კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის ანგარიში - „უფლებადამცველთა მდგომარეობა საქართველოში 2011-2012 წწ.“

12 დეკემბერი, 2012

10 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელმა პრესკონფერენცია გამართა და წარმოადგინა ანგარიში უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ. პრეზენტაციას, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრისა და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლები უძღვებოდნენ, ახალარჩეული სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც დაესწრო.

ანგარიში - „უფლებადამცველთა მდგომარეობა საქართველოში - 2011 წ. იანვარი 2012 წ. ოქტომბერი“ წარმოადგენს ნაწილს საქართველოს შესახებ უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის საერთო ანგარიშიდან, რომელიც მიმოიხილავს უფლებადამცველთა მდგომარეობას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ანგარიშის თანახმად, წამყვანი უფლებადამცველები, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში მოღვაწეობენ, უფრო მეტად არიან დაცულნი, ვინაიდან მათ მეტად მიუწვდებათ ხელი სხვადასხვა მედიასაშუალებებსა და საერთაშორისო ქსელებზე. თბილისის გარეთ, საქართველოს რეგიონებში მოღვაწე უფლებადამცველები კი კვლავ განიცდიან ზეწოლას და მათი უფლებები ისევ ირღვევა. რეგიონებში მსგავსი ფაქტები, ძირითადად, აღურიცხავი რჩება. ამას გარდა, საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლება ხშირად არაადეკვატურად რეაგირებდა უფლებადარღვევებზე. სათანადო საგამოძიებო პროცედურების არარსებობა ცხადყოფდა ხელისუფლების ინტერესის ნაკლებობას, დაეცვა კანონის უზენაესობა, განსაკუთრებით - მაშინ, როცა ეს მისთვის წამგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო.

უფლებადამცველი ადვოკატები, საგამოძიებო ჟურნალისტები და უმცირესობათა უფლებების დამცველები საუბრობდნენ სპეციფიკური სახის ზეწოლაზე, რამაც 2011-2012 წლებში მათი ადვოკატირების უფლება შეზღუდა. უფლებადამცველ ადვოკატებს კვლავ ექმნებოდათ სერიოზული პრობლემები სასამართლო სისტემასთან, რომელიც აშკარად კონტროლდებოდა ხელისუფლების აღმასრულებელი ფრთის მიერ და ეს უკანასკნელი ნაკლებად იყო დაინტერესებული უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირებით. დედაქალაქის გარეთ მოღვაწე საგამოძიებო ჟურნალისტები რეგიონებში ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლნი გახდნენ.

ანგარიშს თან ერთვის კონკრეტული რეკომენდაციები, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ორგანოების მიმართ. უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი იმედს იტოვებს, რომ ახალი ხელისუფლების ლიდერები მჭიდროდ ითანამშრომლებენ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაითვალისწინებენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის - აღნიშნულ ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებსაც.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ აერთიანებს 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქსელის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნას და სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლებას რეგიონში და საერთაშორისო დონეზე. ქსელი შეიქმნა ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის (EIDHR) დახმარებით.

ახალი ამბები