კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაუპატიმრებელი დაკავებულები შიდა ქართლში

17 დეკემბერი, 2012

საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

კოალიცია „ქართული ოცნების“ საქართველოს მთავრობის სათავეში მოსვლის შემდეგ,  სამართლიანობის აღდგენის მოტივით, ჩინოვნიკთა დაკავებები შიდა ქართლშიც დაიწყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონაცემებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ყველა დაკავებულს გირაო შეუფარდეს. არის ისეთი შემთხვევები, როცა დაკავებულს ბრალიც კი არ წარედგინა, ისე გაათავისუფლეს. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი დაკავებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.

დაკავება 1

შიდა ქართლში პოლიციამ კოალიცია „ქართული ოცნების“ ქარელის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გიორგი ბერუაშვილი ჯერ დააკავა, შემდეგ კი საერთოდ ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლა. საქმე სასამართლომდე საერთოდ არც მისულა. უზენაეს სასამართლოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნული პიროვნება მონაცემთა ბაზაში საერთოდ არ ფიგურირებს.

თუმცა, ბერუაშვილის დაკავების ფაქტზე პოლიციამ ხმაურიანი პრესრელიზი გაავრცელა. კერძოდ, 2012 წლის 6 ნოემბერს შსს-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ქართული ოცნების“ ქარელის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბერუაშვილი დააკავეს. იქვე ეწერა, რომ ბერუაშვილმა, თაღლითურად, მოტყუების გზით, მოქალაქეებს თამაზ და იოსებ ხიზანიშილებს გამოძალა თანხა 1000 ევროს ოდენობით. ბერუაშვილი, თანხის სანაცვლოდ, მათ პირდებოდა დასაქმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამხედრო პოლიციაში ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.

დაკავება 2

2012 წლის 7 დეკემბერს გორის სასამართლომ გორის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ნუკრი აბალაკს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 000 (ათი ათასი) ლარი შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, აბალაკმა ბოროტად გამოიყენა თავისი, როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის უფლებამოსილება: „კერძოდ, 2007 წლის 24 მაისს კანონის დარღვევით, საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად, ხაშურის რაიონის სოფელ ბებნისში მდებარე 18.5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა თ.ძ-ს, რითაც მას უპირატესობა მიანიჭა და ამით სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა გამოიწვია“.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წლის 30 სექტემბერს მან კვლავ ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და სოფ. ხელთუბანში მდებარე 7.3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით პირად საკუთრებაში გადასცა „სელექციური მიღწევებისა და ჯიშთა გამოცდის სადგურის“ ყოფილ დირექტორ ლ. გ.-ს. აღნიშნულ სადგურს თავის დროზე მიწა იჯარით ჰქონდა აღებული სახელმწიფოსაგან, მარამ მიწის პირდაპირი წესით მიყიდვისას სადგური უკვე ლიკვიდირებული იყო.საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს“.

ადვოკატ ნინო შავშიშვილის განმარტებით, ნუკრი აბალაკს მომჩივანი არავინ ჰყავს. ის ამბობს, რომ ფინანსური პოლიცია რამდენიმე წლის წინ შესულ ერთ-ერთი მოქალაქის საჩივრის განხილვის და შესწავლის დროს სხვა ფაქტზე გავიდა. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფინანსური პოლიცია სულ სხვა საქმეს და სულ სხვა საჩივარს სწავლობდა, რომელთანაც ნუკრი აბალაკს არავითარი შეხება ჰქონდა. ამ მასალების შესწავლის დროს მათ სოფელ ბებნისის და ხელთუბნის მასალები ჩაუვარდათ ხელთ და მიიჩნიეს, რომ ეს პროცესი კანონდარღვევით მოხდა“, – ამბობს ადვოკატი.

