კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზების უფლება მიეცათ

18 დეკემბერი, 2012
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 12 დეკემბერს მოლდოვას მოქალაქის, მარიანა კიკუს სარჩელი დააკმაყოფილა. მოქალაქის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იყო მიმართული და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.

აღნიშნული ნორმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო საქართველოში შეკრებისა და მანიფესტაციის რწმუნებული ან ორგანიზატორი. 

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის სადავო ნორმა ნაწილობრივ იმეორებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარსს. მაშინ სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ - არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რითაც იკრძალებოდა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ზოგიერთ დაწესებულებასა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის - სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში. ასევე, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია კანონის ის ნორმა, რომლითაც მოქალაქეობის არმქონე პირს არ ჰქონდა უფლება, გაეწია აქციის ორგანიზება და ყოფილიყო პასუხისმგებელი პირი. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 1 ივლისს ცვლილებები და დამატებები შეიტანა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, პარლამენტმა ახალ კანონში ნაწილობრივ მაინც აღადგინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კვლავაც ეკრძალებოდათ შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზების უფლება.

ამიტომაც, მიმდინარე წლის 20 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კონსტიტუციური სარჩელი მოლდოვას მოქალაქის, მარიანა კიკუს სახელით შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. 

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით (N2/482,483,487,502 ), არაკონსტიტუციურად ცნობილი კანონით გათვალისწინებული აკრძალვა ყველა იმ პირის მიმართ იყო დადგენილი, რომლებსაც არა გააჩნდათ საქართველოს მოქალაქეობა. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა გამწესრიგებელი სხდომის განჩინებით დააკმაყოფილა. 

გია ქარცივაძე, საიას აჭარის ფილიალის იურისტი: „საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი არსებითი განხილვის გარეშე, რადგან ამ საკითხზე ერთხელ უკვე ნამსჯელი ჰქონდა. საქართველოს პარლამენტის ის ცვლილება, რითაც მან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალა შეკრებების ორგანიზება, დღეს უკვე დაშვებულია“.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის იანვრიდან ივლისამდე ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგს უწევდა საქართველოში შეკრების თავისუფლების პრაქტიკული განხორცილებას. მონიტორინგი ჩატარდა პროექტის - „საქართველოში უფლებადამცველების უნარების განვითარება შეკრების თავისუფლების მონიტორინგის შესახებ“ ფარგლებში. მონიტორინგის დასრულებისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს პარლამენტს რეკომენდაცია მისცა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკითხთან დაკავშირებითაც: „უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლების შეზღუდვა, იყვნენ შეკრების ორგანიზატორები, რომლის დროსაც მე-5 მუხლის შესაბამისად ხდება საზოგადოებრივი სავალი ნაწილის გადაკეტვა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც არაპროპორციული აკრძალვა. საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ორგანიზებული რამდენიმე შეკრება გაიმართა. აღნიშნული შეკრებები არ იყო ფართომასშტაბიანი, მაგრამ მსგავსი მოვლენები შესაძლოა, მომავალში გასცდეს მე-5 მუხლის საზღვრებს“.   

ახალი ამბები