კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილი იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე ვეტოს დადებით იმუქრება

21 დეკემბერი, 2012

სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 დეკემბერს, რომ იგი ვეტოს დაადებს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მას დაამტკიცებს.

სააკაშვილის განცხადებას წინ უძღოდა პარლამენტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ხუთშაბათს საღამოს.

„თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ვეტოს უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს იმიტომ, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს რეალობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებასაც ითვალისწინებს, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემას კურირებს და მოსამართლეების დანიშვნის და გათავისუფლების, ასევე მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინალური სამართალწარმოების უფლებამოსილება გააჩნია.

შემოთავაზებული პროექტის თანახმად, საბჭო ნაკლებად იქნება დამოკიდებული პარლამენტზე და სრულიად დამოუკიდებელი პრეზიდენტისგან; გარდა ამისა, ინიციატივა ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალაუფლების შემცირებას საბჭოს წევრებად მოსამართლეების არჩევის პროცესში. ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილია, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის პავლე კუბლაშვილის ძმა.

„კანონპროექტის თანახმად ... იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ უკვე ფორმალურადაც“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ არსებობს საფრთხე, რომ სასამართლო სისტემამ საქართველოში შესაძლოა მთლიანად დაკარგოს დამოუკიდებლობა.

შეუძლია თუ არა „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევა?

დეპუტატების სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედის ხმებია საჭირო პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.

ამჟამად პარლამენტში 147 დეპუტატია – სამი ადგილი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ სამი მაჟორიტარი დეპუტატი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ სულ ცოტა 89 დეპუტატის ხმა დასჭირდება პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.

„ქართულ ოცნებას“ ამჟამად 83 დეპუტატი ჰყავს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტში ასევე არის  ექვსკაციანი ფრაქცია, რომლის შემადგენლობაში ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული დეპუტატები შედიან.

თუ „ქართული ოცნება“ ამ ფრაქციის მხარდაჭერას მოიპოვებს, რაც დიდი შანსია რომ ასეც მოხდეს გამომდინარე მისი წევრების მიერ უმრავლესობის გადაწყვეტილებების მხარდაჭერის ფაქტებიდან, მას ექნება 89 ხმა პრეზიდენტის შესაძლო ვეტოს დასაძლევად.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემოთავაზებული რეფორმა 

20 დეკემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად „ბევრი ხარვეზისა“ და „დამოუკიდებლობის ხარისხის პრობლემისა“, მისი ხელმძღვანელობის დროს საქართველოში შეიქმნა „ინსტიტუციური გარანტიები“ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.    


მისი თქმით, დღეს ახალი მთავრობა სასამართლო სისტემას ართმევს „დამოუკიდებლობის ამ ყველა ფორმალურ ატრიბუტს“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება თავმჯდომარის ჩათვლით. ეს უკანასკნელი პოსტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს მისი თანამდებობიდან გამომდინარე უკავია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ოთხწლიანი ვადით აირჩევიან. თუმცა, ეს არ ეხება ექს–ოფიციო წევრებს.

არსებული წესით, საბჭოს ორ წევრს პრეზიდენტი სააკაშვილი ნიშნავს.

საბჭოს ოთხი წევრი დეპუტატია; ოპოზიციის კვოტით საბჭოში ახალმა პარლამენტმა აირჩია დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან პაატა ლეჟავა; უმრავლესობისთვის განკუთვნილ ორ ვაკანტურ ადგილზე არჩეული იქნენ დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ შალვა შავგულიძე და ზაქარია ქუცნაშვილი; ხოლო ერთი ადგილი თანამდებობრივად ავტომატურად ეკუთვნის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს - ამჟამად ეს არის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ ხმალაძე, ხოლო წინა პარლამენტში ეს პოსტი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს პავლე კუბლაშვილს ეკავა.

დანარჩენ რვა ადგილს საბჭოში ის მოსამართლეები იკავებენ, რომლებსაც ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია  - მოსამართლეებისგან შემდგარი თვითმმართველი ორგანო, რომელიც სულ ცოტა წელიწადში ერთხელ იკრიბება.

მოსამართლეთა კონფერენციაზე მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს უფლება წარადგინოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებად.

შემოთავაზებული კანონპროექტი საბჭოს დაკომპლექტების ამ წესის შეცვლას ითვალისწინებს.
 
