კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი და დარღვეული შრომითი უფლებები

6 დეკემბერი, 2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი   

„საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი დასაქმებულის უფლებებს ვერ იცავს. იგი დამსაქმებლის უფლებების დამცველი უფროა, ვიდრე დასაქმებულის“, - იურისტთა  განმარტებებისა და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა საწარმოების თანამშრომელთა საპროტესტო აქციების ფონზე საპარლამენტო უმრავლესობამ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ფიქრობენ, რომ შრომის კოდექსი მთლიანად შესაცვლელია. თუმცა, პირველ ეტაპზე იმ მუხლზე იმუშავებენ, რომელიც უშუალოდ დამქირავებლის მიერ დაქირავებული პირის  უფლებებზეა ორიენტირებული.

საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას ბოლო პერიოდში გახშირებული სასამართლო დავებიც ამყარებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი  საქართველოში მოქმედ შრომის კოდექსთან პირდაპირ კავშირშია.

„ფაქტია, რომ ბოლო დროს ძალიან გახშირდა შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევები, რასაც ხელს უწყობს საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი. აქ დასაქმებულის უფლებები მინიმალურად არის დაცული. შრომის კოდექსი ყოველგვარი მოტივაციის გარეშე აძლევს დამსაქმებელს უფლებას, დასაქმებული სამუშაოდან დაითხოვოს ყოველგვარი ახსნა-განმარტების, წინასწარ გაფრთხილების  გარეშე. ყოველივე ეს იურისტებს ხელს გვიშლისმ, ამ ადამიანებს აღმოვუჩინოთ სათანადო სამართლებრივი დახმარება. ბუნებრივია, თუ კანონი არ მოგვცემს შესაძლებლობას, დავიცვათ მოქალაქე, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ამას ვერანაირად ვერ შევძლებთ“, -  აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძე.

ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშებმა, ისევე როგორც ტყიბულის შახტის, „ჭიათურმანგანუმისა“ და ზესტაფონის ფეროს თანამშრომლებმა, შეზღუდული შრომითი უფლებების გასაპროტესტებლად პარლამენტის შენობასთან აქციები არაერთხელ გამართეს. აქციის მონაწილეები humanrights.ge-სთან საუბარში აცხადებდნენ, რომ დაიღალნენ ამდენი უსამართლობით და დროა, ისინი საწარმოს ხელმძღვანელობამ, ისევე როგორც საქართველოს მთავრობამ, სრულუფლებიან ადამიანებად აღიქვას.

„ჩვენ არ ვართ მონები!“ - ამ და სხვა ტრანსფარანტების ფონზე დაახლოებით ორი კვირის წინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე შეკრებილი ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშები აცხადებდნენ: „ალბათ მონები უფრო დაფასებული არიან, ვიდრე ჩვენ. რაზეა საუბარი, როცა ელემენტარული სამუშაო პირობები არ გვაქვს. სამუშაო დღის შემდეგ ხელს ვერ ვიბანთ და ვერ ვწესრიგდებით. წყალი არ გვაქვს, რომ დავლიოთ. არაფერს ვამბობთ ხელფასზე, რომელსაც უკვე წლებია დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ყოველთვის დაგვიანებით ვიღებთ. როცა ხმას ვიღებთ და პრეტენზიებს გამოვხატავთ, გვეუბნებიან, თუ არ მოგწოთ, მიბრძანდითო“.

როგორც ირკვევა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოებული სამოქალაქო დავების დიდი ნაწილი შრომით დავებზე, მათ შორის შრომით ხელშეკრულებებზე  მოდის. საუბარია ზეპირი ფორმის შრომით ხელშეკრულებაზე, რომელსაც საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსის თანახმად, მწვანე შუქი აქვს  და რომელიც, იურისტთა განმარტებით, თავის მხრივ, უამრავ პრობლემას წარმოქმნის.

„ის რომ დამსაქმებელმა სამსახურში აგიყვანა და მუშაობის ნება დაგრთო, საკმარისი არ არის. ზეპირი ხელშეკრულება ყველა შემთხვევაში რიგ პრობლემებს წარმოშობს. მის პირობებში ძნელია, შენი უფლება-მოვალეობები ასაბუთო. იგივე საშვებულებო ანაზღაურების, საწარმოო ტრამვის შემთხვევა და ა. შ. ასეთი ფაქტები ხშირია. მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში  ბევრი მოქალაქე მოგვმართავს. ამ დროს არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეს სრულფასოვნად დავეხმარებით. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ სასამართლოში დღეს უამრავი შრომითი დავაა“, - ამბობს გიორგი ჭიქაბერიძე.

იურისტთა განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მომზადდა რეკომენდაციები და ცვლილებების პაკეტი, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ყოველთვის გადაიდო.

„დროა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც შრომობენ და შესაბამისად, სურთ მათი უფლებები დაცული იყოს. ის ხალხი, რომელიც ბოლო პერიოდში პარლამენტთან იკრიბება და უუფლებობაზე ჩივის, პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და მალე შრომის კოდექსის სხვა მუხლებსაც შევეხებით. შრომის კანონი თავიდან ბოლომდე შესაცვლელია, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ იმ მუხლზე ვიმუშავებთ, რომელიც უშუალოდ დამსაქმებლის მიერ დასაქმებული პირის  უფლებებზეა ორიენტირებული“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე.

ახალი ამბები