კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსყიდული არჩევნები აჭარის მაღალმთიანეთში

30 ნოემბერი, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტებში, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმები ფინანსურად და დაპირებით მოისყიდეს. ხულოს მოსახლეობის თქმით, მათთან 5-იანის შემოხაზვა 100 ან 200 ლარი ღირდა, შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მათ პატიმარ ვაჟა ხიმშიაშვილის გათავისუფლებას დაჰპირდნენ.

როგორც ხულოს მკვირდნი აცხადებენ, წინასაარჩევნოდ მათ სოფლის რწმუნებულები და გამგებლები ხშირად სტუმრობდნენ, 5-იანის შემოხაზვას სთავაზოდნენ, რის სანაცვლოდაც 100, ზოგსაც 200 ლარს ჰპირდებოდნენ.

„სოფლის რწმუნებული, თემურ ირემაძე ყანებში დადიოდა. თანხა 100-დან 200 ლარამდე იყო. ვინც იცოდა მხარს არ დაუჭერდა, იმათ სთავაზობდა 200 ლარს. ფაქტობრივად, შეიძინეს ხმები და ამით გაიმარჯვეს. ამჟამინდელი გამგებელიც კი მონაწილეობდა ამ ყოველივეში“, -აცხადებს ნოდარ ქათამაძე, ხულოს მკვიდრი სატელეფონო საუბარში.

თემურ მესხიძე, ხულოს მკვიდრი: „თუ რამე იყო გასაკეთებელი, ყოფილი მმართველი პარტია იმის გამო აკეთებდა, რომ არჩევნებში მათთვის დაგვეჭირა მხარი. მანამდე კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევდა. ვითომ წისქვილსაც გვიკეთებდნენ და აღარ გააკეთეს. თანხები კი დაარიგეს 100-100 ლარი 5-იანის შემოსახაზავად“.

ხულოს გამგებელი დავით ჭელიძე მსგავს ფაქტს უარყოფს და აცხადებს: „მე შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი და ჩვეულებრივად ვატარებდი წინასაარჩევნო კამპანიას. თანხებთან შეხება ფიზიკურად არ მქონია. მოსახლეობს ათასნაირი რამის თქმა შეუძლია“.

აჭარის კიდევ ერთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობა აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს ლევან ვარშალომიძეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაულებს. მათი თქმით, ლევან ვარშალომიძე 27 სექტემბერს შუახევის მცხოვრებლებს შეხვდა, სადაც მოსახლეობას ვარშალომიძისათვის პატიმარ ვაჟა ხიმშიაშვილის (რაიონის სატყეო სამსახურის ყოფილი უფროსი) განთავისუფლება უთხოვია.

ბიჭიკო ხიმშიაშვილი, სოფელ ნიგაზეულის მკვიდრი: „ამ შეხვედრაზე ვარშალომიძეს ვაჟა ხიმშიაშვილის გათავისუფლება ვთხოვეთ. თუ თქვენ არჩევნებში შემოხაზავთ 5-იანს, არჩევნებიდან 2 დღის ვადაში, რაიონში ამოგიყვანთ ვაჟა ხიმშიაშვილსო, ასე დაგვპირდა. იცოდნენ, რომ ვაჟა ხიმშიაშვილის გამო, ხალხი მხარს დაუჭერდა „ნაციონალებს“ და შესაბამისად, გამოგვიყენეს. ამიტომ მიიღო შუახევში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე მაღალი ხმა. ხალხი მოგვატყუეს ვაჟა ხიმშიაშვილით“.

ვიტალი ხიმშიაშვილი, პატიმარ ვაჟა ხიმშიაშვილის შვილი: „ისიც კი მითხრეს, ახლაც კი გავათავისუფლებდით, მაგრამ წინასაარჩევნო პიარად ჩაგვითვლის ოპოზიცია და არჩევნებამდე ამიტომ ვერ გამოვუშვებთო - მითხრა იმ შეხვედრაზე აჭარის იმჟამინდელმა მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეეცადა ლევან ვარშალომიძესთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება.
 
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლმენტო არჩევნებში, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში: ხულო, შუახევი, ქედა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ _ მეტი სარგებელი ხალხს“ სხვა მონაწილე სუბიექტებთან შედარებით, საკმაო უპირატესობით გაიმარჯვა. ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლი კი შუახევის მუნიციპალიტეტშია. აქ  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციულ არჩევნებში ხმების 61,46% ხოლო მაჟორიტარულის შემთხვევაში (მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში - ომარ მეგრელიძე) ხმების 62, 58 % მიიღო.

ახალი ამბები