კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ არჩევანი უჩა ნანუაშვილზე შეაჩერა

5 დეკემბერი, 2012
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

„უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველის პოსტზე ჩვენს კანდიდატად მისი გამოცდილებისა და ადამიანის უფლებათა სფეროში  ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობის გამო ვასახელებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ 3 დეკემბერს, ბიუროს სხდომიდან გამოსვლისას,  ომბუდსმენობის კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ.

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველობის ყველა  კანდიდატს მოუსმინა, არჩევანი ადამიანის უფლებათა ცენტრის დამაარსებელსა და აღმასრულებელ დირექტორზე უჩა ნანუაშვილზე შეაჩერა.

28 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში, დახურულ შეხვედრაზე თავიანთი ხედვები უმრავლესობას ომბუდსმენობის კიდევ სამმა კანდიდატმა წარუდგინა: დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ნათია იმნაძემ და ლია მუხაშავრიამ. იმავე დღეს უნდა მოესმინათ თამარ გურჩიანისთვისაც. თუმცა, იგი პარლამენტში მოგვიანებით, 3 დეკემმბერს მივიდა და ღიად განაცხადა, რომ არც უმრავლესობისგან და არც საერთოდ, ხელისუფლებისგან სახალხო დამცველობას არ ელოდება. 

სახალხო კანდიდატებთან შეხვედრას არც 28 ნოემბერს და არც 3 დეკემბერს არ დაესწრნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებით, „უმცირესობისთვის თამარ გურჩიანის კანდიდატურა ყველაზე მეტად მისაღებია, რადგან მას, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, გარკვეული გამოცდილება აქვს ამ კუთხით. თუმცა, უმრავლესობამ დაარღვია პირობა. მან თქვა, რომ აღნიშნულ პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ კანდიდატს განიხილავდნენ და გადაწყვეტილებასაც ამ მიმართულებით მიიღებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა“.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი, აცხადებენ, რომ პირობა შესრულებულია - ომბუდსმენობის კანდიდატი ყველა კანდიდატის მოსმენის შემდეგ შეირჩა. გარდა ამისა, უჩა ნანუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო, ისევე როგორც რამდენიმე სხვა კანდიდატი.

„ჩვენ გარკვევით ვუთხარით საზოგადოებას, რომ ყველა კანდიდატის ხედვებსა და წინადადებებს მოვისმენდით და მხოლოდ ამის შემდეგ დავასახელებდით ჩვენს კანდიდატს. ასეც მოხდა და ვთვლით, რომ ეს ყველაზე სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებაა. უჩა ნანუაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილა, როგორც საქმის კარგი მცოდნე, პროფესიონალი, პრინციპული და აქტიური ადამიანი. დარწმუნებული ვართ, რომ იგი იქნება კარგი სახალხო დამცველი და რაც მთავარია, სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

უჩა ნანუაშვილზე გაამახვილა ყურადღება რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განმარტა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საბოლოო კანდიდატს  მას შემდეგ დაასახელებდა, რაც ყველა კანდიდატს, მათ შორის უჩა ნანუაშვილს შეხვდებოდა.  

რაც შეეხება ნინა ხატისკაცის კანდიდატურას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა და რომლის კადიდატურის აღნიშნულ პოსტზე დასახელებას საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან იმთავითვე მკვეთრად გამოხატული უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, კობახიძემ განმარტა: „ნინა ხატისკაცი ჩვენი საბოლოო კანდიდატი არ ყოფილა. მართალია, მას ჰქონდა უმრავლესობის მხარდაჭერა, მაგრამ პირობა პირობაა და ის შესრულებულია.  ჩვენ მოვუსმინეთ ყველა კანდიდატს და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთეთ საბოლოო არჩევანი“.

საბოლოო არჩევანს კი, საკანონმდებლო ორგანოში 7 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე გააკეთებენ. მანამდე კი, თავისი კანდიდატი უმცირესობამ ოფიციალურად უნდა წარადგინოს.

ახალი ამბები