კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი ჩინოვნიკების საცხოვრებელს სახელმწიფო დაცვა იცავს

30 ნოემბერი, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარის, მიხეილ მახარაძის საცხოვრებელ სახლებთან კვლავ დგას სახელმწიფო დაცვის წევრები. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ საქმე ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასთან გვაქვს.

2012 წლის 28 ოქტომბრიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ახალი მთავრობა ჰყავს. სწორედ ამ დღიდან შეუწყდა აჭარის ყოფილ  მთავრობას და მასთან ერთად, მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს უფლებამოსილება. თუმცა, ბათუმის ცენტრში, ბარათაშვილის ქუჩის #20-ში, იქ სადაც ვარშალომიძის ოჯახი ცხოვრობს, დღემდე დგას სახელმწიფო დაცვა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე ვარშალომიძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას ითხოვს: „ლევან ვარშალომიძემ და მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რომ სხვა რეალობაა დღეს და უკანონო ქმედებები ამ ქვეყანაში არ გავა. კანონით, რითაც სახელმწიფო დაცვის სამსახური შეიძლება ადამიანს ემსახურებოდეს, არის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხევაში, როდესაც ხარ თანამდებობის პირი, ანდა მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც გადადგა, ან აღარ არის, გაუვიდა დრო, მაგრამ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ამ შემთხვევაში, ასეთი რამ ჩვენ არ გაგვიგონია, მაგრამ იმ სიკეთეებით, რაც არსებობდა მისი მოღვაწეობის პერიოდში, ისევ სარგებლობს მოქალაქე ლევან ვარშალომიძე და ჩემი აზრით - უკანონოდ. მოვითხოვ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან, მოეხსნას ლევან ვარშალომიძეს დაცვა და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა შეჩერდეს“.

სახელმწიფო დაცვა დღემდე იცავს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრ, მიხეილ მახარაძის საცხოვრებელ სახლსაც, რომელიც ზურაბ გორგილაძის ქუჩის #159-ში მდებარეობს. თუმცა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თამარ ჟღენტის განცხადებით, მათი სამსახური მახარაძის საცხოვრებელს არ იცავს: „აჭარაში მხოლოდ, როგორც ყოფილ მაღალჩინოსანს, ლევან ვარშალომიძეს ვიცავთ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სცადა დაცვის თანამშრომლებთან გასაუბრება. მათ კომენტარზე უარზე უარი გვითხრეს და მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ „სამსახურს ასრულებენ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრთან სატელეფონო საუბარში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი  თამარ ჟღენტი აცხადებს, რომ ისინი სამართლებრივ ჩარჩოში მოქმედებენ: „თუ არის შესაბამისი მოთხოვნა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეზოლუცია დადებული, ჩვენ შესაბამისად ვიცავთ. პრეზიდენტს კანონიერი უფლება აქვს, როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამდებობის პირის დაცვა გადაწყვიტოს. ამ შემთხვევაშიც, როგორც ვიცი, პრეზიდენტთან ლევან ვარშალომიძის წერილია შესული. თუ რამდენი დაცვის წევრი იცავს, ეს ინფორმაცია საჯარო არაა“.

საიას ბათუმის ოფისის იურისტი გია ქარცივაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარისა ვარშალომიძის და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნის დაცვის თაობაზე, ვერ იპოვეს: „სპეციალური დაცვის სამსახურის შესახებ კანონი როგორც მაღალი თანამდებობის პირების დაცვას, ასევე ყოფილ თანამდებობის პირის დაცვასაც ითვალისწინებს, თუკი მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. თუმცა, მსგავსი განკარგულება ვერ ვიპოვეთ. შესაძლებელია, გამოცემული არაა. მსგავს შემთხვევაში,  როდემდე შეიძლება პირის დაცვა, ამას კანონი არ არეგულირებს“.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ბაციკაძე კი მიიჩნევს, რომ ლევან ვარშალომიძე არ შედის იმ განსაკუთრებულ კატეგორიაში, რომელთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდეს: „არ გამიგია, რომ პროკურატურაში რაიმე საქმე იყოს აღძრული, რომ ლევან ვარშალომიძეს ვინმე ემუქრება ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს, რათა ვინმეს დასაცავი გახდეს. უბრალოდ, დაცვის სამსახური ჯერ კიდევ ემორჩილება პრეზიდენტს. იგი დაახლოებით 20 კაცის (ოპერატიული, გარე დაცვა, პირადი დაცვა) მომსახურებით, ანუ ყველა იმ სიკეთით სარგებლობს, რითაც უმაღლესი საბჭოს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში სარგებლობდა, რაც უკანონობაა“.

ახალი ამბები