ნინო შავშიშვილი: „ბრალდების მხარე ითხოვდა წინასწარი პატიმრობის შეფარდებას, რაზეც ჩვენ არ დავეთანხმეთ. პროკურატურა მას 2007-2008 წლებში ჩადენილ დანაშაულს ედავება. ნუკრი აბალაკმა დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, მაგრამ არ დაეთანხმება პროკურატურის მიერ წარდგენილ 332-ე მუხლის დარღვევის ფაქტს. ნუკრი აბალაკმა თქვა, რომ მასთან იმ პერიოდში ძალიან ბევრი დოკუმენტაცია შევიდა; სრულად არ გაეცნო დოკუმენტაციას და ისე მოაწერა ხელი საბუთებს. ისიც აღნიშნა, რომ ეს ფაქტი განზრახ არ ჩაუდენია. ჩვენ სასამართლოს წინაშე ვიშუამდგომლეთ გირაო 3 000 ლარის ოდენობით, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებით, აბალაკს გირაოდ 10 000 ლარი დაეკისრა. საქმის არსებითი განხილვის დროს, სასამართლო პროცესზე დეტალურად შევეცდებით ჩვენი არგუმენტების დასაბუთებას“.

დაკავება 3

გორის სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა პოლიციის მიერ დაკავებულ გრიგოლ გოცირიძეს (კასპის საკრებულოს წევრს და კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორს) აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარი შეუფარდა. ეს თანხა პროკურორმა კახა მურადაშვილმა მოითხოვა. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა გრიგოლ გოცირიძე სოფელ ოკამთან დააკავეს. მას ბრალი 2012 წლის 10 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

11 დეკემბერს სასამმართლოში გამართულ სხდომაზე, სადაც გრიგოლ გოცირიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხი იხილებოდა, პროკურორმა მურადაშვილმა გირაოს გამოყენების მოტივებზე ისაუბრა: „ის არ მიემალება გამოძიებას, არ შეუშლის ხელს საქმის წარმოებას და დახასიათებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას გირაო 5 000 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს 15 დღის განმავლობაში“.

პროკურორის დაყენებულ შუამდგომლობას ადვოკატი ნოდარ ცინცაძეც დაეთანხმა. როგორც ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოლოგიური შემოწმებაც ჩაუტარდა, მაგრამ შემოწმების შედეგად სისხლში აღმოჩენილი ნივთიერებები, ცინცაძის თქმით, მკურნალობასთანაა დაკავშირებული.

„შემიძლია გითხრათ, რომ ის გარკვეული სახის მკურნალობას გადის და შესაძლოა, მის სისხლში აღმოჩენილი ნივთიერებები ამ მკურნალობას უკავშირდებოდეს. აქედან გამომდინარე, ძიებას აქვს დრო, რომ ეს ყველაფერი გაირკვეს. წარდგენილ ბრალდებაშიც ჩვენი სრული პოზიცია მხოლოდ ძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, – განმარტა ადვოკატმა.

პროკურორ კახა მურადაშვილის განცხადებით, გრიგოლ გოცირიძე დააკავეს კასპის რაიონის სოფელ ოკამთან. მას ქურთუკის უბეში 0,0004 გრამი დეზომორფინის შემცველი ხსნარი აღმოუჩინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს.

გრიგოლ გოცირიძე პროკურატურამ 10 დეკემბერს, ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლა და სასამართლო პროცესზე დაკავებულის სტატუსის გარეშე წარადგინეს.

დაკავება 4

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა დიცის საქმეზე დაკავებულებს გირაო 5-5 ათასი ლარი შეუფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ 8 დეკემბერს 18 საათზე მიიღო. დაკავებულების ადვოკატები ნოდარ ცინცაძე და ვაჟა სუხიტაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან.

2012 წლის 6 დეკემბრს გორის რაიონულმა პროკურატურამ დააკავა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები: ერედვის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი სპეციალისტი ჯანგირ მჭედლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი გოგიტა გოჩაშვილი და სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი ლევან მაისურაძე ადამიანის დევნისა (156 მუხლი მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის აღმსარებლობის რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ საზოგადოებრივ, პროფესიულ რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით) და ხულიგნობის (239 მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი, ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ფაქტზე.

ნოდარ ცინცაძე, ადვოკატი: „დღევანდელი გადაწყვეტილება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის კიდევ ერთი მაჩვენებელია. რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას, ჯერ ძიება გრძელდება. თავისი განწყობით თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ცდილობენ, ყველა კითხვაზე პასუხი გასცენ და ცივილიზებული ფორმით მიმდინარეობს ყველაფერი“.

