კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი humanrights.ge-ს ახალ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრება

10 დეკემბერი, 2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

82 ხმა 12-ის წინააღმდეგ - ამ მაჩვენებლით 7 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ხუთი წლის ვადით სახალხო დამცველი აირჩია. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევისას საპარლამენტო უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა და იგი „ოცნების ომბუდსმენად“ მონათლა. სამაგიეროდ,  საპარლამენტო უმრავლესობამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მას „ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიისთვის ზედგამოჭრილი კადრი“ უწოდა.

„მე არ მაქვს ილუზია, რომ ჩემი სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობის პერიოდში ქვეყანაში არ იქნება დარღვევები. თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ყოველთვის იქნება რეაგირება ამ დარღვევებზე“, - პარლამენტის ტრიბუნიდან სრულიად საზოგადოებისთვის მიცემული ამ პირობით უჩა ნანუაშვილი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების შესრულებას  შეუდგა.

humanrights.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს რიგით მეხუთე სახალხო დამცველმა სამუშაო გეგმებზე და პრიორიტეტებზე, ზოგადად, სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებაზე ისაუბრა.

პირველი, რაც უნდა გაკეთდეს

- პირველი იქნება საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ბოლო დროს არაერთი კითხვა გაჩნდა. იგივე თენგიზ გუნავას საქმე და ზოგადად, გახმაურებული დაკავებების თემა. ჩვენ შევისწავლით ყველა ამ საკითხს, რათა აღარ იყოს კითხვები შესაძლო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის ფაქტებთან დაკავშირებით. ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს. მიმაჩნია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა იყოს მაქსიმალური, ამომწურავი ინფორმაცია. მაქსიმალური ინფორმაცია როცა იქნება, შესაბამისად, მოხდება ადეკვატური რეაგირებაც. სასამართლო პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე. მიმდინარეობს  გამოძიება. ველოდებით მასალების, მტკიცებულებების გამოქვეყნებას, რომელიც ბრალდების მხარეს გააჩნია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი ღიაა. არც ერთი დაკავებული უფლების შელახვაზე არ ჩივის. არ ყოფილა ასევე, არც ერთი ცემის, წამების ფაქტი, რასაც წინა წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. მეტიც, გამოქვეყნდა ინტერვიუები დაკავებულებთან, რაც არ მომხდარა წინა წლებში. მე არ მახსოვს არც ერთი ინტერვიუ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმართან ბოლო წლების განმავლობაში. ვფიქრობ, საპარლამენტო უმცირესობა ჩქარობს, როცა ამ ადამიანებს პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებს. გარწმუნებთ, რომ ვიქნები ერთ-ერთი პირველი, ვინც ამის შესახებ განცხადებას გააკეთებს, თუკი ადგილი ექნება პოლიტიკურ ზეწოლას და დევნას. იმისათვის, რომ პატიმარი არ იყოს გაჩუმებული, ეს სისტემა უნდა გახდეს ღია და გამჭვირვალე.

საქართველოში, ძალიან ბევრ სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები  მნიშვნელოვნად ჩამორჩება თანამედროვე მსოფლიოს და დასავლეთის სტანდარტებს. ეს გამოწვეული იყო როგორც ბოლო წლებში განხორციელებული სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებით, ასევე სხვა არაერთი ფაქტორით. აქედან გამომდინარე, წილად მხვდა საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა და იმისთვის, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს, ამას დაჭირდება წლები. მე შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ ყველაფერი გაკეთდება უცებ და ერთბაშად. თუმცა, მთავარია, არსებობდეს პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყოს დაცული.
  
გაძლიერებული რეგიონული ოფისები

- ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერება. ინსტიტუტი უნდა გახდეს მეტად ღია სამოქალაქო საზოგადოებისთვის. უფლებადამცველებთან ერთად უნდა შეიქმნას მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მეტად აქტიური რეჟიმია საჭირო. უნდა შემუშავდეს  რეგულარული თანამრშომლობის მექანიზმი. მე მზად ვარ, მივიღო მუდმივი რეკომენდაციები უფლებადამცველებისგან მთელ რიგ საკითხებზე.

რეგიონული ოფისები გასაძლიერებელია, როგორც ადამიანური რესურსების, ისე სხვა მხრივაც. არ შეიძლება, სახალხო დამცველის რეგიონული ოფისები ერთი და ორი ადამიანის ამარა მუშაობდეს და უფლებადაცვით საქმიანობას მსგავს პირობებში ასრულებდეს. ეს რეალურად შეუძლებელია. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ უნდა გაიზარდოს მათი რესურსები, უნარი, ცნობადობა და იყოს მეტი კავშირი ცენტრალურ ოფისთან. ფაქტია, რომ დარღვევების დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებზე მოდის. მე მესმის, რომ მოცემული ბიუჯეტით ამის საშუალება შესაძლოა არ იყო, მაგრამ გამოვიყენებთ იგივე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებულ თანხებს. თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველი, როგორც წესი, თანამშრომლობს ამ ორგანიზაციებთან და იღებს დაფინანსებას სხვადასხვა ალტერნატიული წყაროებიდან. სწორედ ეს წყაროები გახდება რეგიონალური სრუქტურის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.

