კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს

11 დეკემბერი, 2012

მარი ტაბიძე, ვანი

8 დეკემბერს ქუთაისის პროკურატურაში ვანის საკრებულოს თავმჯდომარე დავით კაკაბაძე დაიბარეს. მას 23 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს ბრალი. საქმე ეხება ბიზნესმენ მამუკა შარაშენიძის ცემის ფაქტს.

ინციდენტი ვანის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის ოფისში მოხდა, სადაც ვანის საკრებულოს თავჯდომარე დავით კაკაბაძე სხვა თანხმლებ პირებთან ერთად შარაშენიძეს ფიზიკურად გაუსწორდა. ცემის მიზეზი ბიზნესმენის მხრიდან გამოთქმული აზრი გახდა, სადაც იგი ციხის სკანდალურ ფაქტებს უარყოფითად აფასებდა.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ვანის საკრებულოს თავჯდომარე დამნაშავედ ცნო. პროკურორ ილია ჯალაღონიას განცხადებით, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მთავარ სამხარეო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე მამუკა შარაშენიძის დევნისა და მისი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე: „დადგენილია, რომ 2012 წლის 23 სექტემბერს, ციხის სკანდალური ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, ვანში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მოქალაქე მამუკა შარაშენიძემ გამოხატა პროტესტი მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა ვანის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისათვის. იმავე დღეს დაახლოებით 21:00 საათზე მამუკა შარაშენიძე მიიყვანეს ნაციონალური მოძრაობის ვანის შტაბში, სადაც მას დახვდა ვანის საკრებულოს თავჯდომარე დავით კაკაბაძე ათამდე პირთან ერთად. მათ მამუკა შარაშენიძეს გამოხატული პოზიციის გამო დაუწყეს ცემა“.

ამ ფაქტის გამო, დავით კაკაბაძეს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. ასევე ბრალი წარედგინა ამავე კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

პროკურატურამ აღიარა, რომ არსებობს დავით კაკაბაძის დაკავების საფუძველი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჰუმანურობის პრინციპით იხელმძღვანელა და სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ დავით კაკაბაძის მიმართ აღმკვეთი სახით გირაო იქნეს გამოყენებული. გირაო კი 15 000 ლარით განისაზღვრა. ასევე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ კაკაბაძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
 
პროკურატურიდან გამოსული დავით კაკაბაძე თავს დამნაშავედ არ ცნობდა. „ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ბრალი წამიყენეს, მაგრამ მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ. შარაშენიძის ცემაში ბრალი არ მიმიძღვის. ამ ეტაპზე არც თანამდებობა დამიტოვებია. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. თუ შემიჩერებს უფლებამოსილებას, მე დავემორჩილები“, - განაცხადა ვანის საკრებულოს თავჯდომარემ.

სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა. პროცესს მხარის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და პარლამენტის დეპუტატი გიორგი თევდორაძეც ესწრებოდნენ.

 „ჩვენ გვაქვს საქმე პოლიტიკურ ზეწოლასთან. კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მხრიდან ხორციელდება მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნა. როგორც ჩანს, მათი პირველი რიგის ამოცანაა, საკრებულოები მათი პოლიტიკური გემოვნებით დაალაგონ, რაც ყველანაირ სამართალს ცდება. ადგილობრივი თვითმმართველობები არჩეულია 2014 წლამდე ხალხის მიერ და ამ ადამიანებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება უნდა მიეცეს“, - განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ.

ამ ფაქტს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძეც გამოეხმაურა: „მე არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესები, რომელიც ადგილობრივი ხელისუფელის მიმართ ხორციელდება მმართველი პარტიის მხრიდან, დადებითი შედეგის მომტანი იყოს, როგორც ხელისუფლებისთვის ასევე საზოგადოებისთვის“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კაკაბაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პროკურატურის მიერ შეთავაზებული გირაო 15 000 ლარის ნაცვლად 13 000 ლარი შეუფარდა. თუმცა, სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილება არ არის გამორიცხული კაკაბაძის ვანის საკრებულოს თავჯდომარის უფლებამოსილების შეჩერება იყოს, რაც პროკურატურამ უკვე დააყენა.

ახალი ამბები