კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მართლმადიდებლები მუსლიმებს ახლა წინწყაროში დაუპირისპირდნენ

5 დეკემბერი, 2012
 
ნათია დანელიშვილი, 
ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. სოფელში ვითარების გასარკვევად პარლამენტის წევრები სოსო ჯაჭვლიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ჩავიდნენ. დეპუტატები წინწყაროში ჩასახლებულ სვანებს შეხვდნენ. ადგილობრივებთან შეხვედრის დროს პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დაპირისპირება თუ არ შეწყდა, სისხლისღვრა გარდაუვალია.

წინწყაროში ბერძნები ცხოვრობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მათი დიდი ნაწილი საქართველოდან წავიდა, სოფელში აზერბაიჯანელები დასახლდნენ. 2005 წელს, მთავრობამ წინწყაროში მაღალმთიანი აჭარიდან და სვანეთიდან ეკომიგრანტების 400–მდე ოჯახი ჩაასახლა. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თამაზ მოსიძის ინფორმაციით, აჭარელი ეკომიგრანტების უმრავლესობა გაქრისტიანდა. ერთ–ერთი მათგანია თვითონაც. მისივე თქმით, სოფელში დაახლოებით 20–მდე მუსლიმი ოჯახია. ისლამის მიმდევარია სოფელში მცხოვრები აზერბაიჯანელების 100–მდე ოჯახიც, მაგრამ აზერბაიჯანელი და აჭარელი მუსლიმები ერთად არ ლოცულობენ.

ქართველებს, აზერბაიჯანელებს და ბერძნებს წლების განმავლობაში ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. ქართველები და ბერძნები სოფლის ეკლესიაში ლოცულობდნენ, მუსლიმები კი პარასკევის ლოცვას სოფელ კოსალარსა და მარნეულში ესწრებოდნენ.

სამი თვის წინ, აჭარელმა მუსლიმებმა სოფლის შესასვლელში ორსართულიანი კერძო სახლი იყიდეს და ტრადიციული, პარასკევის ლოცვების შესრულება იქ დაიწყეს. ქრისტიანები ამბობენ, რომ სოფელში „მეჩეთის“ გახსნა არ გახარებიათ, მაგრამ ამას აქამდე უსიამოვნება არ მოჰყოლია.

30 ნოემბერს კი ქრისტიანებსა და აჭარელ მუსლიმებს შორის დაპირისპირება მოხდა. ქრისტიანებმა მუსლიმებს სახლში, რომელსაც სალოცავად იყენებენ, ლოცვის შესრულება აუკრძალეს. მუსლიმებმა ლოცვა მაინც აღავლინეს, მაგრამ ამისათვის პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

საიდან დაიწყო დაპირისპირება

სოფელ წინწყაროში სამი სასაფლაოა, სამივე საერთოა ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვის. რამდენიმე წლის წინ, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სასაფლაოები შემოღობეს და სამივე სასაფლაოს ჭიშკარზე ჯვრები დაამაგრეს. ნოემბრის ბოლო რიცხვებში უცნობმა პირებმა ერთ–ერთი სასაფლაოს ჭიშკარზე ჯვრები ახსნეს. ამან წინწყაროში მცხოვრები სვანები გააღიზიანა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ჯვრები აჭარელმა მუსლიმებმა ახსნეს, რადგან მათივე თქმით, ამის გამო გაღიზიანებას არც მანამდე მალავდნენ.

„ერთი ჯვარი სასაფლაოს კარში დამონტაჟდა, მეორე ზემოდან დაადგეს. ერთი კვირის წინ, ორივე ჯვარი გაქრა. სავარაუდოდ, ზედა ჯვარი ხელით არის მოტეხილი, ხოლო ჩამონტაჟებული ჯვარი ამოჭრილია. ამან ქრისტიანების უკმაყოფილება გამოიწვია“, – განუცხადა ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრს წინწყაროს მკვიდრმა გიორგი მესტვირიშვილმა.
 
