კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმედ ჩატაევი საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს მიმართავს

29 ნოემბერი, 2012

საქართველოში დაპატიმრებული ჩეჩენი ლტოლვილი ახმედ ჩატაევი, რომლის ექსტრადიციასაც რუსეთის ხელისუფლება დაჟინებით ითხოვს, დახმარებისთვის დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს მიმართავს. ჩატაევს ბრალი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში ედება. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადამიანის უფლებათა ცენტრი კი, რომლის ადვოკატიც ჩატაევის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ის უკანონო პატიმრობაშია.

„მე საქართველოში ლეგალურად ვიმყოფები. პანკისის ხეობაში მყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. 28 აგვისტოს, თბილისიდან ლოპოტას ხეობაში საქართველოს შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელების თხოვნით ჩავედი. თბილისიდან თელავამდე ტაქსით ვიმგზავრე, თელავიდან ლაფანყურში კი ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მანქანით. შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ლოპოტას ხეობაში მყოფ შეიარაღებულ ჩეჩნებთან და ქისტებთან მოლაპარაკებაში ჩართვა მთხოვეს. საქართველოს ხელისუფლება ითხოვდა, შეიარაღებულ ჯგუფს, რომელიც საქართველოდან დაღესტნის გავლით ჩეჩნეთში გადასვლას აპირებდა, იარაღი დაეყარა და სამართალდამცავებს ჩაბარებოდნენ. მე ხეობის სიღრმეში მოლაპარაკებაზე შევედი და იქიდან გამოსვლის შემდეგ ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელებს ვუთხარი, რომ ჯგუფის წევრები იარაღის დაყრაზე უარს ამბობდნენ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სპეცრაზმი ლოპოტას ხეობას დატოვებდა, ისინი ისევ პანკისის ხეობაში დაბრუნდებოდნენ. ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელებმა რამდენიმე წუთი მთხოვეს. ვვარაუდობ, რომ ზემდგომთან უნდა შეეთანხმებინათ. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, როცა პასუხს ველოდებოდი, სნაიპერმა ფეხში დამჭრა. მე მიმალვა შევძელი, რამდენიმე წუთში კი სროლა დაიწყო, რომელიც დაახლოებით 2–3 საათს გაგრძელდა.

ლოპოტას ხეობაში 10 დღის განმავლობაში დავრჩი. ამ ხნის განმავლობაში ჭრილობა გამირთულდა და სიარული ვეღარ შემეძლო. ჯოხზე დაყრდნობილი გზაზე გამოვედი და მესაზღვრეებს ვანიშნე, რომ მარტო ვიყავი, უიარაღოდ. მესაზღვრეებმა, რომლებიც გზაზე შემხვდნენ, პირველადი დახმარება გამიწიეს, ჭრილობა შემიხვიეს და ხელმძღვანელობას აცნობეს. ამის შემდეგ ჯერ თბილისში, იქიდან კი გორში გადამიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მარცხენა ფეხი მომკვეთეს. ლოპოტას ხეობაში მე თან არანაირი იარაღი არ მქონია. ტელეფონი, საფულე და ერთი სნიკერსი მქონდა. ტელეფონი, როცა დამჭრეს, მაშინ დავამტვრიე და გადავაგდე. საფულე კი როცა მესაზღვრეებს ჩავბარდი, მაშინ ჩამომართვეს. დაკავების შემდეგ ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვიყავი მოთავსებული, სადაც ფეხი მომკვეთეს. 18 სექტემბრიდან კი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ვარ.

სასამართლო პროცესი უკვე რამდენჯერმე გადაიდო. პროკურატურა უარს ამბობს ჩემთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე, რაც მიმაჩნია, რომ უსამართლოა. პროკურატურამ მე უკვე დამკითხა ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ადვოკატის თანდასწრებით ჩვენება მივეცი და დაინტერესების შემთხვევაში თანახმა ვარ დამატებით შეკითხვებს ვუპასუხო. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია 26 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ პატიმრობიდან ჩემი გათავისუფლება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

დღეს, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩემს საქმეზე პროცესი იყო დანიშნული 10:30 საათზე. 10:00 საათისთვის, როცა ჩემთან, საკანში არავინ მოვიდა სასამართლოში გადაყვანის მიზნით, დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ვკითხე, რატომ არ მივყავდი სასამართლოში. მითხრეს, რომ მანქანა არ მოვიდა. ციხის ადმინისტრაციამ კი განმიცხადა, რომ სასამართლოდან მიმართვა არ მიუღიათ ჩემს გადაყვანაზე.