ვაჟა სუხიტაშვილი, ადვოკატი: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და დანარჩენები თავს დამნაშავედ არ სცნობენ. დიცში მომხდარ ფაქტზე ორივე მხარეა დაზარალებული. იძახიან, რომ ისინი იყვნენ სალოცავზე, იქ მოხდა კამათი და ჩხუბი. დაზიანებები ყველამ მიიღო, მათ შორის - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმაც. ბევრი რამეა გასარკვევი. პროკურატურა ითხოვდა დაპატიმრებას იმ მოტივით, რომ მოწმეებზე არ მოეხდინათ გავლენა, რაც არ იქნა გაზიარებული მოსამართლის მიერ“.

დაკავება 5

2012 წლის 28 ნოემბერს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები რეზო კახნიაშვილი და კიდევ 4 პიროვნება დააკავეს. რეზო კახნიაშვილი შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატში ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. პოლიციამ მასთან ერთად კიდევ ოთხი პიროვნება – ვანო მიდოდაშვილი, ლექსო მიდოდაშვილი, დათო ტურაშვილი და ალეკო ზანგალაძე დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაში, რაც ნარკოტიკული საშუალების შენახვა დამზადებას გულისხმობს. რეზო კახნიაშვილს ადვოკატი ნინო შავშიშვილი იცავს, რომელსაც 2-3 საათის განმავლობაში დაკავებულთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა. პოლიციის მოსაცდელი ადგილიდან კი ჟურნალისტები გარეთ გაყარეს.

ადვოკატებთან შეხვედრამდე დაკავებულები ცალ-ცალკე პოლიციის უფროსის, გიორგი დვალიშვილის კაბინეტში შედიოდნენ. დვალიშვილი 2012 წლის 12 ივლისს კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მომხდარი ინციდენტის დროს ცემეს. დაკავებულთაგან რამდენიმე სწორედ კარალეთის ინციდენტში მონაწილეობდა. დღეს ძველი დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს უკვე სხვადასხვა რანგში შეხვდნენ.

ადვოკატ ნინო შავშიშვილის თქმით, რეზო კახნიაშვილი მოწმეების გარეშე დააკავეს: „მე გავეცანი ჩხრეკის ოქმს. დაფიქსირებულია, რომ ჩხრეკა მოწმეების გარეშე მოხდა. იქ შესაძლებელი იყო მეზობელი ადამიანების დასწრება. პოლიცია უთითებს, რომ ნივთმტკიცებად ნაპოვნია შპრიცი, რომელშიც გაურკვეველი სითხე ასხია. ჯერ მისი ექსპერტიზა არაა ჩატარებული. დასაკითხია სხვა პირებიც და ალბათ გაირკვევა, თუ საიდან გაჩნდა ეს შპრიცი რეზო კახნიაშვილის საძინებელში“.

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატის ორ დაკავებულ თანამშრომელს – რეზო კახნიაშვილს და ალექსანდრე ზანგალაძეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდასტურდა. რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ ბადრი ბასიშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.

ორი დღის შემდეგ  დაკავებული საჯარო მოხელეები – რეზო კახნიაშვილი, ალექსანდრე ზანგალაძე და ვანო მიდოდაშვილი, მათთან ერთად მყოფი ლექსო მიდოდაშვილი და დავით ტურაშვილი გაათავისუფლეს. „ერთადერთი, რაც ჩემთვისაა ცნობილი, ისინი გათავისუფლებულები არიან და სახლში იმყოფებიან. ასევე ვადასტურებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რეზო კახნიაშვილის მიმართ ბრალი არ არის წარდგენილი. რაც შეეხება გამოძიების შეწყვეტის ბრძანებას, ამის შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობილია“, – განაცხადა ნინო შავშიშვილმა.

დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი პირების გათავისუფლება ბადრი ბასიშვილმაც დაადასტურა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით (მუხლი 176), დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, თუ არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული; არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ; გავიდა დაკავების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა დაკავებაზე; დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი. დაკავებული თავისუფლდება პროკურორის ან მოსამართლის გადაწყვეტილებით.

ახალი ამბები