„ლოცვას გვიშლიან, მაგრამ  ჩვენ არ დავთმობთ“

ადგილობრივი მეჩეთის წინამძღოლი მარად ღორჯომელიძე ამბობს, რომ ქრისტიანები მასზე ზეწოლას ახორციელებენ და სახლში მეჩეთის მშენებლობის შეჩერებას სთხოვენ. მისივე თქმით, სვანები ჯვრების ჩამოხსნაში მას ადანაშაულებენ.

„29 ნოემბერს, სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ. იმუქრებოდნენ, რომ სოფლიდან გამასახლებდნენ, სახლ–კარს გადამიწვავდნენ. ჩემი ცემის მცდელობაც იყო, მაგრამ საშუალება არ მისცეს. იმასაც მაბრალებენ, ჯვრები შენ მოხსენიო. მე არც ჯვარი მომიხსნია და არც შეურაცხყოფა მიმიყენებია ჯვრისთვის. ჩვენს ყურანს რომ მიაყენოს შეურაცხყოფა ვინმემ, არ ვაპატიებთ. ამიტომ, მათაც არ ვამტყუნებ. ვინც მოხსნა, არ უნდა მოეხსნა ჯვრები! ეგ უნდა მოხსნილიყო მთავრობის დონეზე. პირველ რიგში კი, არც უნდა დაეყენებინათ. არავის შეეკითხნენ, ისე დააყენეს. ხოლო რადგან გააკეთეს, ჩვენ აღარაფერი გვითქვამს. ახლა რას და ვის უკავშირდება ჯვრების მოხსნა, არ ვიცი“, – განუცხადა მარად ღორჯომელიძემ ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრს.

აჭარელი მუსლიმების თქმით, ქრისტიანებმა სასაფლაოზე შესასვლელ კარზე ჯვარი მიზანმიმართულად დაამაგრეს. თამაზ ხოზრევანიძე ადასტურებს, რომ ეს ფაქტი მათ უკმაყოფილებას იწვევდა, მაგრამ არ იცის, ვინ ჩამოხსნა ჯვარი კარიდან.

„მუსლიმურ სასაფლაოზე ჭიშკარზე შეგნებულად გაკეთდა ჯვარი. არავის არ მოსწონდა ეს და აპირებდნენ რამენაირად ჯვრების მოცილებას, მაგრამ ვინ აჭრა, მართლა არ ვიცი. სვანებმაც ეს საბაბად გამოიყენეს. აქ არავის აინტერესებს, ვინ სად ილოცებს, უბრალოდ უნდათ თავისი აზრი მოახვიონ ყველას. პარასკევს ისევ მივალთ სალოცავად. თუ იგივე მოხდება და ხელს შეგვიშლიან, ვაცნობებთ გამგეობას, პოლიციას, რომ უფლებას გვიზღუდავენ. აქამდე ძალიან ცოტა მუსლიმი დადიოდა პარასკევის ლოცვაზე მარნეულში. ახლა ლოცვას აქ ვატარებთ, არავის ვუშლით ხელს, არც ხმაურს ვიწვევთ“, - ამბობს თამაზ ხოზრევანიძე.

„თურქმა გვიყიდა კერძო სახლი, რომელიც მეჩეთად ვაქციეთ. სვანები გვეუბნებიან, ამას არ დავუშვებთ, ქართული სოფელია და არ შეიძლება მეჩეთი იყოსო. მე ეკლესიაში ვერ შევალ, ღმერთი არ მაპატიებს. მე ჩემი რწმენა მაქვს, მათ - თავისი. ჩვენ მაგათ ვუშლით რატომ შედიხართ ეკლესიაშიო? სახლი, რომელსაც მეჩეთად ვიყენებთ, სოფლის ბოლოში დგას და არავის უშლის. იქ ხალხი ლოცულობს და გამოდის. პარასკევს მთელი ამბები იყო. მთელი პოლიცია და მილიცია აქ იყო. ამ პარასკევს კიდევ აპირებენ ხელის შეშლას, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ,“ - აღნიშნავს თამაზ პაპიძე.

„ეს ქრისტიანული სოფელია და ოფიციალური მეჩეთი წინწყაროში არ გაიხსნება“

სვანები ამბობენ, რომ ჯვრის შეურაცხყოფის გამო, მუსლიმებს სამაგიეროს პარასკევის ლოცვების ჩაშლით გადაუხდიან. ქრისტიანები სოფელში მეჩეთის გახსნის წინააღმდეგები არიან.