მე არ ვცნობ თავს დამნაშავედ, არ ჩამიდენია ის დანაშაული, რასაც საქართველოს მთავარი პროკურატურა მაბრალებს. მოწმეები, რომლებმაც თავდაპირველად თქვეს, რომ დაკავების დროს 2 ხელყუმბარა მქონდა, პროკურატურისთვის მიცემულ ახალ ჩვენებაში აცხადებენ, რომ მე ხელყუმბარები არ მქონდა და წინა ჩვენება შსს–ში ზეწოლის შედეგად მისცეს.

ამიტომაც, ჩემთვის გაუგებარია პროკურატურა რატომ ამბობს უარს ჩემს გათავისუფლებაზე. თხოვნით მივმართავ საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ჩემი საქმით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცხადებული უარის მიუხედავად, არ დაუშვან ჩემი ექსტრადირება რუსეთში; ასევე, დამეხმარონ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაში და ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, ადეკვატური სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენაში“, – აღნიშნავს ახმედ ჩატაევი მიმართვაში.

შეგახსენებთ, ლაფანყურში ე.წ. ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და ერთი სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია. მათ შორის 2 საქართველოს მოქალაქე იყო.

ჩატაევი ცნობილი ჩეჩენი მებრძოლია. მას ხეობაში პატივს სცემენ. 2000 წელს, მეორე ჩეჩნური ომის დროს, დაჭრილი ჩატაევი ურუს-მარტანის საავადმყოფოდან რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს, უსასტიკესად აწამეს, მარჯვენა ხელი მოაჭრეს და დენზე შეაერთეს. ჩატაევი ბრიტანეთში მცხოვრები ჩეჩენი ლიდერის, ახმედ ზაკაევის ნდობით აღჭურვილი პირია. ის ზაკაევის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო ავსტრიაში.

ის დუისში 2010 წლიდან ცხოვრობს და რუსეთისგან, ავსტრიის მიერ 2003 წელს მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი იცავს.

ავსტრიაში ცხოვრების პერიოდში ჩატაევი, ჩეჩენი მეთაურის, რამზან კადიროვის ყოფილი პირადი მცველის, უმარ ისმაილოვის დაჯგუფების წევრად ითვლებოდა, რომელიც 2009 წლის იანვარში, ვენაში ჩაცხრილეს. ისმაილოვი კადიროვს მასობრივ მკვლელობებში ადანაშაულებდა.

2007 წლის მარტში, ჩატაევი იარაღის ტარების ბრალდებით, შვედეთში დააკავეს და მხოლოდ 2009 წლის იანვარში გაათავისუფლეს.

2010 წლის იანვარში, ჩატაევი უკრაინაში დააპატიმრეს. მოსკოვი ჩატაევის ექსტრადირებას კატეგორიულად ითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჩარევით ეს არ მოხდა. მას აქაც ლტოლვილის სტატუსმა უშველა.

2010 წლის მარტში, უკრაინამ ჩატაევის დეპორტაცია საქართველოში განახორციელა. ჩეჩენს დახმარება საქართველოს ხელისუფლებამ აღმოუჩინა.

შარშან მაისში, ჩატაევი თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე ისევ დააპატიმრეს, რუსეთმა მისი ექსტრადირება მოითხოვა, თუმცა უფლებადაცვითი ორგანიზაციების ჩარევისა  და სასამართლოს გადაწყვეტილების  შემდეგ, ჩატაევი გაათავისუფლეს და ის ისევ საქართველოში დაბრუნდა.

ახალი ამბები