ყველაზე სერიოზული შეცდომა ბოლო ორი თვის მანძილლზე, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ დაუშვა

- ეს არის მასობრივი გათავსუფლებები საჯარო სექტორიდან, ზოგადად - ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საქმის შესწავლა მომიწევს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა, სადაც დღემდე ვმუშაობ, რამდენიმე ასეთი საქმე შეისწავლა, შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა და არაერთი ადამიანი დაუბრუნდა კიდეც თავის სამუშაო ადგილს. საუბარია ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგალითზე. ფაქტია, რომ ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ შესაძლოა, მასშტაბები არ იყოს ძალიან დიდი.

ის, რაც არ არის გამართლებული, ჩემი აზრით, ესაა ასევე, ბოლო პერიოდის გათავისუფლებები სამსახურებიდან, ხშირ შემთხვევში, არაადვოკატირებული. მე არ მაქვს მხედველობაში თანამდებობის პირები. საუბარია რიგით თანამშრომლებზე. ასეთი ფაქტები კი, სამწუხაროდ იყო. ასევე, ნიგვზიანის ინციდენტი, როცა ხელისუფლება იყო პასიური და არ ჩაერია მიმდინარე პროცესებში. შეცდომები, რა თქმა უნდა, არის. არსებობს ახალი გამოწვევები. არის დაკავებების თემა, რომელიც ვფიქრობ, შესასწავლია. ამასთან დაკავშირებით გარკვეული დასკვნა უნდა დაიდოს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაციები. უნდა გაკეთდეს საბოლოო ანგარიში, რომელიც ყოველგვარ კითხვებს გასცემს პასუხს. მე იმედი მაქვს, რომ ახალი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ უახლოეს ხანში მოგვიწევს ამ საკითხებზე მუშაობა.

მონიტორინგის საბჭოები

- რეალობამ აჩვენა, რომ აუცილებელია პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერება. სამწუხაროდ, ამ მექანიზმმა ვერ უზრუნველყო საპატიმროებში ადამიანის უფლებების დაცვა. სწორედ ამიტომაც მივიღეთ ჩვენ ეს მძიმე ვითარება ციხეებში. ამდენად, საჭიროა ამ მექანიზმის გადახედვა და საბოლოო ჯამში, მისი გაძლიერება. ეს კი, ამ საქმეში სწორედ სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ჩართვითაა შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, მონიტორინგის საბჭოები. პირველ რიგში, უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება ხელისუფლებისგან, რომ ნებისმიერი მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც ეხება როგორც სასჯელაღსრულების, ისე ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, ვფიქრობ, სწორედ სახალხო დამცველის აპარატთთან არსებული უნდა იყოს. ნებისმიერ სამინისტროსთან მათი არსებობა გარკვეულწილად მინისტრების კეთილ ნებას ეფუძნება. სწორედ აქედანაა განპირობებული ის რეალობა, რომ მათ დაკარგეს დამოუკიდებლობის ხარისხი. ამდენად, ვფიქრობ, სწორედ სახალხო დამცველი უნდა იყოს ის წარმმართველი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს და დახმარებას გაუწევს ამ მონიტორინგის საბჭოების ეფექტურ მუშაობას.

სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დღეს არსებული მონიტორინგის საბჭო, სამწუხაროდ, სერიოზული კრიტიკის საგანია. არ არსებობს ამ ჯგუფის წევრების შერჩევის კრიტერიუმები. შესაბამისად, მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანები. არადა, სწორედ რომ საჭიროა, ის ადამიანები იყვნენ გაერთიანებული, რომელთაც აქვთ პროფესიული გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში და რაც მთავარია, ისინი უნდა იყვნენ მაქსიმალურად ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი ამ ჯგუფის მუშაობის შესახებ, მათ მიერ დაფიქსირებული შემთხვევების, დარღვევების შესახებ. რაც მთავარია, ეს საბჭო მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველანაირი პოლიტიკური გავლენისაგან.

რეკომენდაციები და თანამშრომლობა სახალხო დამცველის სხვა კანდიდატებთან

- წინა სახალხო დამცველების მიერ მომზადდა არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, ანგარიში, რომელთა დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, შეუსრულებელი რჩებოდა. მე ვფიქრობ, დადგა დრო, როცა უნდა გაცოცხლდეს ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს ჩვენ ისეთი გამოწვევების წინაშე ვართ, რომ მგონია, სახალხო დამცველის აპარატს მოუწევს ბევრი რეკომენდაციის გაცოცხლება და შესაბამისად, ძალიან ბევრი პრობლემის გახსენება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით გადავხედოთ ამ საქმეებს და დავიწყებთ მუშაობას, რომ მათზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

მაქვს იდეა - სხვა კანდიდატები, რომლების ამ თანამდებობაზე დასახელებული იყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, მოვიწვიო სპეციალურ მრჩეველთა საბჭოში, რათა მათი ხედვები, მათი რეკომენდაციები იყოს მაქსიმალურად გაზიარებული. 

ახალი ამბები