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დეპუტატები და პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრები აღარ შევლენ, თუმცა საბჭოს ისევ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

საბჭოს 6 წევრს - იმ ადგილებზე, რომლებიც პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ორ წევრს და ოთხ დეპუტატს უკავიათ - ინიციატივის თანახმად, პარლამენტი აირჩევს, თუმცა არც ერთი მათგანი დეპუტატი არ უნდა იყოს.

კანონპროექტის თანახმად, ეს ექვსი წევრი იურისტთა აკადემიური წრეების, იურიდიული პროფილის მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციების და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, რომლებსაც ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელობის რეკომენდაციის საფუძველზე  პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებს. პარლამენტის მიერ არჩეული წევრები შეიძლება გახდნენ საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ასაკიდან.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 8 ადგილს კვლავ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული  მოსამართლეები დაიკავებენ. თუმცა, კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის კანდიდატების დასახელების ექსკლუზიური უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. თითოეულ მოსამართლეს ექნება უფლება დაასახელოს კანდიდატი, პროექტის თანახმად. ის ასევე ითვალისწინებს ფარული კენჭისყრით მოსამართლეთა არჩევას, რაც ამჟამად ღია წესით ხდება.

უთანხმოებები

კანონპროექტში რამდენიმე საკითხია, რაც უთანხმოებას იწვევს.

შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლოების თავმჯდომარეეების (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა) და მათი მოადგილეების, ასევე პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩევის აკრძალვას; აკრძალვა ვრცელდება მათზეც, ვინც ამ  თანამდებობებზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს დებულება საჭიროა იმისთვის, რომ იმ მოსამართლეებს, რომელთაც უკვე უკავიათ სხვადასხვა პოსტები სასამართლო სისტემაში, არ მიეცეთ დამატებითი უფლებამოსილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის შედეგად.

კანონპროექტის ამ დებულებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ეწინააღმდეგება, რომელიც აცხადებს, რომ ამგვარი დათქმა „დისკრიმინაციულია“ იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომელთაც არ მიეცემათ საშუალება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად იქნან არჩეული.

ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც მიესალმნენ შემოთავაზებულ პაკეტს, როგორც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს, აცხადებენ, რომ სულ ცოტა პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეებს მაინც უნდა მიეცეთ უფლება საბჭოს წევრებად იქნან არჩეული.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით უთანხმოებას იწვევს, საბჭოს ამჟამინდელი წევრების უფლებამოსილების შეჩერების საკითხია.

კანონპროექტის თანახმად, საბჭოს ამჟამინდელ წევრებს უფლებამოსილების ვადა ახალი წესებით მათი შემცვლელების არჩევისთანავე შეუჩერდებათ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც აცხადებს, რომ კანონპროექტი საერთო ჯამში დადებითი ინიციატივაა, ამ კონკრეტული დებულებას მიუღებელს უწოდებს, ვინაიდან ამჟამინდელი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეჩერება  არ შეუწყობს ხელს ინსტიტუციონალურ უწყვეტობას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შესთავაზა კანონპროექტის ავტორებს, რომ საბჭოს მხოლოდ იმ წევრებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება, რომლებიც პრეზიდენტმა და პარლამენტმა დანიშნა, ხოლო ის მოსამართლეები, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია, საბჭოს წევრებად დატოვონ.

შემოთავაზებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას წარედგინა განსახილველად.

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან, რომელთაც კანონპროექტის განხილვაში არ მიიღეს მონაწილეობა, რადგანაც მათ დროებით შეჩერებული აქვთ საპარლამენტო საქმიანობა, მანამდე მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“ არ განეხილათ შემოთავაზებული კანონპროექტი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისთვის დაეცადათ. ამის მოტივად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მოწოდებებიც მოიყვანეს, რომლებიც ურჩევდნენ პარლამენტს ვენეციის კომისიის დასკვნებს დალოდებოდნენ.

20 დეკემბრის საპარლამენტო მოსმენაზე ამ საკითხზე საუბრისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიღება 2013 წლის მარტამდე არ არის მოსალოდნელი. მისი თქმით, შემოთავაზებული რეფორმა სწრაფ განხორციელებას საჭიროებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიას რაიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ჰქონდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე შენიშვნები იქნა, შესაძლებელი იქნება კანონის გადახედვა. 

ორიგინალი

ახალი ამბები