„დაარქმევენ ახლა ამ სახლს მეჩეთს, დაადგამენ მეჩეთის ფორმას, მოიყვანენ მოლას. გარშემო ყველა ოჯახი ქრისტიანი ცხოვრობს, უთენია მოლას ყვირილს ვუსმინო თუ ქრისტიანულ ლოცვას?!“ – ამბობს ადგილობრივი ზურაბ ჭელიძე.

„სადმე განაპირა კუთხეში მაინც გააკეთონ მეჩეთი. რომელ ქრისტიანს გაუხარდება, რომ მის სახლთან ილოცოს მუსლიმანმა. არ არის ეხ მიზანშეწონილი. ვერც ერთი ქრისტიანი ვერ დაუშლის ლოცვას, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, ცხვირწინ მუსლიმანურ სალოცავს გვიხსნიან“, - აღნიშნავს წინწყაროში მცხოვრები მედული ჭკადუა.

„ჯვრების ჩამოხსნას მოჰყვა ეს ყველაფერი. სასაფლაოზე დაკრძალული არიან ქრისტიანებიც და მუსულმანებიც. მივიდნენ და ჩამოჭრეს ჯვარი, რამხელა შეურაცხყოფაა ეს ჩვენთვის. დღეს საფლავზე ჩამოჭრეს ჯვარი, ხვალ მოვლენ და ეკლესიაზე ჩამოხსნიან. ილოცონ, მაგრამ პროვოკაციას ნუ გვიწყობენ. არავის არავისთვის დაუშლია ლოცვა. ახლა უნდათ, რომ მეჩეთი აშენდეს, მეჩეთისთვის იყიდეს ეს სახლი, თორემ საკუთარ სახლში ვინ ვის დაუშლის ლოცვას? ეს ქრისტიანული სოფელია და ოფიციალური მეჩეთი წინწყაროში არ გაიხსნება“, - განუცხადა ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივმა რამაზ ჭელიძემ.

მისივე თქმით, სოფელში სიტუაციის არევა არჩევნების შემდეგ დაიწყო: „პროვოკაციაა, რომ აიარიოს სიტუაცია. არჩევნების შემდეგ დაიწყო ეს ამბები. რა და ვისგან ხდება, ამას მთავრობა გაარკვევს. რის გამოც მოხდა გურიაში დაპირისპირება, იგივე ვარიანტია აქაც. ვიღაცეების მიერ ფინანსდება, რომ აირიოს სიტუაცია. მუსლიმებისთვის სახლის შესყიდვა თურქებმა დააფინანსეს. მაგათმა წინამძღვარმა მარად ღორჯომელაძემ აყიდინა სახლი მეჩეთისთვის. მემგონი პოლიტიკასთან აქვს კავშირი, თორემ აქამდე სვანები, აჭარლები, აზრბაიჯანელები ძალიან კარგ დამოკიდებულებაში ვიყავით“, - ამბობს რამაზ ჭელიძე.

მარად ღორჯომელიძე აცხადებს, რომ სახლის შესყიდვაში ფინანსური ინტერესი არ დევს და სახლი მხოლოდ სალოცავად სჭირდებოდათ.

„სახლი საჩუქრად სამუსლიმანო სამუფთომ გადმოგვცა, რომ პარასკევობით ლოცვა ჩაგვეტარებინა. არჩევნებამდეც ვლოცულობდით, მაგრამ პრობლემა არ ყოფილა. ინფორმაცია მოვიდა, რომ პარასკევობით არ უნდა შესრულებულიყო ლოცვა და უნდა დაერბია მოსახლეობის ნაწილს. ამიტომ, პოლიციის, მთავრობის და სამუფთოს წარმომადგენლების თანდასწრებით ვილოცეთ პარასკევს. ყოველ პარასკევს უნდა ვილოცოთ. შემდეგ პარასკევსაც ვაპირებთ, მაგრამ რა მოხდება არ ვიცი. კონსტიტუციით გვაქვს ლოცვის უფლება. ქრისტიანმა უნდა ილოცოს ეკლესიაში, მუსლიმმა მეჩეთში“, – აცხადებს მეჩეთის წინამძღოლი.

