კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნებამდე გათავისუფლებული პედაგოგები სკოლაში დაბრუნებას მოითხოვენ

18 დეკემბერი, 2012
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი    

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სასწავლო დაწესებულებებიდან უსამართლოდ გათავისუფლებული პედაგოგების მისამართით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.  გიორგი მარგველაშვილმა მასწავლებლებს მხარდაჭერა გამოუცხადა და პირობა მისცა, რომ სამინისტრო კონკრეტულ საქმეებს მოიკვლევს და შესაბამისად,  მოხდება დაზარალებულთა რეაბილიტაცია. 

მინისტრის განცხადებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანების პირველი საჯარო სკოლის პედაგოგები გამოეხმაურნენ. მათ დახმარებისთვის ჯერ რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციას მიმართეს, შემდეგ კი, ქუთაისის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„პედაგოგები აცხადებენ, რომ სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ჩვენ შევისწავლეთ საქმე და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მათი გათავისუფლების მიზეზი ბევრ კითხვას აჩენს. არ შეიძლება, ერთი სკოლიდან 6 პედაგოგის გათავისუფლება შინაგანაწესის დარღვევის გამო მოხდეს. რბილად რომ ვთქვათ, ეს ამბავი ცოტათი უცნაურია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრობლემა თვითონ დირექციაშია. მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ვერავის კანონდარღვევაში ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ აღნიშნულ სკოლაში რომ ყველაფერი წესრიგში არაა და რიგი საკითხები ბუნდოვანია, ეს ფაქტია“, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე.

მას პედაგოგებმა დახმარებისთვის რამდენიმე დღის წინ მიმართეს და სკოლაში არსებულ დარღვევებზე მასალები მიაწოდეს. მასწავლებელთა განმარტებით,  დირექტორი მათ სკოლის შინაგანაწესის დარღვევაში ადანაშაულებს, რაც, როგორც ჰყვებიან, მხოლოდ ბიუჯეტის საჯაროობის მოთხოვნასა და თავისუფალი აზრის გამოხატვაში გამოიხატა.

„ექვსივე მასწავლებელი უდისციპლინობისა და შინაგანაწესის დარღვევისთვის ვართ გათავისუფლებული. ამ დროს თვითონ დირექცია და უშუალოდ დირექტორია დისციპლინისა და კანონის დამრღვევი. კანონის დარღვევაა, აბა რა არის, როცა გასაიდუმლოებულია სკოლის ბიუჯეტი და ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მასზე ხელი არ მიგვიწვდება. ცუდი მასწავლებელი ხარ, თუ განსხვავებულ, თავისუფალ აზრს აფიქსირებ და ა.შ.“- აცხადებენ გათავისუფლებული პედაგოგები, რომლებიც მომხდარს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ.

„თავიდან გამათავისუფლეს როგორც სკოლის შინაგანაწესის დამღვევი მასწავლებელი. მაგრამ არავის განმარტება არ მოუცია, თუ რა იგულისხმებოდა შინაგანაწესის დარღვევაში. ჩემი უფლებების დაცვა როცა გადავწყვიტე და სასამართლოს მივმართე, დაიწყო ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური საქმის შეკერვა, რომ მე „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგი ვარ, არ ვიზიარებ მათ ხედვებს და ა. შ. პირველი ინსტანციის სასამართლოშივე დაირღვა ჩემი უფლებები, როცა სხდომის ოქმები გაყალბდა და საბოლოოდ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. სააპელაციოში გასაჩივრების შემდეგ გამამართლეს, მაგრამ მესამე ინსტანციის, ანუ უზენაესმა სასამართლომ კვლავ გამამტყუნა და 1700 ლარის გადახდაც დამაკისრა. ყადაღა დაედო ჩემს საბანკო ანგარიშს და მასწავლებელთა კონკურსში გამარჯვებით მოპოვებული ფულადი ჯილდო დაყადაღებული ანგარიშის გამო დღემდე აუღებელი მაქვს“, - აცხადებს სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი ლაშა ციბაძე.  

„განათლების მინისტრის ინიციატივამ უსამართლოდ გათავსებული პედაგოგების რეაბილიტაციის თაობაზე ამ ადამიანებს იმედი გაუჩინა, რომ სამართალს იპოვიან. მინისტრი პედაგოგებს მიმართა: ვინც თვლის, რომ პოლიტიკური ნიშნითაა დევნილი, მიმართოს სასწავლო დაწესებულებებს განცხადებებით და დაიწყოს ზრუნვა, რომ დაბრუნდეს სამუშაო ადგილზე. მინისტრმა მიმართა, ასევე, სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, შეისწავლონ საკითხი და თუ მართლა არის პოლიტიკური ნიშნით დევნა, დააბრუნონ ასეთი პედაგოგები  სკოლებში. იყო კიდეც არაერთი პრეცენდენტი, რომ პედაგოგები დაბრუნდნენ სკოლებში. ამათაც გაუჩნდათ იმედი, განცხადებით მიმართეს დირექციას, მაგრამ რა დაბრუნებაზეა საუბარი, როცა აქეთ ედავებიან არა შტატების არარსებობის ან სხვა უფრო რეალური საკითხის გამო, არამედ შინაგანაწესის დარღვევას?!“ - ამბობს ნატო ქათამაძე.

პედაგოგებმა (რომლებიც თავს უდანაშაულოდ თვლიან და აცხადებენ, რომ  თავად სკოლის დირექტორი არღვევს კანონს, როცა ლახავს პედაგოგის, ხშირად მოსწავლეების უფლებებსაც) რესპუბლიკურ პარტიას თხოვნით მიმართეს, უშუამდგომლოს განათლების მინისტრთან, რათა შეისწავლონ მათი საკითხი და საბოლოოდ გაირკვეს სიმართლე.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით humanrights.ge  ფარცხანაყანების პირველი საჯარო სკოლის დირექტორს უშანგი ფხაკაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, „რადგან მინისტრის ინიციატივა იყო, პედაგოგებს დირექციებისთვის მიემართათ განცხადებით სკოლაში დაბრუნების თაობაზე, მათაც მოგვმართეს. ჩემი პასუხი იყო, რომ ისინი გათავისუფლებული არიან არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ სკოლის შინაგანაწესისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევისთვის“.

რა იგულისხმება სკოლის შინაგანაწესის, თუ შრომის კანონმდებლობის დარღვევაში, მართლა დამნაშავე არიან თუ არა პედაგოგები  და, საერთოდ,  რა ხდება სინამდვილეში ფარცხანაყანების პირველ საჯარო სკოლაში, ამას განათლების სამინისტროს შესაბამისი კომისია შეისწავლის. 

გიორგი მარგველაშვილის სახელზე რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უკვე გააგზავნა მის ხელთ არსებული ყველა მასალა, მათ შორის -დირექტორის მხრიდან მასწავლებელთა მიმართ განხორციელებული ზეწოლის ამსახველი ვიდეოკადრები.

ახალი ამბები