კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამნისტიის შედეგად სამი ათასი პატიმარი გათავისუფლდება

24 დეკემბერი, 2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

80 ხმა არც ერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა, ამ მაჩვენებლით, 21 დეკემბერს, ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო. ამნისტიის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 ათასი პატიმარი გათავისუფლდება, 1500-ს კი სასჯელი გაუნახევრდება. ვისაც გათავისუფლება ან დარჩენილი ვადის განახევრება არ შეეხება, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, არ დარჩება არც ერთი პატიმარი, რომელსაც ამნისტია რაღაც ფორმით მაინც არ შეეხება.

„ჩვენ ვართ და ვიქნებით ამაყი, რომ საბოლოოდ  ამ გადაწყვეტილებამდე  მივედით. მართალია, ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას დებატები და მწვავე შეფასებებიც ახლდა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საზოგადოების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ პასუხისმგებლობას ახალი ხელისუფლება იღებს. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ეგრძნო ამნისტიის, როგორც ჰუმანური აქტის სიკეთე. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დაგვვიწყებია  საზოგადოების ინტერესები, უსაფრთხოების კუთხით“, - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია.

არსებული მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ფონზე წინგადადგმული  ნაბიჯი - ასე შეაფასეს ამნისტიის კანონპროექტი მისმა ავტორებმა. მათივე თქმით, კანონპროექტის შემუშავება, პირველ რიგში, გადატვირთულმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებმა და იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ პატიმრების უმრავლესობა სასჯელს უსამართლოდ იხდის.

ამნისტიის შედეგად, კანონის ამოქმედებიდან ერთ კვირაში საპატიმროებს დატოვებენ ის პირებიც, რომლებიც პარლამენტმა პოლიტპატიმრად სცნო. მათ გარდა, სასჯელისგან გათავისუფლდებიან პრობაციონერები და მსუბუქი და  გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები. იმ არასრულწლოვნებს,  ქალებს და პირველად ნასამართლევ პირებს კი, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებულნი, სასჯელი გაუნახევრდებათ.

კანონპროექტთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში, ისევე როგორც  მის ფარგლებს გარეთ, იმთავითვე გაჩნდა. პარლამენტის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბური ამნისტიის ფონზე, ხელისუფლებას კრიმინოგენური სიტუაციის მართვის კუთხით, პრობლემები გაუჩნდება. გაჩნდა მოსაზრებებიც, რომ ამნისტიის აქტი ნაჩქარევად, არასაკმარისი განხილვებისა და რეკომენდაციების ფონზე იქნა მიღებული.

„მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე ამ კანონის მიღებას, თუმცა, რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი შეხედულებები მაქვს. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა წარმოჩენილიყო იმ პირთა ინტერესები, რომლებიც სიფრთხილით უყურებდნენ კანონპროექტს, იგივე კრიმინოგენური თვალსაზრისით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა დავითაშვილმა.

კანონპროექტს უნდობლობა იმთავითვე გამოუცხადა უმცირესობამ, რომელმაც  კანონის მიღებაში მონაწილეობა იმიტომ ვერ მიიღო, რომ ქუთაისში მომხდარი ინციდენტის გამო საპარლამენტო  საქმიანობაზე უარი თქვა და მუშაობის დახურულ რეჟიმზე გადავიდა, პასუხისმგებლობა კი მთლიანად ხელისუფლებას დააკისრა.

ხელისუფლება, თავის მხრივ, მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს. შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრო, რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად,  ყველაფერს გააკეთებს. „მინდა დავამშვიდო ყველა და ვთქვა, რომ ეჭვი  კრიმინოგენური სიტუაციის დამძიმების შესახებ, აბსურდულია. აბსურდია ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბოლო დროს, ქვეყანაში დანაშაულის რიცხვი გაიზარდა.  შინაგან საქმეთა სამინისტრო იზრუნებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონი სრულყოფილად შესრულდეს“, - განაცხადა  ღარიბაშვილმა.

პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონი მხოლოდ მათ არ შეეხებათ, ვისაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. თუმცა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში აცხადებენ, რომ სამომავლოდ, მუშაობას ამ კუთხითაც აპირებენ.

ოფიციალური მონაცემებით, დღესდღეობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში,  ქვეყნის მასშტაბით,  21 ათას სამასამდე პატიმარია.

ახალი ამბები