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე – „გარდაუვალია ეგ...“ (სისხლისღვრა)

წინწყაროში არსებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოფელში პარლამენტის წევრები სოსო ჯაჭვლიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ჩავიდნენ. ისინი სვანებს ერთ–ერთი სახლის ეზოში შეხვდნენ და დაპირისპირების თაობაზე მათი პოზიცია მოისმინეს. შეხვედრას არცერთი მუსლიმი არ ესწრებოდა.

„ახალგაზრდებს დათქმული აქვთ, პარასკევს უთენია მისვლა იმ სახლთან და მუსლიმების არ შეშვება სალოცავში. შეხვედრა სისხლიანი იქნება. ვიღაც ატეხავს ჩხუბს. მერე განსაზღვრა შეუძლებელია - აჭარელი დაზარალდება თუ სვანი. მოხდება მკვლელობა. ჩვენ არ დავთმობთ. ისინიც ბევრნი დაირაზმებიან და ჩვენც. ვინ მოკვდება, ვინ არ მოკვდება, წინასწარ ვერავინ ვერ განსაზღვრავს“, –აღნიშნა შეხვედრაზე ერთ–ერთმა ადგილობრივმა ზურაბ ჭელიძემ.

ვიქტორ ჯაფარიძე, დეპუტატი – გარდაუვალია ეგ...

– დამზოგავი არავინ არაა – გააგრძელა ზურაბ ჭელიძემ.

ვიქტორ ჯაფარიძე: „უნდათ ვითომ, რომ მათი უფლებები არ დაირღვეს, მაგრამ ჩვენი უფლებებიც ხომ ირღვევა?! მოსახლეობა დამშვიდდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი, ვინც ჯვარი მოჭრა, პასუხს აგებენ. რას ჰქვია ჯვარი მოჭრან?! ამას სახელი არ ჰქვია. ეს არის ძველი ხელისუფლების ქმედება, რომ წყალი აამღვრიოს“.

სოსო ჯაჭვლიანი, დეპუტატი: „დავასჯევინებთ ადამიანებს, ვინც გაბედა, იკადრა და ჯვარს ხელი ახლო. აქ თქვეს, არჩევნებამდე ყველაფერი კარგად იყოო და ეხლა ვისი ხელი ურევია და რა ხელი ურევია, სამართალი გაარკვევს. დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრს ვნახავთ და ყველაფერი დალაგდება“.

ვიქტორ ჯაფარიძე: „თუ ლაპარაკია უფლებების დარღვევაზე, მოლა რომ ილოცებს დილის 6 საათზე, რატომ არ უშვებთ იმას, რომ დაირღვევა ქრისტიანების უფლებებიც? დილის 6 საათზე იქნებ არ უნდათ მოისმინონ მუსულმანების ლოცვა. სახლში ვისაც უნდა ილოცოს, სხვას ნუ შეაწუხებენ თავისი ქმედებით“.

წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტის შესწავლის მოთხოვნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მთავარ პროკურატურას მიმართა. ომბუდსმენის ოფისი ითხოვს, პროკურატურამ სათანადო ღონისძიებები გაატაროს სოფლის მუსლიმი მოსახლეობის უფლებების დასაცავად.

„სამწუხაროდ, სოფელ წინწყაროში მიმდინარე პროცესები ბოლო პერიოდში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა მუსლიმ მოსახლეობას უპირისპირდება და აცხადებს პროტესტს მათი მხრიდან რელიგიური თავისუფლების განხორციელებაზე. პირველ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სოფელ ნიგვზიანში 2012 წლის ოქტომბრის თვეში. საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა, თუმცა ჩვენთვის ამ ეტაპზე ოფიციალური პასუხი გატარებული ღონისძიებების შესახებ ცნობილი არ არის“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ვიდეოლინკები:
ლოცვას გვიშლიან: http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=kjoITqfX8aY
მეჩეთი არ გაიხსნება: http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=OIHz2x6DmCU 
 დეპუტატი - „გარდაუვალია ეგ“:http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=36RIBpWx9LU
 

ახალი ამბები