, შედარებით კარგი მდგომარეობა ლაგოდეხში, ყველაზე რთული კი - მარნეულში, ხიხანსა და ახალ დიოკნისში. 

საყოფაცხოვრებო პრობლემებთან ერთად, ეკომიგრანტებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთრების დაკანონების საკითხი. ორგანიზაცია „ბორჯღალის“ ინფორმაციით, სახლებისა და მიწების აბსოლუტური უმრავლესობა ეკომიგრანტთა საკუთრებაში არ არის. ზოგიერთი ოც წელზე მეტია, მათ ფლობს, მაგრამ საკუთრებაში არ გადასცემიათ. ისინი ბოლომდე არ გრძნობენ თავს დაცულად. მუდმივი შიში აქვთ, რომ სახელმწიფომ შეიძლება, ერთ დღეს აუქციონის სახით გაუყიდოს სახლი, ან უბრალოდ, ჩამოართვას. ყოფილი ხელისუფლების პოზიცია, თუ რატომ არ უკანონებდა სახლებს ეკომიგრანტებს, ემყარებოდა ეჭვს, რომ ეკომიგრანტებს საკუთრების დაკანონებისთანავე შეიძლებოდა გაეყიდათ სახლი და უკან დაბრუნებულიყვნენ.

ილია გუჩმანიძე ასევე გამოყოფს მიწების პრობლემას. მისი თქმით, სოფელში ვერ განვითარდება გლეხი, თუ მას მიწა არ გააჩნია. ეს მიწები კი, სამი-ოთხი მესაკუთრის ხელში, ძირითადად, უკანონოდაა მისაკუთრებული. „ხდება ისე, რომ ამ მიწებზე ამუშავებენ ეკომიგრანტებს დღიური მინიმალური ანაზღაურების ფასად. ქალბატონები დილის ექვსი საათიდან საღამოს რვა სათამდე მუშაობენ ელემენტარულ ანაზღაურებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ მიწა. მთელი კლანებია შექმნილი, რომელთაც დაპატრონებული აქვთ მიწის ნაკვეთები. არ ვაშარჟებ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ადგილზე რაც ვნახე, ეს არის ბატონყმობის თანამედროვე ფორმა“,  - ამბობს ილია გუჩმანიძე.

ორგანიზაცია „ბორჯღალმა“ ეკონომიკის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ შეიმუშავა რეკომენდაცია, რაც გულისხმობს ეკომიგრანტებისათვის მცირე კრედიტების გაცემას. ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან თითო ოჯახისთვის ათიათასლარიანი უპროცენტო კრედიტის გაცემით, ეკომიგრანტები შეძლებენ მიწის არენდით აღებას, საქონლის შესყიდვას, სახლის შერემონტებას და ზოგადად, ფეხზე დადგომას. ხუთი წლის შემდეგ კი გლეხები თანდათანობით დაიწყებენ კრედიტის დაფარვას. ყველაფერთან ერთად კი სოფლის მეურნეობაც განვითარდება. 

ილია გუჩმანიძის თქმით, ყოფილი მთავრობა პრიორიტეტებს არასწორად ანაწილებდა: „მარტივ მაგალითს მოვიყვან: არსებობდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან კრედიტების გაცემის რესურსი? ბათუმში ანბანის კოშკის მშენებლობა დაჯდა 65 მილიონი ლარი, რომელიც გამოიყო ბათუმის ბიუჯეტიდან. 65 მილიონ ლარად 6500 ეკომიგრანტი ოჯახის ფეხზე დაყენება შეიძლებოდა. ჩვენთვის გადასაწყვეტია, რა უფრო პრიორიტეტულია, 650 ოჯახის კეთილდღეობა თუ ლამაზი ანბანის კოშკი ბათუმის ცენტრში“.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე humanright.ge-სთან საუბრისას ადასტურებს აჭარელი ეკომიგრანტების რთულ სოციალურ პირებობს: „არსებობს ძალიან რთული პრობლემები. სამწუხაროდ ვერც წინა, ვერც წინისწინა მთავრობამ ვერ შეძლო პრობლემის მოგვარება. საერთოდ, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ამ ადამიანების ადგილობრივი დამაგრება ვერ მოხდა იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ უბრალოდ, საკანონმდებლო ბაზაც კი არ არის მომზადებული. ამაზე არავის უფიქრია. ეს ადამიანები რეგისტრაციისა და მოქალაქეობის გარეშე არიან თითქმის. მე ვფიქრობ, ამ გაჭირვებაში, შეიძლება, 50 000-მდე ადამიანი იყოს. ეს საკითხი საკმაოდ ფართომასშტაბიანია და პარლამენტის დღის წესრიგში უკვე დგას. შეიქმნება სოციალური ჯგუფი, რომელიც ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ეს  მუშაობა, პრაქტიკულად, უკვე დაწყებულია“.

მურმან დუმბაძე ასევე დასძენს, რომ ამ საკითხზე პარლამენტი თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან, „რომელმაც ეს სფერო უფრო კარგად იცის“. 

აღსანიშნავია, რომ არსებობს ეკომიგრანტთა ორი კატეგორია: სახელმწიფო პროგრამით განსახლებული და თავ-თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან დამოუკიდებლად წამოსული ეკომიგრანტები. იმ ოჯახების სისტემატიზირება, რომლებიც ვერ მოხვდნენ სახელმწიფო პროგრამაში, საერთოდ არ ხდება. ასევე არ არსებობს ერთიანი სისტემატიზირებული საინფორმაციო ბაზა, თუ რამდენი ეკომიგრანტია ქვეყანაში. ბოლო 2010 წლის ოფიციალური ინფორმაციით, მარტო აჭარიდან 9 ათასი ოჯახი იყო ჩამოსახლებული. თუმცა, როგორც „ბორჯღალის“ წარმომადგენლები ასკვნიან, ეს ინფორმაცია უკვე არაადეკვატურია, რადგან კონკრეტულ სოფლებში ეკომიგრანტთა რაოდენობის გადამოწმებამ ცდომილებები აჩვენა.

ახალი ამბები