კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიაში გამგებლები იცვლებიან

14 დეკემბერი, 2012
ნინო მშვიდობაძე, გურია

საპარალამენტო არჩევნებიდან ორი თვე გავიდა. გურიაში, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით აქტუალურია მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა გადაყენება და ძველი კადრების ახალი სახეებით ჩანაცვლება.

ოზურგეთში ეს საკითხი ყველაზე მარტივად მოგვარდა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ილია ვაშაყმაძემ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე ოზურგეთის საკრებულოში განცხადება შეიტანა. საკრებულომ ვაშაყმაძის განცხადება დააკმაყოფილა და გასულ კვირას გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად კოტე შარაშენიძის კანდიდატურა წარუდგინა, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ლიდერი და კოალიციის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახლდათ.

შარაშენიძის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისთანავე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილმა და სოფელ ლიხაურის რწმუნებულმა. შარაშენიძე იმედოვნებს, რომ კიდევ რამდენიმეს ეყოფა გონიერება და თავისი ნებით მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. 

რაც შეეხება ჩოხატაურს, აქ მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ ჭკუასელს გამგებლის ახალი კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავს. „ქართული ოცნების“ შტაბში ორი კანდიდატურა – თამაზ ჯინჭარაძე და ირაკლი ახობაძე დასახელდნენ. თუმცა, ჯერჯერობით, ჩოხატაურში გამგებლის პოსტი ისევ ლელა იმედაშვილს უკავია. 

რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ სიტუაცია გაცილებით მწვავეა. მუნიციპალიტეტის შენობის წინ უკვე ორ კვირაზე მეტია, ოთხი ადამიანი შიმშილობს რამდენიმე მოთხოვნით, რომელთაგან პირველი სწორედ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კახა ასკურავას გადადგომაა. ლანჩხუთის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა კონკურსი, რისთვისაც შეიქმნა საკონკურსო–საატესტაციო კომისია, რომელსაც, კანონიდან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა ხელმძღვანელობს. კომისიაში თავდაპირველად 17 ადამიანი იყო განსაზღვრული, მაგრამ შემდეგ 15–მდე შემცირდა. მათგან ხუთი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საკრებულოს თანამდებობის პირები არიან. 

კომისიის პირველი სხდომა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების ოთხმა წარმომადგენელმა, რომან ბიწაძემ, მარიკა თურნავამ, ელგუჯა და ლევან ჩხაიძეებმა სხდომა დატოვეს. „ეს კომისია ვერ იქნება ობიექტური, რადგან 14 კაციდან ხუთი ნაციონალური პარტიის წევრია. ამასთან, საზოგადოების სპექტრი მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადეს მათ და კომისიის წევრობაზე უარი განაცხადეს.

Humanrights.ge ვესაუბრა კომისიის თავმჯდომარე ზვიად აფხაზავას და ოპონენტთა ქმედებაზე კომენტარი სთხოვა. 

- თავდაპირველად განსაზღვრული გვქონდა 17-წევრიანი ყოფილიყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ფილიალსა და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებს მივმართეთ, მაგრამ მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უარი გვითხრეს. დარჩენილი 15–დან ოთხმა დატოვა კომისია და დარჩა 11. აქედან 5 არის საკრებულოს წევრი. ორგანიზაცია როცა აცხადებს კონკურსს, საკონკურსო კომისიაში ამ ორგანიზაციის წევრები აუცილებლად უნდა იყვნენ. თუმცა ამ კომისიაში ამირან გიგინეიშვილი არის არა როგორც საკრებულოს წევრი, არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი. 

- კანონით განსაზღვრულია ვინ უნდა იყოს კომისიის წევრი და რამდენი? 

- კანონში არ წერია, რომ კომისიის წევრი არ უნდა იყოს იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, სადაც კონკურსი ტარდება. წევრთა რაოდენობა კი შეზღუდული არ არის. კანონით განსაზღვრულია, ვინ უნდა იყოს კომისიის თავმჯდომარე. ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ კომისიის წევრები ყოფილიყვნენ საკრებულოს ორივე ფრაქციის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე, ასევე ყოფილიყო საკრებულოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე, რიგითი წევრებიდან არიან თამაზ კუნჭულია, რომელიც პროფესიით იურისტია და ამირან გიგინეიშვილი, რომელზედაც უკვე მოგახსენეთ. შევეცადეთ, კომისიაში მინიმუმამდე ყოფილიყო წარმოდგენილი საკრებულოს წევრები და გაგვეზარდა საზოგადოების წარმომადგენლები. 

- თუმცა თქვენი ოპონენტები სწორედ იმას ამბობენ, რომ კომისიაში საზოგადოების სპექტრი მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი? 

- კომისიის წევრები არიან რაიონში გამომავალი სამივე გაზეთის რედაქტორები, ასევე - არასამთავრობო ორგანიზაციისა და პარტიების წარმომადგენელები. თურნავას, ბიწაძეს და ჩხაიძეებს რომ არ დაეტოვებინათ კომისია, საზოგადოება კარგად იქნებოდა წარმოდგენილი.

ახალი ამბები