კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამტრედიის პოლიციის უფროსი უკანონო დაკავების ბრალდებით დააკავეს

19 დეკემბერი, 2012
 
მარი ტაბიძე, სამტრედია

13 დეკემბერს სამტრედიის პოლიციის უფროსი ზვიად ობოლაძე სამართალდამცველებმა დააკავეს. მას  19 აგვისტოს  22 წლის სერგო კიღურაძის უკანონო დაკავებას ედავებიან. კიღურაძე მოძრაობა „შვიდი ნოემბრის“ წევრი იყო, ხოლო წინასაარჩევნოდ კოალიცია „ქართული ოცნების“  და კალაძის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო  ჩართული. 

სერგო კიღურაძე 2003-2008 წლების საქართველოს ჩემპიონია თავისუფალი სტილისა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. 

კიღურაძე სამტრედიაში ბიძის და ბიცოლას სახლში დააკავეს. პოლიციამ დაკავებისას ფიზიკური ძალა გამოიყენა, რასაც სერგო კიღურაძის ოჯახის წევრების ცემაც ახლდა თან. სამტრედიის პოლიციაში კიღურაძის მიყვანის შემდეგ, პოლიციის შენობასთან ახლობლებმა მისი დაკავება გააპროტესტეს, რა დროსაც მისი ბიძაშვილი თემურ კიღურაძეც დააკავეს.

წინააღმდეგობის გაწევის დროს ზვიად ობოლაძის ცეცხლსასროლი იარაღის ყუა სახის არეში მოხვდა კიღურაძის ბიცოლას, მაია ახობაძეს, რის გამოც იგი ქუთაისის სამხარეო კლინიკურ სავადმყოფოში გადაიყვანეს.  მას  ყბა-სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. 

ზვიად ობოლაძის დაკავების კიდევ ერთ-ერთ მიზეზად  კალაძესა და პოლიციის უფროსს შორის დაპირისპირებას ასახელებენ. ობოლაძე, რომელსაც ბრალი ძალადობის გამოყენებით თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 16 დეკემბერს გამართულ პროცესზე ბრალდების მხარე ობოლაძისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ზვიად ობოლაძემ უფლებამოსილებას იმ დროს გადააჭარბა, როდესაც  ის სერგო კოღურაძის აყვანას ცდილობდა და  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ქალბატონს ჯანმრთელობის კუთხით დაზიანება მიაყენა.

როგორც ბრალდების წარმომადგენელმა დავით ლეპერტმა განმარტა, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, შესაძლოა, ობოლაძეს ბრალი კვლავ დაუმძიმდეს. ამ ეტაპზე არსებული ბრალდება კი 5წლიდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად ბრალდებულის განცხადებით, მის საქმეზე დაკითხული პირები პოლიტიკურად  ანგაჟირებულები და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. სასამართლოზე მან განთავისუფლება ითხოვა, რადგან ხუთი მცირეწლოვანი შვილის გამო მისი მიმალვის საფრთხე გამორიცხული იყო.

ობოლაძის დაკავებას 14 დეკემბერს მხარის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და უმცირესობის დეპუტატი გიორგი თევდორაძე გამოეხმაურა. მათ ამ დაკავებას „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა უწოდეს, ხოლო ობოლაძე კალაძის პირად პატიმრად აღიარეს.

„ხელისუფლება ასეთი ფაქტებით შიშს ნერგავს საზოგადოებაში და ზეწოლის მიზნით, უდანაშაულო ადამიანებს აპატიმრებენ. მე ვშიშობ, რომ ეს ყველაფერი ამ ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან არ დაუბრუნდეს“, - განაცხადა გიორგი თევდორაძემ

„ზვიად ობოლაძე არ არის ის პიროვნება, რომელიც შეიძლება საზოგადოებისგან იზოლირებული იყოს და სასჯელაღსრულების დაწესებილებაში იმყოფებოდეს. ამიტომ, მოვითხოვთ პირად თავმდებობას ან გირაოს 3 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა  მას თავმდებად სასულიერო პირებიც უდგებიან, რაც სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს“, - განაცხადა ობოლაძის ადვოკატმა ელისო დათუსანმა.

სამტრედიის პოლიციის ყოფილ უფროსს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 10000-ლარიანი გირაო შეუფარდა.  ხოლო თანხის შეტანის ვადად 30 დღე განესაზღვრა. ობოლაძის საქმეზე კი სასამართლო მომავალი წლის 5 თებერვალს იმსჯელებს. 

ახალი ამბები